“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა. ირაკლი კობახიძის თქმით, გავრცელებული ისტორია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა სტიქიას წარმოუდგენელი ტყუილია. ასევე მისი თქმით, გადასამოწმებელია ინფორმაცია იმ ფოტოს შესახებ, რომელზეც ნაჩვენებია დაახლოებით ის გზა, რომელიც სტიქიას გადარჩენილმა დავით ჯელაძემ 6 წლის დისშვილთან ერთად გაიარა.
“იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც წარმოუდგენელი ტყუილია. უბრალოდ შეუძლებელია, ასე განვითარებულიყო იქ პროცესები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სტიქია იყო მყისიერი და, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი. ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, ამაზე მაქვს საუბარი. კიდეებში იყო ასევე სივრცე, სადაც ღვარცოფის ნარჩენი მასა იყო გადასული. იქ იყო 20 სანტიმეტრი სიმაღლის მიწა, ზოგან იყო 1 მეტრი და ა.შ რაც შეეხება თვითონ ღვარცოფული მასის თემას. რამდენი ხანი შეიძლება გაძლოს ადამიანმა ღვარცოფული მასის ქვეშ. აქ საუბარია წუთებზე”, – განაცხადა კობახიძემ 14 აგვისტოს „ქართული ოცნების” ოფისში ბრიფინგის დროს.
ამ კომენტარის შემდეგ, ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს აჩვენა ფოტო, რომელზეც ასახულია სავარაუდო ტრაექტორია, რომელიც სტიქიას გადარჩენილმა დავით ჯელაძემ 6 წლის დისშვილთან ერთად გაიარა.
“ეგ ნამდვილად არ ვიცი, გადავამოწმებთ, მაგრამ ცოტა მეეჭვება. არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით ამ ფოტოზე. ერთი, რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, არ ვიცი, რადგან, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა და მოახერხა… თქვენ წარმოიდგინეთ, მეორე დღეს ვიყავით მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი, ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი. არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით მაგაზე”, – თქვა კობახიძემ.
კომენტარს გამოეხმაურა თავად დავით ჯელაძე. მან რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა. ერთ-ერთში ის ამბობს, რომ მზად არის ისევ ავიდეს შოვში და გაესაუბროს ირაკლი კობახიძეს, რათა დეტალურად მოუყვეს მისი და დისშვილი მაშოს ისტორია.
რაც შეეხება ვიდეოს, ერთ-ერთი მოქალაქის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს ადამიანი, რომელიც სტიქიის ზონიდან გამოდის და ზურგით ბავშვი მოჰყავს.
კობახიძის ბრიფინს სოციალურ ქსელში ასევე გამოეხმაურნენ სხვა გადარჩენილებიც, მათ შორის არიან მარიამ ბერიანიძე, რომელიც ჰყვება ისტორიას, რომელიც მას გადახდა. ასევე კიდევ ერთი გადარჩენილი გიორგი ადამია, რომელიც წერს, რომ საკუთარი თვალით უყურებდა როგორ ცდილობდნენ დავით ჯელიძე და მისი დისშვილი ღვარცოფიდან უსაფრთხო ადგილას გადასვლას.
პოსტები გამოაქვეყნეს ირაკლი კობახიძის თანაპარტიელებმაც. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ დეზინფორმაციის ახალი ნაზავი ვრცელდება და ზოგიერთები ტრაგედიით სარგებლობენ.