მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთმა ათობით რაკეტა და თვითმფრინავი გაუშვა ოდესის რეგიონში.
დანგრეულია სახლები, შენობები, მაღაზიები და სხვა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ ოდესის ოლქში სამხედრო დანიშნულების ობიექტებს უტევენ და ეს „შურისგების ოპერაციაა”.
ადგილზე მომზადებული რეპორტაჟებიდან კი ვხედავთ როგორ დაანგრიეს 60 წლის ვერონიკას, 72 წლის ლარისასა თუ სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლები.
რუსეთმა ოდესის ოლქზე და ქალაქ ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით ინტენსიური შეტევა დაიწყო მას შემდეგ, რაც 17 ივლისს ყირიმის ხიდზე დრონებით თავდასხმა მოხდა. რუსეთმა იმავე დღეს გამოაცხადა, რომ 18 ივლისიდან „მარცვლეულის შეთანხმება“ დასრულდა.
ქალაქ ოდესაში ვოლოდიმირი, რომლის გვარიც უცნობია სახლიდან, რომელიც ნანგრევებადაა ქცეული, გადარჩენილი ნივთების გამოტანას ცდილობს. მისი მეზობლები, მეგობრები და უბრალოდ თანამოქალაქეები არიან, ერთმანეთს ეხმარებიან.
„სრულიად განადგურებული ვარ, ზუსტად ისე, როგორც ჩემი ბინა. აქ მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები ვცხოვრობდით, არაფერი იყო სხვა”, – ამბობს ვოლოდიმირი, ოდესის მკვიდრი.
რუსეთის დარტყმების შედეგად დანგრეული ან დაზიანებულია არა მხოლოდ სახლები არამედ საპორტო ინფრასტრუქტურა და სხვა შენობები ქალაქ ოდესის ცენტრშიც, რომელიც იუნესკოს მიერ გამოცხადებულია მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობად.
დანგრეული ტაძარი, დაზიანებული ხატები, მლოცველები – ეს ოდესის ფერისცვალების ტაძარია, რომელსაც რუსებისგან ნასროლი ჭურვი ისევე მოხვდა, როგორც საცხოვრებელ კორპუსებსა და ადამიანებს. ოდესის ფერისცვალების ტაძარი ქალაქში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ეკლესიაა. იგი 1794 წელს, ქალაქის დაარსებისთანავე აშენდა. მოქალაქეთა ნაწილი ტაძრის გასუფთავებას ცდილობს.
„ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. მე რუსებისგან განადგურებულ ადგილებში დავდივარ და ვცდილობ მოსახლეობას დავეხმარო, იცით არცერთი ადგილი არ ყოფილა რაიმე სახის სამხედრო ობიექტი, სამხედრო სამიზნე. აქ ყველგან მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობდა. დაბომბილია სუპერმარკეტები, თეატრი, ეკლესია”, – ამბობს პეტრო კონოფლია, უკრაინელი ჯარისკაცი, ოდესის მკვიდრი.
არადა მაშინ როცა ომი დაიწყო, ოდესაში კრემლის პროპაგანდისტული ჭორები მრავლად იყო გავრცელებული. განსაკუთრებით საინტერესო კი ეს ორი გახლდათ – მოსკოვი არასოდეს დაარტყამს ისტორიულ ცენტრს; ერთმორწმუნე ერი, არ შეეხება სიწმინდეს. კიდევ იყო ბევრი სხვაც და ყველა მათგანი სიცრუე აღმოჩნდა.
“ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი განსხვავებაა იმ ოდესას, რომელსაც ახლა ვხედავთ და იმ ოდესას შორის, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო. სამწუხაროა. თქვენ თავადაც ხედავთ, ხალხი დადის, ხალხი ცდილობს როგორმე დრო გაიყვანოს, იცხოვროს და დატკბეს ცხოვრებით”, – კრისტინა, ოდესის მკვიდრი.
რუსეთმა ოდესის ოლქზე და ქალაქ ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით ინტენსიური შეტევა დაიწყო მას შემდეგ, რაც 17 ივლისს ყირიმის ხიდზე დრონებით თავდასხმა მოხდა.
რუსეთმა იმავე დღეს გამოაცხადა, რომ 18 ივლისიდან „მარცვლეულის შეთანხმება“ დასრულდა. სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შავი ზღვით უკრაინული ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი იყო შესაძლებელი.
შეთანხმება რუსეთმა შეწყვიტა და დრონით შეუტია ოდესას, სადაც დაინგრა მარცვლეულის საცავი და დაზიანებულია სხვა სახეობის ტვირთების რეზერვუარებიც.