მთავარიგადაცემებიThe Road To Greenსასმელი წყალი ყველასთვის - ევროპა სასმელი წყლის დეფიციტის წინაშე დგას

სასმელი წყალი ყველასთვის – ევროპა სასმელი წყლის დეფიციტის წინაშე დგას

დედამიწაზე სიცოცხლეს წყალი განაპირობებს, არადა, ეს რესურსი საფრთხის ქვეშ დგას. გლობალური მოთხოვნის მკვეთრი ზრდისა და კლიმატის ცვლილების გამო წყალი სულ უფრო ძვირფასი რესურსი ხდება.  ეს ევროპასაც ეხება. წყალდიდობები და გვალვები სულ უფრო მძიმე ხასიათს იღებს და მილიონობით ადამიანის ცხოვრებას ცვლის.

ბოდენის ტბა – წყლის რეზერვუარის დასუფთავება

გერმანიაში ბოდენის ტბაზე პროგრესი წყლის ხარისხის გაუარესების ხარჯზე არ ხდება. მარტივი წესებია: რაც უფრო ნაკლებად არის წყალი დაბინძურებული, მით უფრო ნაკლებად სჭირდება გაწმენდა. ეს სამაგალითოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალი ევროპული დირექტივა სასმელ წყალზე მიზნად ისახავს, ხარისხიანი წყალი ყველას გარანტირებულად ჰქონდეს.

ქალაქი ფრიდრიხსჰაფენი ის ადგილია, სადაც ცეპელინი გამოიგონეს…რამდენიმე მათგანს ახლაც შენიშნავთ ცაში ბოდენის ტბის სანაპიროზე. ეს ტბა სასმელი წყლის ყველაზე დიდი რეზერვუარია ევროპაში, მილიონობით ადამიანი სვამს აქედან წყალს და ის ქალაქის სიამაყეა.

ეს რეგიონი დამაბინძურებელი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზეც დგანან.

“ჩვენ სულ უფრო მეტ ქიმიკატს ვიყენებთ სახლში საყოფაცხოვრებო პროდუქტების სახით,“ – ამბობს მარი ლონი, მიკრო-დამაბინძურებელი აგენტების კომპეტენციის ცენტრის ხელმძღვანელი ბადენ-ვიურტემბერგში. „ვიყენებთ მეტ მედიკამენტსა და პესტიციდს. ეს ნივთიერებები კი ადვილად არ იხრწნება ბუნებაში, როდესაც იქ ხვდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი მოცილება, რათა წყლის ხარისხი შევინარჩუნოთ.“

მარი ლონი იმ განყოფილებას უძღვება, რომელიც მიკროსკოპულ დამაბინძურებელ აგენტებს ებრძვის. ისინი მავნეა თევზებისთვის, ეკოსისტემისა და შესაბამისად, ადამიანისთვისაც. გამოსავალი ნაწილობრივ აქ გამოყენებული წყლის გადამამუშავებელ საწარმოშია, რომელიც ჩვენს მიერ გამოყენებულ წყალს ბუნებაში გასვლამდე ასუფთავებს.

“რასაკვირველია, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სასმელი წყლის რეზერვუარზე რამდენადაც შესაძლებელია, რადგან მრავალი ადამიანია მასზე დამოკიდებული და სწორედ ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რაც შეგვიძლია, რათა გამოყენებული წყალი გადავამუშაოთ,“ – ამბობს ჰეიკო კიბლერი, ერისკირხის გამოყენებული წყლის გადამამუშავებელი საწარმოს მენეჯერი.

ბადენ-ვიურტემბერგის ხელისუფლებამ ეს მისია პრიორიტეტად აქცია. რამდენიმე სადგური ოზონით დამუშავების  დამატებითი მოწყობილობით აღჭურვეს.

“ოზონის საშუალებით ქიმიურ პროცესს ვიღებთ, რომელიც ამ დამაბინძურებელ ნივთიერებებს შლის, რის შედეგადაც ეს საწარმო ამ პატარა მოლეკულებისგან გაწმენდას შეძლებს,“ – განმარტავს მარი ლონი.

ეს ტექნოლოგია ევროპაში ყველგან უნდა დაინერგოს, რადგან ნარჩენი წყლის  მართვასთან დაკავშირებით ევროპული რეგულაციები იცვლება. ფართოვდება იმ დამაბინძურებელი ნივთიერებების სია, რომლებისგანაც წყალი უნდა გაიწმინდოს და მასში ახალი ქიმიკატები შევა.

“არსებობენ ისეთი საწარმოებიც, რომლებსაც დიდი სადგურების და მთელი რეგიონების მიკრო-დამაბინძურებელი ნივთიერებისგან გაწმენდაც შეუძლიათ ევროკავშირის დონეზე,“ – ამბობს მარი ლონი. „ გეგმაშია ისიც, რომ ფარმაცევტული და კოსმეტიკური ინდუსტრიები დააფინანსებენ ასეთ საწარმოებს ბუნების დაცვის მიზნით“.

გასულ ზამთარს ალპებში ბევრად ნაკლები თოვლი მოვიდა. ეს ნიშნავს, რომ დაიკლებს იმ მდინარეების წყალუხვობაც, რომლებიც ტბაში ჩაედინებიან. თუმცა, ეს არაფერია სამხრეთ ევროპის მდგომარეობასთან შედარებით. აქ, ესპანეთში ყველაზე მეტად წყლის რეზერვების დონე ადარდებთ.

წყლის გამტკნარება ესპანეთში

ესპანეთში წყლის მარაგების მოცულობა ყველას აღელვებს. ვალენსიის რეგიონი ერთ-ერთია ევროპაში იმ რეგიონებიდან, რომლებშიც ხშირადაა გვალვა. მასთან გამკლავებას ინოვაციური გზებით ცდილობენ.

აქ გამოუვალი მდგომარეობის გამო იძულებული გახდნენ სასმელი წყალი ზღვის წყლისგან მიეღოთ. წყლის გამტკნარების საწარმოები ესპანეთში მოხმარებული სასმელი წყლის დაახლოებით  9 პროცენტს აწარმოებენ. ეს ძვირადღირებული ტექნოლოგიაა, რომელიც ბევრ  ელექტროენერგიას მოიხმარს, მაგრამ ის აუცილებელია.

“ეს წყლის გამტკნარების საწარმო საშუალებას გვაძლევს, რომ მდინარე ხუკარის წყალი იმ მოსახლეობას მივაწოდოთ, რომელსაც  წყლის რესურსი არა აქვს,“ – ამბობს  ხოსე-ლუის ზაპლანა, საწარმო CADAGUA-ის მენეჯერი. „შეიძლება ფიქრობთ, რომ ზღვის წყლის გამტკნარება ძვირია, მაგრამ ეს უკეთესია, ვიდრე წყლის უქონლობა“.

“ეს ძალიან ეხმარება ეკონომიკის მამოძრავებელ ტურიზმს, სოფლის მეურნეობას, ამ შემთხვევაში მრეწველობას…ამის წყალობით ბევრს აღარ ფიქრობთ იმაზე, იწვიმებს თუ არა,“ – ამბობს მარიოლა დურა,  საწარმო AQUAMED-ის საოპერაციო ხელმძღვანელი.

წყლის მეორეული მოხმარება

ესპანეთი ევროპაში ლიდერია ერთხელ გამოყენებული წყლის მეორეული მოხმარების კუთხითაც. განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, რომელსაც ძალიან დიდი რაოდენობით სჭირდება წყალი.

ჰორტაში, რომელიც ვალენსიის ცენტრთან ახლოს მდებარე ფართო სასოფლო-სამეურნეო ადგილია,  აქაური მოსახლეობისთვის ახალ პროდუქტს აწარმოებენ.

ვალენსიის ავტონომიურ გაერთიანებაში გამოყენებული წყლის ნახევარზე მეტს ამუშავებენ. რომ გაგვეგო, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა, ჩვენ წყლის გადამამუშავებელ საწარმოში დავბრუნდით. აქ  სუფთა წყალი ულტრაიისფერი სხივებით მუშავდება და შემდეგ ფერმერებს მიეწოდება.

