მთავარიგადაცემებიოკეანეროგორ დავიცვათ ევროპის საზღვაო ინფრასტრუქტურა საფრთხეებისგან?

როგორ დავიცვათ ევროპის საზღვაო ინფრასტრუქტურა საფრთხეებისგან?

საზღვაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ათბობს ჩვენს სახლებს და გვაკავშირებს მთელ მსოფლიოსთან, თანამედროვე ეკონომიკის ფუნდამენტად გადაიქცა. თუმცა ბოლო დროს ბალტიის ზღვაში გაზსადენებზე მომხდარმა აფეთქებებმა ბევრი დააფიქრა იმაზე, მაინც რამდენად დაცულია ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურა?

ბელგიის ჩრდილოეთის ზღვის აკვატორიაში მდებარე ქარის ელექტროსადგურზე განგაშია. ეს მხოლოდ წვრთნაა. თუმცა მისი სცენარი ნამდვილ ამბავს ეყრდნობა.

მეთაური კურტ დე ვინტერი, ბელგიის ფლოტის საზღვაო ოპერაციების ცენტრის დირექტორი:

„გვინდოდა, გამოგვეცადა, თუ რა რისკებს უქმნის ქარის ელექტროსადგურებს, როდესაც ამ ინფრასტრუქტურაზე ხალხი გადადის. მეორე ნაწილია ბელგიის მთავრობის სხვადასხვა რგოლს შორის თანამშრომლობა და  შექმნილ საფრთხეებთან გამკლავება.“

ვარჯიშის სცენარს საფუძვლად ნამდვილი ამბავი უდევს, როდესაც წლი-ნახევრის წინ ლა-მანშის სრუტიდან მიგრანტების ნავი ბელგიის მხარეს ქარის ელექტროსადგურისკენ გაიტაცა დინებამ.

ამ საწვრთნელი განგაშის დროს სახმელეთო საკონტროლო ცენტრები   უკავშირდებიან ზღვაში გასულ გემებს და კოორდინაციას უწევენ იმ მიგრანტების სამაშველო ოპერაციას, რომლებიც ქარის ტურბინებში არიან მოყოლილი.

ვითარება უფრო იძაბება, როდესაც შეიარაღებულ კონტრაბანდისტებს მძევლები რომელიმე ოფშორულ პლატფორმაზე აჰყავთ. ამ დროს დასახმარებლად სპეციალურ პოლიციის და სამხედრო დანაყოფებს უხმობენ. ფლოტმა, ჯარმა, პოლიციამ და თავად ტურბინების პლატფორმის ოპერატორმა უნდა ითანამშრომლონ, რათა ზღვაში შექმნილი კრიზისი განმუხტონ.

სპეციალური ოპერაციების სანაოსნო განყოფილების უფროსი:

„ჩვენ საჭირო არეალში სპეციალიზებულ ინდუსტრიულ გემზე გვჭირდება წვდომა, რათა ოფშორულ პლატფორმაზე ავიდეთ. ფლოტის გემებს სჭირდებათ კოორდინაცია და სამედიცინიო დახმარება. ვერტმფრენები კი ცეცხლსასროლი იარაღით და ზედამხედველობით გვაზღვევენ ჰაერიდან.“

ყოველ წელს ევროკავშირის ქვეყნები სანაპირო დაცვის წვრთნებს ატარებენ. ამ წვრთნებს COASTEX-ი ეწოდება. მისი თავისებურება ის არის, რომ ის აქცენტს ოფშორულ ენერგოინფრასტრუქტურაზე აკეთებს.  ეს დამთხვევა არ არის, რადგან ქარის ელექტროსადგურებზე ბელგიის ელექტრომომარაგების 10 პროცენტი მოდის და ეს მაჩვენებელი მომავალ ათ წელიწადში უნდა გასამმაგდეს.

ქარის ელექტროსადგურები მხოლოდ ერთი მაგალითია იმ კრიტიკული ოფშორული ინფრასტრუქტურისა, რომელზეც ევროპა თანდათან უფრო დამოკიდებული ხდება.

მეთაური კურტ დე ვინტერი:

„ბელგიის ჩრდილოეთის ზღვა და ლა-მანშის სრუტე უკიდურესად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გზაჯვარედინს ქმნის, რომელიც მხოლოდ ზღვის ზედაპირზე  არ დგას და ძირითადად ზღვის ფსკერზე გადის. საუბარია საკომუნიკაციო კაბელებზე, ელექტროგადამცემ ხაზებზე, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენებზე. ეს ყველაფერი დაუცველია მრავალგვარი საფრთხისგან, რომელთაგან ერთ-ერთია მტრის მხრიდან ჯაშუშობა და საბოტაჟი ზღვის ფსკერზე გამავალი არსებითი ინფრასტრუქტურის მიმართ. ეს საფრთხეები მხოლოდ თეორიული კი არ არის, არამედ რეალურია. უკვე ვნახეთ ეს ჩრდილოეთის ნაკადის ინციდენტის დროს, რომელმაც ევროპის ქვეყნები გამოაფხიზლა, რათა უკეთ დაიცვან ოფშორული ინფრასტრუქტურა.“

წვრთნა კონტრაბანდისტების დაკავებით დასრულდა. ქარის ელექტროსადგურზე წესრიგი აღდგა.

თუმცა კრიტიკული ოფშორული ინფრასტრუქტურის დაცვა მთელ ევროპაში სასწრაფოდ მოსაგვარებელი საკითხი გახდა.

მცირე დარღვევები, როგორიცაა, მაგალითად, ნავის მიერ მონაცემთა კაბელების დაზიანება, დიდ პრობლემას არ იწვევს, მაგრამ დიდი დაზიანება ან ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული თავდასხმა შესაძლოა მძიმე შედეგებით დასრულდეს, განსაკუთრებით კუნძულებისთვის და ისეთი რეგიონებისთვის, რომლებსაც გამართული კავშირგაბმულობის სისტემა არ აქვთ.

ჟენევაში ვესაუბრეთ პროფესორ კრისტიან ბუეგერს. იგი იმ კვლევის თანაავტორია, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე ჩაატარა ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელების რისკის ანალიზი, სანამ ჩრდილოეთის ნაკადის ინციდენტი ყველას ყურადღებას მიიქცევდა.

კრისტიან ბუეგერი, კოპენჰანგენის საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორი:

„ნამდვილად ვხედავ. კაბელები აღარ არის უჩინარი. უკვე კარგად ვიცით, რომ ასეთი ტიპის შეტევა შესაძლებელია და რომ, დიდი ალაბთობით, ეს მომავალში განმეორდება.  ამიტომ ორივემ, ევროკავშირმა და ნატომ, უკვე შეიმუშავა გეგმები, რომ ფეხი აუწყონ ამ თამაშს. დღეს რაც ხდება, ძირითადად ზედამხედველობის გაძლიერებას ითხოვს, რომ უკეთ გავიგოთ, რა ხდება ზღვის ზედაპირზეც და მის ფსკერზეც. ასევე გვჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა ინდუსტრიას, უსაფრთხოების პოლიტიკის განმსაზღვრელებსა და სამხედროებს შორის. სამივე აქტორის შეთანხმება იმაზე, თუ  რა იქნება საუკეთესო პრაქტიკა, ან ვინ რა უნდა გააკეთოს, არ არის ადვილი.“

ხშირად გაურკვეველია, თუ ვინ არის პასუხისმგებელი სპეციალური წყალქვეშა კაბელის მოვლა-პატრონობაზე. ეს ძვირად ღირებულ და რისკის შემცველ პროცედურებს მოითხოვს, რასაც, როგორც წესი, სპეციალური გემი და პროფესიონალი მყვინთავები სჭირდება.

ამ საკითხების მოგვარების ერთი შესაძლო გზა რობოტების გამოყენებაა. პორტოს სისტემებისა და კომპიუტერული ინჟინერიის, ტექნოლოგიისა და მეცნიერების ინსტიტუტში შექმენს რობოტები, რომლებსაც შეუძლიათ წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დათვალიერება დიდი ხნის განმავლობაში.

კარლოს ალმეიდა, INESC TEC-ის რობოტების მკვლევარი:

„თუ ამის გაკეთება მყვინთავებს უნდა მიანდო, მრავალი მყვინთავი დაგჭირდება, რადგან ისინი ვერ ძლებენ ამდენ ხანს წყალქვეშ. თანაც ეს საშიშია. რობოტების შემთხვევაში კი ადამიანი აღარ რისკავს.“

ეს ტექნოლოგია ევროკავშირის მწვანე შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე პროექტის EU-SCORES-ის  წყალობით შეიქმნა და ახლა ატლანტის ოკეანეში გადის ცდებს. ორი რობოტი ტანდემში მოქმედებს და მონიტორინგს უწევს ოფშორულ ენერგოპარკებს, კაბელებს, მილსადენებსა და სხვა წყალქვეშა ინფრასტრუქტურას.

ალფრედო მარტინსი,  INESC TEC-ის რობოტების მკვლევარი, პროფესორი:

„ამ რობოტს შეუძლია იდგეს ერთ ადგილზე, უსმინოს, ირგვლივ რა ხდება და დაინახოს ნებისმიერი უცხო პირი. მას შეუძლია იცვალოს ადგილი  – თუ დაცვის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით განვიხილავთ, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თავდამსხმელმა არ იცის, სად არის დამცველი. მეორე რობოტი ევა კი მრავალმხრივ განვითარებული რობოტია, რომელსაც შეუძლია რუკის შედგენა, დათვალიერება, ზღვის ინფრასტრუქტურაზე მიმდინარე ოპერაციებისა და სარემონტო სამუშაოების დროს დახმარება – იგულისხმება არა მხოლოდ კაბელები, არამედ ოფშორული ქარის ტურბინები ან ტალღების ენერგიის კონვერტერები.“

მგრძნობიარე ფოტოაპარატებით, ჰიდროლოკატორებით, მაგნიტომეტრებითა და საფრთხის განმსაზღვრელი ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებით აღჭურვილ რობოტებს შეუძლიათ მასშტაბური და მოქნილი წყალქვეშა ზედამხედველობის სისტემის შექმნა.

„მომავალში ეს რობოტები ისე იქნება, როგორც დღეს მობილური ტელეფონები გვაქვს. თუ ზღვაში ქარის ტურბინები გაქვს ჩადგმული, უამრავი რობოტი იტრიალებს მათ ირგვლივ და თავის საქმეს გააკეთებს,“ – ამბობს ალფრედო.

ჩვენი ინფრასტრუქტურა ვითარდება როგორც ზღვის ზედაპირზე, ისე მის ფსკერზე, რის გამოც მათი დაცვა რთული, მაგრამ აუცილებელი ამოცანაა სამომავლოდ.

ავტორი: დენის ლოქტიე

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend