უკრაინის ფრონტზე, სამხრეთით, მელიტოპოლის მიმართულება კვლავ ყველაზე აქტიური იყო. უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებულ რობოტინოს აღმოსავლეთით მდებარე დასახლება ვერბოვეს შეუტიეს. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, სამხრეთ ფლანგზე რუსმა ოკუპანტებმა კვლავ უკან დაიხიეს.
ფრონტის ამ მიმართულებას სამხედრო ექსპერტთა შეფასებით, დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან წარმატების შემთხვევაში უკრაინული არმია აზოვის ზღვამდე გადის, რაც დროებით ოკუპირებული ყირიმს იზოლაციაში მოაქცევს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერის ანდრიი კოვალოვის თქმით, გასულ დღეს მოწინააღმდეგემ 8 სარაკეტო, 47 საავიაციო და 39 საარტილერიო იერიში მიიტანა უკრაინის დასახლებულ პუნქტებსა და სამხედროების პოზიციებზე.
უკრაინული მხარე ასევე აცხადებს, რომ საარტილერიო ქვედანაყოფები საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობენ. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ერთ-ერთ უკრაინულ ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ახლა უკრაინა უფრო მეტ შეიარაღებას აწარმოებს ვიდრე ოდესმე. ეს შეეხება როგორც საარტილერიო საშუალებებს ისე სხვა ტიპის შეიარაღებას.
რუსები კი კვლავ უკრაინის ფრონტის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილს უტევენ. როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანა მალიარი საკუთარ ტელეგრამარხზე წერს, აქ კუპიანსკთან მოწინააღმდეგე დანაღმულ ველებს აწყობს და ცდილობს მონახოს უკრაინის შეიარაღებული ძალების სუსტი ადგილები. ლიმანის მიმართულებით კი რუსები სამხედრო ძალების გადაჯგუფებას ახდენენ.