“ეს წყლის გადამამუშავებელი პროცედურაა, რომლითაც მეორეული მოხმარების წყალს ვამუშავებთ და ვაპირებთ ის უფრო მაღალი ხარისხის იყოს,“ – განმარტავს დანიელ გომესი, CARRAIXET-ის წყლის გადამამუშავებელი საწარმოს  მენეჯერი.

“ფერმერები პირველები ითხოვდნენ ამ წყალს. აქ მათ აქვთ გარანტია, რომ ყოველთვის მიიღებენ წყალს, რომ ამ წყალს ყოველთვის კარგი ხარისხი ექნება“.

ევროპაში ძალიან დიდი ხელუხლები პოტენციალია. ახალი ევროპული რეგულაციები, რომლებიც მალე ამოქმედდება, დაარეგულირებს და წაახალისებს წყლის გადამამუშავებელ საწარმოებს.

ხუან-ანხელ კონკა, EPSAR-ის (ვალენსიის  წყლის გადამამუშავებელი სახელმწიფო საწარმოს)  გენერალური მენეჯერი:

“მსოფლიოში არის ისეთი ადგილებიც, სადაც მეორეული გადამუშავების წყალს სასმელადაც იყენებენ! ეს კი, რომელიც ქარხანას ჰგავს, არის რესურსის საწარმო. ეს არის სუფთა წყლის რესურსი სოფლის მეურნეობისთვის, გარემოსთვის, მაგრამ ასევე, არის იმ ტალახის რესურსი, რომელსაც სოფლის მეურნეობაში სასუქად იყენებენ. და ბოლოს, ეს არის ელექტროენერგიის წყაროც, რადგან ბიოგაზს, მეთანს ვაწარმოებთ, რომელსაც შემდეგ ამ საწარმოში ვიყენებთ.“

გადამუშავებული წყალი ტრადიციულ სარწყავ არხებში მოხვედრამდე  მდინარის წყალს ერევა.

“ადრე გადამამუშავებელი საწარმო არ არსებობდა და თავი იმით გაგვქონდა რაც იყო,“ – გვიხსნის ენრიკე აგილარი, ფერმერი. „მაგრამ რაკი ახლა არსებობს გადამუშავებული წყალი, სირცხვილი იქნება, თუ არ გამოვიყენებთ. იმიტომ, რომ ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, სადაც წყლის დეფიციტია. უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენ ზღვის დონეზე ვიმყოფებით, ამიტომ თუკი ნიადაგს ასეთი წყლით არ მოვრწყავთ, ის მარილიანი იქნება. შესაბამისად, ეს ნაყოფიერი ბოსტანი რამდენიმე წელიწადში უდაბნოდ გადაიქცევა.“

ამ წყალს სხვადასხვა ხეხილისა და ბოსტნეულის მოსარწყავად იყენებენ, ასევე, დიდი რაოდენობით მიწის ნუშის –  „ჩუფას“ მოსაყვანად. ეს ვალენსიური მცენარის ბოლქვი   ადგილობრივი სასმლის ჰორჩატას (ნუშის არომატიზირებული გამაგრილებელი სასმელი)  მოსამზადებლად მთავარი ინგრედიენტია.

„თავდაპირველად ფერმერები წინააღმდეგი იყვნენ,“ -ამბობს აგილარი. „არ იცოდნენ, რამდენად ივარგებდა ეს წყალი,  მაგრამ აგერ უკვე 25 წელია ვიყენებთ ამ წყალს და დასკვნა ნამდვილად დადებითია. წყალი წყალია. მას ყველა საჭირო მახასიათებელი აქვს. უკვე მრავალი წელია გადამუშავებული წყლით ვრწყავთ “ჩუფას” და არავის არაფერი შეუმჩნევია!“

მეც ვადასტურებ, რომ ჰოჩატა უბრალოდ საუკეთესოა. მომავალ შეხვედრამდე!

 

 

ავტორი: სირილ ფურნერისი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend