ლიბიაში მომხდარ კატასტროფას ადგილობრივები სამყაროს აღსასრულს ადარებენ. საპორტო ქალაქ დერნაში სტიქიის გამო დანგრეული კაშხლებიდან მოვარდნილმა წყალმა ბოლო მონაცემებით 5 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ათი ათასი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. დაღუპულებს პოულობენ ნანგრევებში თუ პირდაპირ გზებზე, ათობით ცხედარი გამორიყა ზღვამაც. სულ მცირე 34 ათასი პირი იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი.
ქალაქი დერნა, 12 სექტემბერი, 2023. Jamal Alkomaty/Copyright AP
საერთაშორისო მედიები იტყობინებიან, რომ მაშველები ვერ აღწევენ დაზარალებულ რაიონებამდე, რადგან გზები დატბორილია. ბევრი ადგილობრივი იძულებულია თავად ამოიყვანოს ცხედრები წყალსა და ტალახიდან.
დაღუპულების დიდი რაოდენობის გამო ათასობით ცხედარი მასობრივ სამარხებში დამარხეს.
„ეს კატასტროფაა ჩემი და, მისი შვილები და შვილიშვილები სულ 11 ადამიანი დავკარგე. კატასტროფაა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ჩემი დისშვილები, ჩემი ხალხი, ჩემი ოჯახი აღარ არის“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ლიბიაში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა რომის პაპი ფრანცისკე: „ლიბიის მოსახლეობა ძალიან დაზარალდა ძლიერი წვიმების გამო, რამაც გამოიწვია წყალდიდობა და დაიღუპა უამრავი ადამიანი. მე მოგიწოდებთ შემომიერთდეთ და ერთად ვილოცოთ ყველა დაღუპულის მოსახსენიებლად და მათთვის, ვინც საკუთარი სახლი დაკარგა. მოდით გამოვიჩინოთ სოლიდარობა ჩვენი ძმებისა და დების მიმართ, რომლებიც ასეთი განსაცდელის წინაშე არიან ახლა“.
კატასტროფის შედეგად 7 ათასამდე ადამიანი დაშავდა, რომლებსაც საველე ჰოსპიტლებში მკურნალობენ. დაშავებულებისა და დაზარალებულების დახმარებას არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ცდილობს.
აღმოსავლეთ ლიბიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ტრაგედიის მასშტაბები იმდენად დიდია, რომ სცილდება ხელისუფლების შესაძლებლობებს და კატასტროფით გამოწვეულ მასშტაბებს ვერ უმკლავდებიან.
ლიბიაში წვიმის სეზონზე წყალდიდობები ხშირია, თუმცა არასდროს გამოუწვევია მსგავსი მასშტაბის კატასტროფა. ყველა მხარე თანხმდება, რომ კატასტროფის მასშტაბები გამოწვეულია კაშხლების ნგრევით. მთავარი კითხვა ახლა ის არის, რამ გამოიწვია ამ კაშხლების ნგრევა, გულგრილმა დამოკიდებულებამ და კაშხლების არასათანადოდ მოვლამ თუ ძლიერმა წვიმამ?!