ზაფხული ბევრისთვის ყველაზე საყვარელი სეზონია. ის არდადეგებთან, დასვენებასთან და თბილ, მზიან ამინდებთან ასოცირდება. თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხელ ზაფხულს ქალაქგარეთ ატარებს. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც დედაქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს შესაბამისად, ისინი ზაფხულის სიცხისგან გასამკლავებელ გზებს ქალაქშივე ეძებენ.
სტუდენტი ანა ტალახაძე სიცხისგან თავის დასაღწევად ქალაქიდან გასვლას გეგმავს.
„სიცხესთან გამკლავების ძირითადი საშუალება თბილისის დატოვება იქნება. სავარაუდოდ, მალე წავალ. მანამდე თუ გაუსაძლისად დაცხება, მაშინ ალბათ ისეთ ადგილებს ვესტუმრები, სადაც შედარებით გრილა, მაგალითად, აუზებსა და ტბებს“, – ამბობს ანა.
მისი მეგობარი მარიამ ქარქაშაძეც ზაფხულში აუზზე სიარულს აპირებს:
„ალბათ უფრო დახურულ სივრცეებს გამოვყოფდი, რადგან თბილისის ზღვა, კუს ტბა, ლისის ტბა ჩემთვის საკმაოდ საშიშია, რადგან ამბობენ, რომ იქ ბევრი ქვეწარმავალია. ამიტომ უპირატესობას დახურულ სივრცეებს ვანიჭებ“.
აუზებს უპირატესობას ანიჭებს სალომე ლებანიძეც.
„თბილისურ სიცხეებს ძირითადად ვუმკლავდები აუზზე სიარულით. ვცდილობ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი მქონდეს, ამავდროულად, ეს გასაგრილებლად ძალიან კარგი საშუალებაა,“ – ამბობს სალომე.
ეკა ხელაშვილი კი ფიქრობს, რომ აუზი გასაგრილებლად კარგი საშუალებაა, თუმცა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. შესაძლოა, აუზზე სიარული ბევრს უნდა, თუმცა ამის შესაძლებლობა ყველას არ აქვს.
თბილისის მასშტაბით რამდენიმე ღია საცურაო აუზია. თუმცა დედაქალაქში არ არსებობს საჯარო აუზი. ფასები ყველგან განსხვავებულია.
ერთდღიანი აბონემენტის ფასი 25 ლარიდან 200 ლარამდეა. რაც შეეხება თვიურ აბონემენტს, მისი ფასი დაახლოებით 130 ლარიდან იწყება და 700 ლარამდეც კი ადის.
შესაბამისად, საცურაო აუზზე ხშირი სიარული ბევრისთვის არაა ხელმისაწვდომი. ამიტომ თბილისის მოსახლეობა დიდ დროს ტბებსა თუ ქალაქის პარკებში ატარებს.
ოჯახის ექიმსა და პედიატრ თამარ ვაშაკიძეს მიაჩნია, რომ ზაფხილის მზის მიღება ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს მას D ვიტამინი მიეწოდება, რაც ბევრი დაავადების პრევენციაა. თუმცა დიდხანს მზეზე ყოფნა შეიძლება სახიფათოც კი იყოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, დოზირება. მზის სხივები სასარგებლოა დილით ადრე, 11 საათამდე და საღამოს 6 საათის შემდეგ. შუადღის მზე კი მავნეა. არა მხოლოდ ზღვაზე, სადაც ეს აშკარაა და ხშირად ადამიანები იწვებიან, არამედ ქალაქის პირობებშიც,“ – აღნიშნავს თამარ ვაშაკიძე.
თამარ ვაშაკიძე მოსახლეობას ურჩევს, გარეთ გასვლის წინ მზის დამცავი წაისვან, მაშინაც კი, როდესაც ისინი რუჯის მიღებას არ გეგმავენ.
„ასეთი გადაჭარბებული მზის პირობებში ჩემი ერთ-ერთი რჩევა იქნებოდა, რომ ღია ფერის ტანსაცმელი გამოვიყენოთ, აუცილებელია მზის ქუდი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აორთქლება და სითხის დანაკარგი მომატებულია, წყლის საკმარისი რაოდენობა უნდა მივიღოთ. უნდა გავითვალისწინოთ საკვებიც. ძნელად მოსანელებელი საკვებს უნდა მოვერიდოთ. საჭიროა ხშირი და პატარა ულუფები და არავითარი გადაჭარბებული რუჯი,“ – ამბობს თამარ ვაშაკიძე.
ცხელი ზაფხულის პირობებში ექიმები მოსახლეობას წყლის დიდი რაოდენობით მიღებას ურჩევენ.
თორნიკე კოპლატაძე