მას შემდეგ, რაც უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსული დრონი ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდა, რუმინეთმაც საბოლოოდ აღიარა, რომ სავარაუდოდ, დრონის ნამსხვრევები იპოვა თავის ტერიტორიაზე. რუმინეთის ოფიციალური პირები აქამდე უარყოფდნენ ინფორმაციას რუმინეთის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნის შესახებ.
ისინი აცხადებდნენ, რომ მათთვის რუსეთის თავდასხმები მეზობელ უკრაინაზე არ წარმოადგენს საფრთხეს. რუმინეთის თავდაცვის მინისტრი ანგელ ტილვერი შემთხვევის ადგილას ჩავიდა და განაცხადა, რომ უნდა ჩატარდეს გამოძიება, რადგან დუნაის არეალში დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. მდინარის ნაპირი ომში ჩართულ უკრაინასთან ბუნებრივ საზღცარს ქმნის.
,,გამოძიების მიზანია, ზუსტად განვსაზღვროთ დრონის სახეობა და წარმომავლობა. ასევე უნდა დადგინდეს ჩამოვარდნის ზუსტი მომენტი. ეს არ არის ერთი მთლიანი აპარატი, საუბარია მხოლოდ მის ნაწილებზე, სავარაუდოდ, ეს დრონის ნამსხვრევებია”, – განაცხადა რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ანგელ ტილვერმა.
რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა, რომელიც ბუქარესტში სამი ზღვის ინიციატივის სამიტს ესწრება, დრონის ნამსხვრევების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,თუკი დადასტურდა, რომ ეს ნაწილები რუსების დრონს ეკუთვნის, ეს ყოვლად მიუღებელი იქნება და შეფასდება, როგორც რუმინეთისა და ნატოს მოკავშირის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევა”, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა. ამავდროულად, რუმინელი ჯარისკაცები მზად არიან, უკრაინის კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში შესაბამისად იმოქმედონ.