მთავარიგადაცემებიSmart Regionsაღდგენილი ყინულის სახლი საფრანგეთის ერთ საპორტო ქალაქს აცოცხლებს

აღდგენილი ყინულის სახლი საფრანგეთის ერთ საპორტო ქალაქს აცოცხლებს

ეტელი, ქალაქი საფრანგეთში. ბრეტანის რეგიონში, თავის ჩვეულ ცხოვრების წესს უბრუნდება. ერთ დროს ეს ქალაქი დიდი სათევზაო პორტი იყო და ეს  შენობა, რომელსაც La Glacière –  ანუ ყინულის სახლი ეწოდება, ამ წარსულის გადმონაშთია. ახლა მიმდინარეობს  ამ შენობის რესტავრაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს ერწყმის ქალაქის ისტორია და მწვანე ენერგია.

ადგილობრივი მთავრობის დახმარება

ეტელის მერის მოადგილე  ეტიენ პიჟეონი ყინულის სახლის შავ-თეთრ ფოტოს გვაჩვენებს:

“აი, ასე გამოიყურებოდა აქაურობა 1960 წელს. ამ შენობის აღდგენის მერე გვინდოდა, შეგვენარჩუნებინა ყველაფერი: ორმაგი თაღები, აივანი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის ყინულის მარაგის შევსების საშუალებას იძლეოდა, ასევ ყველა მისადგომი და კარი ხელუხლებლად დავტოვეთ.“

1946 წელს აგებული ყინულის სახლი ყინულს პორტისთვის აწარმოებდა. მოგვიანებით შენობა მიატოვეს და ის სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ახლა კი ადგილობრივმა მთავრობამ შენობა ისევ აღადგინა.

„ეს ბოლო საყინულეა მორბიანის  დეპარტამენტში, ბრეტანში,“ – განმარტავს ეტიენი.  „1950 წლამდე 250 ბარჟა შემოდიოდა სათევზაოდ, ძირითადად იჭერდნენ თინუსს, რომელსაც, ცხადია, შენახვა სჭირდებოდა, ამისთვის ყინული იყო საჭირო. ასე რომ, ამ შენობის გარეშე აქ თევზაობას ვერ შეძლებდნენ. ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია, რომ მიიღოს ადამიანები, რომლებსაც ძალიან მოსწონთ ეს შენობა, ახსოვთ იგი და რომლებიც ყველა დეპარატამენტიდან ჩამოდიან მის სანახავად.“

მწვანე ენერგია

La Glacière უკვე გამოფენებსაც მასპინძლობს. მაგალითად, ერთი გამოფენა ბრეტანში ზღვის ენერგიას ეძღვნება. მწვანე ენერგიის გამოყენება ამ სარესტავრაციო პროექტის მთავარი კომპონენტია. ამ პროექტის ფარგლებში გამოყენებულ ტექნოლოგიებს შორის, რომლებიც ზღვის ენერგიით ამარაგებენ შენობას, არის ტალღების ტურბინა და სითბური ტუმბო.

“ამ „გლასიერის“ პროექტში პრიორიტეტული იქნება ენერგიის ყველა ტიპის წყარო, რომლებიც ახლომახლო მოიპოვება, პირველ რიგში კი, ზღვის ენერგია,“ – ამბობს  ორელიენ ბერტინი, ეტელის La Glaciere-ის ენერგოპროექტის VALOEN-ის მრჩეველი. „ზღვას ორი მიმართულებით გამოვიყენებთ – ერთი იქნება დინების ძალა,  რომ  დაატრიალოს ტალღის ტურბინის პროპელერი და წარმოქმნას ელექტროენერგია. და ასევე გამოვიყენებთ ზღვის წყალს, რომელსაც შედარებით მუდმივ ტემპერატურა ახასიათებს მთელი წლის განმავლობაში იმ ზღვის სითბური ტუმბოსთვის, რომელიც შენობის გასათბობად საჭირო კალორიებს აღადგენს. სითბური ტუმბო მუშაობს, ასე ვთქვათ, ინვერსიული მაცივრის პრინციპით.“

მზის ენერგიის მისაღებად ამოზნექილი სახურავი მთლიანად დაფარულია ინოვაციური ბიოხრწნადი და მოქნილი მზის პანელებით, რომლებიც ნანტში შექმნეს. გამომუშავებულ ჭარბ ელექტროენერგიას ადგილობრივ მუნიციპალურ შენობებს გაუზიარებენ.

La Glacière-ის ენერგოპროექტმა დაახლოებით 166 ათასი ევრო მიიღო ევროკავშირისგან.

ისტორიის ახალი თავი

კომპანია Viviers du Pradic-ის  თევზით მოვაჭრეები, რომლებსაც ტბორები ყინულის სახლის უკანა მხარეს აქვთ, იმ დროს მოგვაგონებენ, როდესაც ეს შენობა სავსე იყო ყინულით. მისი სიცოცხლე გრძელდება.

„ეტელი 50 წლის წინ სიმბოლო იყო,“ – ამბობს  ჟან-შარლ რემბო, Viviers du Pradic-ის მენეჯერი. „ეს არის ქალაქი, რომელსაც თევზჭერის კუთხით წარსული აქვს და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მეპოვა ადგილი, რომელსაც აქვს ისტორია, რათა ამ ისტორიაში საკუთარი ფურცლის ჩაწერა მეც შემძლებოდა.“

ეტელის ყინულის სახლის გახსნა 2025 წელს იგეგმება, რის შემდეგაც იგი ამ თვალწარმტაცი რეგიონის კარიბჭედ გადაიქცევა.

ავტორი: გალინა პოლონსკაია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend