მთავარისაქართველოტაქსი ავტობუსის ზოლში

ტაქსი ავტობუსის ზოლში

პირველი ივნისიდან A კატეგორიის ტაქსებს, რომელთა ასაკიც 10 წელს არ აღემატება, ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება მიეცემათ. აღნიშნული წესი არ გავრცელდება იმ ქუჩებზე, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს. ცვლილებები ძალაში პირველი ივნისიდან შედის. ამ ინიციატივას უკან გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს ქალაქმგეგმარებელი ელენე ხუნდაძე, თუმცა თბილისის საკრებულოში ამბობენ, რომ ეს ევროპაში და მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, რამაც გზებზე პრობლემა არ უნდა შექმნას.

“ტაქსებისთვის ნებართვის მიცემა საავტობუსე ზოლში სიარულისა, ეს სხვა არაფერია თუ არა წამყვანი, ევროპული, მსოფლიო ქვეყნების გამოცდილება, სადაც საავტობუსე ზოლში მოძრაობის უფლება გააჩნიათ ავტობუსებს, ტაქსებს, სასწრაფო დახმარებას, მუნიციპალურ, სახანძრო ავტომობილებს და ასე შემდეგ. ასე რომ, აქ არაფერი ისეთი არ მომხდარა. გარდა ამისა, აქ ჩადებულია ავტოპარკის განახლების სტიმულირების პატარა ბერკეტიც. ასეთი ავტომობილი, არის 3 361, რომელიც 10 წლამდეა. ასე რომ არაფერი კატასტროფა აქ არ მოხდება”, — აცხადებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე.

ქალაქმგეგმარებელი ელენე ხუნდაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებისთვის, როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად, ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ამბობს რომ ავტობუსისთვის გამოყოფილ ზოლებში A კატეგორიის ტაქსების დაშვება ამ მიღწევებს ნაწილობრივ აუფასურებს.

“ქსელის დაგეგმვის დროს, რაც 800 000 ევრო დაჯდა და ორი წელი კვლევა კეთდებოდა უცხოელი და ქართველი სპეციალისტების ჩართულობით. იქ მკაფიოდ იყო განსაზღვრული, რომ სხვა არაფერმა უნდა იაროს. ეს არ არის უბრალოდ ავტობუსის ზოლი, ესაა ავტობუსის სწრაფი დერეფნები. მომსახურების დონით, ეს არის ტრამვაისა და მეტროს ტიპის მომსახურება, არის მგზავრების მთავარი გადამყვანი. სისტემის გამართულობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ 10 დერეფანში შეუფერხებელ გადაადგილებას. სამი კომპონენტია ამ 10 დერეფნისთვის. ერთია, რომ ზოლში შეუფერხებლად იაროს. გაჩერებაზეც არ უნდა მოცდეს, იმაზე მეტი სატრანსპორტო საშუალება არ უნდა შევიდეს, ვიდრე შეუძლია ხალხის ჩამოსმა და აყვანა. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია პრიორიტეტი შუქნიშანზე. ამ სამივე კომპონენტს აფერხებს ტაქსის გამოჩენა, რადგან ახალი ცვლადია, რომელსაც ვერ გათვლი და ვერცერთ კომპონენტში დაგეგმილ შედეგს ვერ მიაღწევ. ავტობუსი გვყავს თბილისში 1 000-ზე ნაკლები, მიკროავტობუსიც დაახლოებით 1 000, ტაქსი თუ 3 500 იქნება, გასაგებია რომ ყოველდღიურად ყველა არ გამოდის, მაგრამ თუ შევადარებთ იმ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობას, რომელიც ავტობუსის ზოლში მოძრაობს, იმაზე გაცილებით მეტია უკვე ტაქსი”, — ამბობს ქალაქმგეგმარებელი ელენე ხუნდაძე.

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, რეფორმების შედეგად 2019-დან 2022 წლამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის საშუალო მოლოდინის დრო 28-დან 18 წუთამდეა შემცირებული, მაგალითად, ჭავჭავაძის გამზირზე კი, რეაბილიტაციის შედეგად გზის გამტარუნარიანობა 70 პროცენტითაა გაზრდილი. სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში თბილისში 200-მდე 18-მეტრიანი ავტობუსებიც უნდა შემოვიდეს.

მერიის ინფორმაციით, 2024 წლის აპრილამდე თბილისი 50 ერთეულ ავტობუსს მიიღებს. 18-მეტრიანი ავტობუსები თბილისში ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ უნდა გამოჩენილიყო, თუმცა პროცესი არაერთხელ გადაიდო.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend