6 ივნისის დილას ნოვა კახოვკის ჰესზე აფეთქებს შედეგად წყლის შემაკავებელი კაშხალი დაინგრა და საცავიდან წყლის უკონტროლო გადინება დაიწყო. ზოგიერთი დასახლება უკვე დატბორილია, კიდევ მრავალს კი დატბორვის საფრთხე ემუქრება. ნოვა კახოვკის ჰესი მდინარე დნეპრზე მდებარეობს, რომლის დასავლეთ სანაპიროს უკრაინა, ხოლო აღმოსავლეთს კი რუსული ძალები აკონტროლებენ. თავად ჰესი მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს. მისი თქმით, გაცემულია ბრძანება 80-მდე დასახლების ევაკუაციის თაობაზე.
მოსკოვი კი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი კიევს საბოტაჟში ადანაშაულებს.
“დღეს რუსმა ტერორისტებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი საფრთხეს წარმოადგენენ ყველაფერი ცოცხალისთვის. გუშინ ღამით მათ ააფეთქეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, ეს იყო დაგეგმილი, გათვლილი ოპერაცია. მათ ზუსტად იცოდნენ, რას აკეთებდნენ. წარმოიდგინეთ, ეს წყალსაცავი ერთ-ერთი უდიდესია უკრაინაში. ჩვენი ქვეყნის სამხრეთ რაიონები იტბორება. ამ რაიონებში ომამდე 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ახლაც იქ კვლავ ათეულობით ათასი ადამიანია ცხოვრობს. 80 სოფელი და ქალაქი იტბორება. ევაკუაცია უკვე დაწყებულია და ეს მხოლოდ პირველი შედეგებია, კატასტროფა ბევრად უფრო მასშტაბურია. ეს წყალსაცავი სასმელ წყალს აწვდიდა მილიონობით ადამიანს. რუსეთი კაშხალსა და მთლიან ელექტროსადგურსაც უკვე ერთ წელიწადზე მეტია აკონტროლებს. დაბომბვით მისი შორიდან აფეთქება შეუძლებელია. ის რუსმა ოკუპანტებმა დანაღმეს”, — აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გაეროს მოუწოდებს, ჩანიშნოს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა.
“უკრაინა ითხოვს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო შეხვედრას და აყენებს საკითხს რუსეთის ტერორისტული აქტის თაობაზე ატომური ენერგიის საერთაშორისო საბჭოს წინაშე. ასევე ვითანამშრომლებთ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის გააქტიურებისათვის, რათა გავუმკლავდეთ ამ კატასტროფას და პასუხი მოვთხოვოთ რუსეთს. ყველა ქვეყანამ, პარლამენტმა და ორგანიზაციამ უნდა აღიაროს რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ. ასევე მოვუწოდებთ ევროკავშირს და დიდი შვიდეულის ქვეყნებს, დაუწესონ ახალი მკაცრი სანქციები რუსეთს, მათ შორის, მის სარაკეტო და ატომურ ინდუსტრიას. რუსეთი ამ და ომის სხვა დანაშაულების გამო პასუხს აგებს”, — ამბობს მინისტრი.
არ ვრცელდება ცნობები მსხვერპლის შესახებ, თუმცა დიდია ეკოლოგიური ზიანი. გავრცელებულ კადრებში ჩანს როგორ გაურბიან ცხოველები წყალდიდობას. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, ძაღლები დაბმული არ დატოვონ და მისცენ მათ გადარჩენის შანსი.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკო აცხადებს, რომ შესაძლოა ათეულობით ათასი ტონა თევზი დაიხოცოს. მისივე თქმით, სასმელი წყლის პრობლემა შეექმნება სამხრეთში, მათ შორის ყირიმში მცხოვრებ მოსახლეობას. წყალსაცავის დაცლის გამო გაჩნდა კითხვები ზაპოროჟიეს ატომური სადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რადგან სადგური გაგრილებისათვის წყალს სწორედ ამ საცავიდან იღებდა. თუმცა საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საფრთხე არ არის, რადგან სადგურს გააჩნია წყლის მიღების რამდენიმე ალტერნატიული გზა.
მოსკოვი უარყოფს კაშხლის აფეთქებაში მონაწილეობას, საერთაშორისო საზოგადოება კი ამ ფაქტს ომის დანაშაულად აფასებს და მიიჩნევს, რომ ომი ახალ განზომილებას იძენს.