მთავარიგადაცემებიSpotlightროგორ ამოვიცნოთ „ნამდვილი“ ყველი

როგორ ამოვიცნოთ „ნამდვილი“ ყველი

როგორ და რატომ უნდა ავარიდოთ თავი მცენარეული ცხიმებისგან დამზადებულ რძის ნაწარმს და რა ზიანი შეუძლია მოუტანოს ამ პროდუქტმა ჩვენს ჯანმრთელობას

იმერული, გუდა, ქარხნული, სულგუნი თუ სხვა – ყველის თითქმის ყველა სახეობას შეხვდებით საქართველოს აგრარული ბაზრების დახლებზე.  ასევე, იხილავთ არაჟანს, ხაჭოსა და რძის ნაწარმის სრულ ასორტიმენტს. თუმცა თითქმის არასდროს ან ძალიან იშვიათად გაიგებთ მათ რეალურ წარმომავლობას. გამყიდველს თუ ჰკითხავთ გეტყვით რომ ეს ყველი, ნედლი რძისგან, ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით ნაწარმოები პროდუქტია – იმერეთიდან, სამეგრელოდან ან თუნდაც თბილისის შემოგარენიდან. ადგილზე დაგემოვნებაზეც არ გეტყვიან უარს, უხვად ჩამოჭრიან სხვადასხვა სახის  ყველის ნაჭრებს, რომ  სასურველი გემო აირჩოთ. თუმცა იმის დამადასტურებელი საბუთის მოძიება, თუ სად დამზადდა ეს ნაწარმი ან როგორ – ძალიან გაგიჭირდებათ.

რძის ნაწარმისა თუ „ქართული ყველის მწარმოებელთა ასოციაციების“ წარმომადგენლები დიდი ხანია საუბრობენ, აგრარულ ბაზრებზე არალეგალური ანუ არარეგისტრირებული საწარმოების პროდუქტების არსებობაზე, რომლებსაც აგრარულ ბაზრებში არსებული  დაბალი ფასის გამო, მონოპოლია აქვთ აღებული. ამბობენ იმასაც რომ აგრარულ ბაზრებში გასაყიდად გამოტანილი რძის ნაწარმის 95% არარეგისტრირებული ქარხნების მიერაა დამზადებული. ამის გარკვევას დღეს შევეცდებით, თუმცა სანამ უშუალოდ რძის დამზადების წესებსა და მათი დაცვის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ, გიამბობთ თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს თუნდაც უმაღლესი ხარისხის, ნედლი რძისგან დამზადებული ყველი აგრარულ ბაზარში და რისი გათვალისწინებაა მომხმარებლისთვის აუცილებელი.

„აი ეხლა აგრარულ ბაზარში რომ მივადგე ყველს, ვუთხრა მომიჭერი, აი გზის პირას ვდგავართ, რა ხელით შეეხება. უკეთია ხელთათმანი? არა. ითხოვს კანონმდებლობა რომ ეკეთოს? კი. აღსრულება ვერ ხერხდება. მე ვიტყოდი, რომ უფრო მეტად ცოდნის დეფიციტთან გვაქვს საქმე. აღმასრულებელს რა უნდა, დაგაჯარიმებ და ჩაიდებს 2000 ლარს, 10 000 ლარს, მაგრამ აღსრულება არ არის გამკაცრებული. ჯერ კიდევ მყიფეა ჩვენი საგლეხო მეურნეობა და წარმოება. მის მიმართ პრეტენზიების გამოხატვა ყოველთვის მტკივნეულია. აბა გაბედოს შვეიცარიელმა და ყველაფერი ისე არ შეასრულოს როგორც უწერია კანონში – ვერასდროს წარმოებას ვეღარ გაეკარება,“ – ამბობს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, ქართული ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე.

და რა წესების დაცვაა საჭირო მანამ სანამ რძეს მივიღებთ, ან ვიდრე რძე სხვადასხვა პროდუქტად გარდაიქმნება. ამ საქმის მცოდნეები ამბობენ, რომ ეს ჯაჭვი ბალახიდან იწყება და აუცილებელია იმის ცოდნა თუ რა საკვებს იღებს ძროხა. ამასთან პირუტყვის აცრა, ჯანმთელობის მდგომარეობის რეგულარული შემოწმება და მოწველამდე მისი სველი ჩვრით გასუფთავება თუ წყლით დაბანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ფერმაში, რომელიც დედაქალაქიდან ერთი საათის სავალზეა, 300-მდე მერძეული ძროხა ჰყავთ. ამ ძროხების რძით, რომლებსაც კადრში ხედავთ სხვადასხვა საწარმო თუ ქსელური მაღაზია მარაგდება, თბილისში, თუ ქვეყნის მასშტაბით.  თითოეული დღეში დაახლოებით 20-დან 35 ლიტრამდე რძეს იძლევა.

ახლა ფერმაში წველის პროცესისთვის ემზადებიან. ამ პროცესის ეტაპების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ფერმაში მანქანით წველას ანიჭებენ უპირატესობას, ამბობენ რომ ის ხელს უწყობს წარმოების ზრდას და ამსუბუქებს შრომას.

აქ დღეში დაახლოებით 6 ტონამდე ნედლ რძეს იღებენ და მიღებული რძის ნაწილს დანამატების გარეშე ხბოებს აჭმევენ.

დედებისგან განცალკევებული ხბოები ერთმანეთის გვერდიგვერდ იზრდებიან. ფერმის ამ ნაწილში ახლა 3 თვემდე ხბოები არიან. ეს მათ შორის ყველაზე პატარაა.

ამ დროს ფერმის მეორე ნაწილში წველის პროცესი ნელ-ნელა მტავრდება. მიღებული რძე მაცივრებში გადააქვთ… შემდეგ კი უკვე საწარმოში მიაქვთ, სადაც რძეს რიგი ღონისძიებები უნდა ჩაუტარდეს.

და აქ იგულისხმება – რძის მაცივრებში დაბალ ტემპერატურაზე შენახვა, მისთვის ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება, პასტერიზაცია – ანუ რძის ერთჯერადი გაცხელება და შემდეგ უკვე რძის სხვადასხვა პროდუქტად ქცევა – იქნება ეს ყველი, ნადუღი თუ სხვა.

მას შემდეგ კი რაც ყველს სპეციალურ ფორმებში ჩააწყობენ და მისი სითხისგან დაცლას დაელოდებიან, სამაცივრე ოთახში გადააქვთ, სადაც ტემპერატურა ძალიან დაბალია. ყველის ნაწილს მარილწყალში, ნაწილს კი თაროებზე აწყობენ. შემდეგ კი პროდუქციით პარტნიორ ბიზნეს ობიექტებს ამარაგებენ. ახლა საწარმოში ამბობენ რომ ბაზარზე ბევრი რძე და შესაბამისად რძის ბევრი ნაწარმია. ამიტომ ყველის გარკვეული ნაწილი ახლა საწარმოში რჩება. თანამშრომლები იმ სირთულეებზე საუბრობენ რასაც რეგისტრირებული ქარხნები დღეს პროდუქციის გაყიდვის დროს ხვდებიან.

„ჩვენი ყველი მაღაზიაში 22 ლარი ღირს. არარეგისტრირებული საწარმოების ყველის ფასი კი 15-დან 17 ლარამდე მერყეობს. მე მომხმარებლებს ვურჩევ რომ არ იყიდონ ისეთი ყველი, რომლის წარმომავლობაც არ იციან და აუცილებლად იყიდონ ისეთი, რომლის ეტიკეტზეც დატანილია ინფორმაცია, მისი წარმომავლობისა შესახებ,” – ამბობს რესან ბასილაძე, წარმოების ხელმძღვანელი.

„ისეთი ხარჯი აქვს რეგისტრირებულ მეწარმეს, რომ მისი პროდუქციის თვითღირებულება არის გაცილებით დიდი. ამიტომ არის, რომ სუპერმარკეტებში, ქსელურ მარკეტებში ეტიკეტირებული ყველი არის გაცილებით მაღალფასიანი, ვიდრე აგრარულ ბაზარში, შეუფუთავი, დახლზე გამოტანილი ყველი, რომლის ღირებულებაც ბრენდირებულის ნახევარია,” – განაცხადა მაკა ჩიხაშვილმა,  ქართული რძის ნიშნის ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

თუმცა სურსათის ეროვნულ სააგენტოში არ ეთანხმებიან იმას, რომ აგრარულ ბაზრებში შეუმოწმებელი რძის პროდუქტი იყიდება.  ამბობენ, რომ კონტროლის მექანიზმებით ყველა სეგმენტის მოცვას ცდილობენ, მაგრამ სურსათის უვნებლობის საკითხში მხოლოდ სახელმწიფოს პასუხისგმებლობას ვერ ხედავენ და ბიზნესის პასუხისმგებლობაზეც საუბრობენ.

„ნორმატიული აქტებით რეგულირდება, დადგენილება მე-14 – რომელშიც რეგისტრირებულნი არიან ისინი ვინც ბაზარში ყიდის პროდუქტს. იქ არის გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც უნდა შეასრულონ. ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია არ არის აუცილებელი, მაგრამ რეგისტრირდებიან როგორც ოჯახური წარმოების სუბიექტები სურსათის ეროვნულ სააგენტოში, აქვთ თავიანთი ნომერი და ამით გვაქვს საშუალება რომ მივაკვლიოთ. თუ რამე შეუსაბამობა აღმოჩნდება გავარკვიოთ,” – ამბობს ანა გემაზაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

და რას ამბობენ არასამთავრობო სექტორში რძის ნაწარმის უსაფრთხოების შესახებ. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში საუბრობენ საქართველოს სურსათის ბაზარზე არსებულ გადაუჭრელ პრობლემებზე და მათ შორის სწორედ არალეგალური ქარხნების მიერ ნაწარმოებ პროდუქტს ასახელებენ.

„წლების განმავლობაში არის ძირითადი პრობლემები, რომლებიც არ იჭრება. ერთერთი მთავარი პრობლემა არის არალეგალური წარმოება, რომელიც სხვადასხვა წვრილწვრილი თუ საშუალო საწარმოებისგან შედგება. ბევრი მათგანი არ არის რეგისტრირებული და ბაზარზე მიაწოდებენ უკონტროლოდ რძის ნაწარმს. შემადგენლობა არის საეჭვო, იმიტომ, სურსათის ეროვნულ სააგენტოს არ აქვს საკამარისი რესურსი იმისათვის რომ გააკონტროლის საქართველოს ბაზარი, არამხოლოდ რძის ნაწარმის კუთხით, არამედ ზოგადად. ფიზიკურად ასეთი რაოდენობის ინსპექტორები და ასეთი რაოდენობის ლაბორატორიული კვლევების ჩატარების რესურსი არ აქვს, ეს ვერც ექნება თუ სახელმწიფოსთვის ამ ტიპის კონტროლი არ იქნება პრიორიტეტული,” – განაცხადა ვახტანგ კობალაძემ, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორმა

და მაშინ როცა მომხმარებელი ფიქრობს, რომ ეკონომიას აკეთებს და რეგისტრირებული საწარმოს ნაწარმს, იაფიანს ამჯობინებს უნდა იცოდეს რომ შესაძლოა ეს საბოლოო ჯამში სულაც არ აღმოჩნდეს ეკონომიური.. მაგალითად იმ შემთხვევაში თუ არარეგისტრირებული ნაწარმი დაავადებული ძროხის რძისგანაა დამზადებული, ან იმ შემთხვევაში თუ რძის ფხვნილით დამზადებულ ნაწარმს ირჩევენ.

„რძის პროდუქტებში რომლებიც ხელოვნურად არის მიღებული, შედის ისეთი კონსერვანტები და ემულგანტები, რომებიც ზეგავლენას ახდენს კუჭნაწლავის ტრაქტზე. იწვევს ისეთ დაავადებებს, რომელიც არის კუჭის წყლულოვანი დაავადება, ან თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადება. გარდა ამისა, მასში რიგ შემთხვევეში ისეთი ნივთიერებებია შესული, რომლებიც კანცეროგენურია, ანუ პროვოცირებას უკეთებს ონკოლოგიური დაავადებების არსებობას ჩვენს ორგანიზმში. თუმცა ზოგიერთი ასევე კონსერვანტების სახით შეიცავს ისეთ მინარევებს, რომლებიც ზიანს აყენებს ჩვენს გულსისხლძარღვთა სისტემას – კონკრეტულად მოქმედებს სისხლძარღვების კედლის სისქეზე, ქოლესტერინის ჩალაგებაზე, რაც იწვევს ათეროსკლეროზის განვითარებას და განმაპირობებელი ფაქტორი არის ინფარქტისა და ინსულტის გამოწვევის. იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომია პალმის ზეთი, მას ძალიან აქტიურად იყენებენ რძის პროდუქტების მწარმოებლები და ეს წარმოადგენს ტრანს-ცხიმს. და აქ ჩვენ შეგვიძლია არჩევანის გაკეთება, ავიღოთ უფრო დაბალი ფასის მქონე მცენარეული ცხიმისგან მიღებული არასაღი რძისგან მიღებული პროდუქტი, თუ გადავიხადოთ ოდნავ ძვირი და ვიცოდეთ რომ ნამდვილად საღი რძისგან არის დამზადებული? და რატომ – იმიტომ, რომ ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, რომ მცენარეული ცხიმები, მაშინ როცა ისინი თხევადი მდგომარეობიდან მყარ მდგომარეობაში გადადიან, გარდაიქმნებიან ისეთ ნივთიერებებად როგორიცაა ტრანს-ცხიმები, რომლებიც შემდგომში ორგანიზმში ხვდება, როგორც კანცეროგენური, ანუ ონკოლოგიური დაავადებების მაპროვოცირებელი ნივთირებები, რაც თავის მხრივ ზრდის ავადობის მაჩვენებელს და ალბათ ძალიან მარტივია ადამიანის დარწმუნება ამ თვასაზრისით, რომ შემდგოში ამ ავადობის მკურნალობა ბევრად უფრო მეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ვიდრე თავიდანვე სწორი გადაწყვეტილების მიღება,” – ამბობს ლაშა უჩავა, ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი.

ამის გარდა კი არსებობს ზოონოზური ანუ ინფექციური დაავადებები, რომელიც ცხოველიდან ადამიანზე გადადის.. ერთ-ერთი მათგანი ბრუცელოზია. მისი გადადების რისკი მაღალია დაავადებულ ცხოველთან კონტაქტისას – მოვლის, მოწველის, მისი თერმულად დამუშავებული რძის და ამ რძით დამზადებული პროდუქციის, მაგალითად ყველის მიღების დროს.

და როგორია სტატისტიკა – საქართველოში 2021 წელს ბრუცელოზით ადამიანის დაავადების 133 შემთხვევა დადასტურდა. 2022 წელს 223. 2023 წლის 6 თვის მონაცემებით კი ბრუცელოზით დაავადებულთა რაოდენობა უკვე 117-ია. ეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოფიციალური მონაცემებია. ცენტრში ბრუცელოზზე საუბრისას ამბობენ, რომ ამ დაავადების ხასიათიდან გამომდინარე, ინფიცირებულთა რეალური რიცხვი ქვეყანაში უფრო მაღალია, ვიდრე ამას ოფიციალური მონაცემები აჩვენებს.

და შევადაროთ საქართველოს ეს მაჩვენებელი, ევროკავშირის 27 ქვეყნის მაჩვენებელს – 2021 წელს ევროპის კავშირის ყველა ქვეყანაში ერთად ბრუცელოზის მხოლოდ 162 შემთხვევა დადასტურდა. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ოფიციალური მონაცემებით ამ დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში, ესპანეთში, საბერძნეთსა და საფრანგეთშია. იტალიაში – 32; ესპანეთში – 25; საბერძნეთში – 24; საფრანგეთში – 21; საქართველოში კი 133 – და  ეს სტატისტიკა ჩვენს ქვეყანაში მზარდია.

„შვეცარიაში ვიყავი და ერთი საათი დამჭირდა ახსნა რა არის ბრუცელოზი. არ ახსოვთ რა არის. არცერთ ფერმერს. სანიტარიული ნორმების დაცვა მოეთხოვებათ ფერმერებს და პირდაპირი კონტროლი ვალდებულებაა სახელმწიფოსი. სახელმწიფოს პარტნიორი არის მომხმარებელი, რომელიც არის პრეტენზიული,” – ამბობს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, ქართული ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე.

იყავით პრეტენზიული – ეს არის ყველის მწარმოებელთა და „ქართული რძის ნიშნის ფედერაციის“ წევრების მთავარი რჩევა მომხმარებლებისთვის. არ მიგიზიდოთ მხოლოდ დაბალმა ფასმა. არ ენდოთ მხოლოდ ზეპირსიტყვიერ პირობებს. არც დაფიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვები ამ ყველზე ჰყავთ გაზრდილი, რადგან როგორც აღმოჩნდა, იმერულიც, გუდაც, ქარხნულიც, სულგუნიც და საერთოდ ყველა სახეობის ყველი, ისევე როგორც რძის სხვა ნაწარმი, შეიძლება შეიცავდეს რძის ფხვნილს, რძის პასტას, მცნარეულ ცხიმებს, ან ისეთ დაავადებებს, როგორიც არის ბრუცელოზი.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend