გასულ ღამეს რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა. თავდასხმა იყო ბრიანსკის, კალუგის, ორიოლის, რიაზანისა და მოსკოვის ოლქებზე და ქალაქ ფსკოვის სამხედრო აეროდრომზე, სადაც დისლოცირებულია რუსეთის 334-ე საავიაციო პოლკი. დაზიანებულია ილ-76 ტიპის 4 თვითმფრინავი.
აფეთქების შედეგად 2 საჰაერო ხომალდს ხანძარი გაუჩნდა. დრონებით თავდასხმის გამო დროებით დაიხურა ქალაქ ფსკოვისა და ფსკოვის ოლქის საჰაერო სივრცე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში 3 დრონი ჩამოაგდეს ბრიანსკის, 1 – ორიოლის, 2 – რიაზანის, 1 – კალუგის და 1 – მოსკოვის ოლქებში.
თავად რუსულმა საოკუპაციო ძალებმა კი მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ტერიტორიაზე. ფრთოსანი რაკეტების გარდა გამოყენებული იყო ირანული წარმოების დრონები. კიევის ოლქში დრონების და რაკეტების ნამსხვრევებმა 6 კერძო სახლი დააზიანა. დაშავდა 3 ადამიანი.
რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გვიან ღამით გამოცხადებული განგაში დილის 6 საათამდე გაგრძელდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით რუსეთმა უკრაინას 28 რაკეტითა და 16 დრონით შეუტია, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ კიევის, ჩერკასის, ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში წარმატებით მოიგერია ოკუპანტების საჰაერო იერიში.
უკრაინული არმია კი ფრონტის სამხრეთ მიმართულებაზე შეტევით ოპერაციებს აგრძელებს. რუსი ოკუპანტების საწინააღმდეგო სამხედრო მოქმედებებია ბახმუტის ფლანგზეც. როგორც უკრაინის თავდაცვის უწყება აცხადებს. სამხრეთის ფრონტზე ნოვოდანილივკისა და ვერბოვეს მიმართულებით თავდაცვის ძალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს.