მთავარისაქართველოსაერთაშორისო სანქციების ახალი ჩამონათვალი და საქართველო

საერთაშორისო სანქციების ახალი ჩამონათვალი და საქართველო

თბილისში დასავლური სანქციების ჯგუფის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი დასრულდა

დევიდ ო’სალივანი ევროკავშირიდან, ჯეიმს ო’ბრაიენი შეერთებული შტატებიდან და კუმარ აიერი დიდი ბრიტანეთიდან – საქართველოში დასავლური დაკვირვებისა და ახალი სანქცირებული პროდუქციის სიის შესახსენებლად ჩამოვიდნენ. 38 დასახელების პროდუქტი, რომელსაც რუსეთი მკვლელი იარაღის შესაქმნელად იყენებს, შესაძლოა მეორადი დანიშნულების ტვირთის სახით, რუსეთის მეზობელი ქვეყნებიდან  გადიოდეს. დახურული შეხვედრების შემდეგ, სტუმრებმა თქვეს, რომ კონტროლის მხრივ თანამშრომლობა გრძელდება. აღნიშნეს, რომ საქართველოდან რუსეთში სანქციების გვერდის ავლით რაიმე სანქცირებული პროდუქტის გატანის კონკრეტული ფაქტი ჯერ არ აქვთ, თუმცა რისკები არსებობს.

“გამიხარდებოდა იმის თქმა რომ შემეძლოს, რომ სადმე სანქციებისთვის გვერდის ავლის ერთი შემთხვევაც არ არსებობს. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ზომები, რომლებიც აქ  იქნა მიღებული, ძალიან მყარი გარანტიაა იმის, რომ გვერდის ავლა არ მოხდება.

იმ მიზეზების გამო, რომლებიც უკვე ვახსენე, საქართველო ჩვენს სანქციებს არ უერთდება, ჩვენს სანქციებს არ ახორციელებს. თუმცა ბოლო ორ დღეში რაც ვნახეთ არის ის, რომ საქართველო სერიოზულად უდგება თავის ვალდებულებას არ დაუშვას, რომ მისი ტერიტორია სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იქნას გამოყენებული, იქნება ეს საქონლით ვაჭრობა, კონკრეტულად კი 38 საბრძოლო საქონელი თუ ფინანსური სერვისები”, – განაცხადა ო’სალივანმა.

სანქციების საკითხებში დასავლეთის წარმომადგენლების ვიზიტი, პოლიტიკური ინტერპრეტაციების საგანი გახდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. „ქართული ოცნების“ წევრები თვლიან, რომ ეს მხარდამჭერი და სამადლობელი ვიზიტი იყო პარტნიორების მხრიდან, საქართველოს მიერ გაწეული თანამშრომლობისათვის და ოპოზიციის სურვილი არ გამართლდა.

„ყველამ ერთად ვნახეთ ელჩების განცხადებები სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენმა პარტნიორებმა თბილისში, პირდაპირ განაცხადეს, რომ საქართველოს აქვს საიმედო სისტემა, საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა იმისთვის, რომ სანქციებთან დაკავშირებული პირობები შესრულებულიყო. საქართველო არ ყოფილა სანქციების გვერდის ავლის ადგილი და არც მომავალში გახდება. სწორედ ეს დაადასტურეს პარტნიორებმა.ვფიქრობ, სამარცხვინო იყო ის განცხადებები, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ წინასწარ გააკეთა ისე, რომ არ იცოდნენ ამ შეხვედრის შინაარსი, არც ის, თუ რას იტყოდნენ შეხვედრის შემდეგ, ჩამოსული ელჩები. ფაქტია, რომ საქართველო ვალდებულებებს იცავს, ჩვენთვის უპირველესია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, უსაფრთხოება. პირნათლად ვასრულებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც პარტნიორებთან გვაკავშირებს“, – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ

ოპოზიციის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ დასავლეთში სერიოზულ ნიშნებს ხედავენ საქართველოდან რუსეთში სანქცირებული ტვირთების შესაძლო გატანის საკითხში. ამიტომ, მათი შეფასებით, სანქციების ჯგუფის წარმომადგენლები სწორედ აქ ჩამოვიდნენ და არა მაგალითად პოლონეთში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ვერსიით, მათი ვიზიტის მიზანი იყო გენერალურად გაეფრთხილებინათ საქართველოს მმართველი პარტია და ხელისუფლება, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების არ დაწესების ფონზე, ისე არ მოხდეს რომ საერთაშორისო სანქციები დაირღვეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ადამიანების ვიზიტი, ის გზავნილები, რომლებიც იყო საჯარო და დარწმუნებული ვარ, დახურულ კარს მიღმა იყო სერიოზული გზავნილები. ის, რომ ახლა, ამ ეტაპზე არ არსებობს ფაქტები, რომ რუსეთი იყენებს საქართველოს შესაძლებლობას სანქციების თავიდან ასარიდებლად, არის ცალსახად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ აქვე ძალიან სერიოზული ყურადღება უნდა გამახვილდეს ელექტრონულ ტვირთებზე. ჩვენ ამაზე გვითხრეს და საჯარო გზავნილიც იყო. დარწმუნებული ვარ, შიდა გზავნილიც ეს იყო. ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში და არა მაგალითად ესტონეთში. იმიტომ რომ აქ ხედავენ საშიშროებას“, – აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები სანქციების საკითხებში, შეხვდნენ ყველა იმ მხარეს, რომლებმაც საერთაშორისო სანქციებს ხელი არ უნდა შეუშალონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც დასავლეთში ამბობენ, შედეგი მკაცრი და შესაბამისი იქნება.

ალეკო გვეტაძე

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend