ქალაქი, რომელშიც ევროპაში ებრაული თემის ტრაგედიის ერთ-ერთი სიმბოლო, ანა ფრანკი ცხოვრობდა და სიცოცხლის მიწურულს ნაცისტების საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკეს ემალებოდა, უკრაინისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს.
ამსტერდამში უკრაინელი ბავშვების მიერ ომის დროს შექმნილი ნახატები და დღიურები გამოიფინა.
„შემზარავია ის ფაქტი, რომ მეორე მსოფლიო ომიდან თითქმის 80 წელია გასული და ამ ყველაფრის შემდეგ, ბავშვებს მშვიდობიან, ევროპულ მომავალს ვერ ვპირდებით. ანა ფრანკის ისტორია მეორდება – დღესაც ომის დღიურებს წერენ ბავშვები. ვიმედოვნებთ, რომ ისინი ფრანკის ბედს არ გაიზიარებენ. ეს გამოფენა რუსეთს ვერ შეაჩერებს, მაგრამ თუ ათასობით მსგავსი ღონისძიება ჩატარდება და ყველა შეიტყობს თუ როგორ ეპყრობა რუსეთი ბავშვებს, შესაძლოა გავაძლიეროთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, შევუზღუდოთ იარაღზე წვდომა. ეს მცირე პროექტი ამ დიდი მიზნის ნაწილია“, – აცხადებს გამოფენის კურატორი, კატია ტეილორი
გამოფენის ცენტრალური ექსპოზიცია, ომის დღიურები, ანა ფრანკის მიერ შექმნილი დღიურის სხვადასხვა მონაკვეთებსაც მოიცავს. მსგავსება ანა ფრანკისა და უკრაინელი ბავშვების მიერ ფურცელზე გადატანილ დარდს შორის აშკარაა. ექსპონატებს შორის არის მიკოლა კოსტენკოს ნამუშევრებიც, რომელმაც მარიუპოლის ალყაში 21 დღე და ღამე გაატარა. იგი ოჯახთან ერთად რუსულ ჭურვებს ემალებოდა.
მარიუპოლზე მიტანილი იერიში ვლადიმერ პუტინის ომის სიმბოლოა. ქალაქი, რომელშიც 400 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა რუსული ინტერვენციის დაწყებამდე, კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახლდათ.
15 წლის მიკოლას ნამუშევრები თითქმის დახეულ ფურცლებზეა შესრულებული, რადგან მას თან მეტი არაფერი ჰქონდა.
,,ამ ნახატებში მთელი სული და გული ჩავდე. ამ გზით გადმოვეცი ყველაფერი ის რაც მარიუპოლში გამოვიარე. ეს ჩემი გამოცდილებაა“, – ამბობს მიკოლა კოსტენკო.
უკრაინელი ბავშვების მძიმე ყოფა მთელი მსოფლიოს თანაგრძნობას იწვევს. უკრაინის პროკურატურისა და ომის დანაშაულებითა შემსწავლელი კომიტეტის წარმომადგენელთა ინფორმაციით, რუსულ ინტერვენციას 500-მდე უკრაინელი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელთა მიერ შემუშავებული სტატისტიკის თანახმად, კი უკრაინიდან მილიონზე მეტი არასრულწლოვანი დევნილია.