მთავარისაქართველოშინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა

შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა

ოკუპანტებთან გამართულ უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულ 17 მებრძოლს მთელი საქართველოდან ჩასული მოქალაქეები იხსენებენ

2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში რუს ოკუპანტებთან გამართულ უთანასწორო ბრძოლაში 17 ქართველი მებრძოლი გმირულად დაეცა.

ბრძოლის ადგილას გმირებისთვის პატივის მისაგებად ოჯახის წევრები და უბრალო მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მიდიან. მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფი 2008 წლის 11 აგვისტოს მოულოდნელად რუსი ოკუპანტების ალყაში მოექცა.

ბრძოლა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

რუსებმა ქართველების წინააღმდეგ მათ ხელთ არსებული ყველა სახის შეიარაღება გამოიყენეს. 17-მა ქართველმა მებრძოლმა უკანასკნელი ტყვიის გასროლამდე იბრძოლა და საკუთარი სიცოცხლით დაიცვა სამშობლო.

სოფელ შინდისში მემორიალთან ახლოს მდებარე შენობების კედლებს 15 წლის წინანდელი ნატყვიარები ახლაც ეტყობა. მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები ოკუპანტებს მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ. ბრძოლა დაახლოებით 70 მეტრის რადიუსში მიმდინარეობდა.

საქართველოს ისტორია არასდროს დაივიწყებს ქართველ მებრძოლებს: ალექსანდრე ონიანს, ემზარ წილოსანს, ვეფხვია ჯიშკარიანს, ზვიად კაცაძეს, თეიმურაზ ბერიძეს, ილია გაბუნიას, ილია შეყლაშვილს, ირაკლი ჯანელიძეს, კახა კოშაძეს, ლევან მელქაძეს, მარლენ ბარამიას, მიხეილ დვალიშვილს, ნიკოლოზ ფორჩხიძეს, რომან ზოიძეს, რუსლან წულაძეს, ფელიქს კაკაურიძესა და შმაგი კუპატაძეს.

ოკუპანტებთან გამართულ უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულ 17 მებრძოლს მთელი საქართველოდან ჩასული მოქალაქეები იხსენებენ.

2008 წლის 11 აგვისტოს გამართულ ბრძოლას გამორჩეული გმირებიც ჰყავს. ერთ-ერთი მათგანია ალექსანდრე ონიანი. ჯარისკაცმა ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი ამჯობინა და თავი აიფეთქა. ალექსანდრე ონიანთან ერთად ამ ბრძოლაში მისივე ნათლული რომან ზოიძეც დაიღუპა. 2 წლის წინ საქართველოს პრეზიდენტმა ჯარისკაც ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

შინდისის ბრძოლიდან 15 წლის შემდეგ დაღუპული გმირების ოჯახის წევრები მდუმარედ იკრიბებიან ბრძოლის ადგილზე აღმართულ მემორიალთან. ყველას უმძიმს იმ დღეების გახსენება, როდესაც საკუთარ ძმას, შვილს, ოჯახის წევრს ეძებდნენ და არ იცოდნენ იმ უთანასწორო დაპირისპირების შესახებ, რომელიც შიდა ქართლში ამ ადგილას ხდებოდა.

გიორგი თუხარელი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend