დასავლეთთან ინტეგრაცია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რუსეთი, კონსპირაციული და პროპაგანდისტული ნარატივები, რუსეთ-უკრაინის ომი – და ხალხის აზრი – ეს ის ძირითადი საკითხებია, რაც USAID-ის ინფორმაციის სანდოობის პროგრამამ CRRC საქართველოსთან თანამშრომლობით გამოიკვლია.
მთავარ მიგნებებად კვლევის ავტორები ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მომხრეთა რაოდენობის ზრდას ასახელებენ. ანგარიშის თანახმად, 2023 წლის იანვრიდან – მარტამდე, ევროკავშირში გაწევრების მსურველთა რაოდენობა თითქმის 10%-ითაა გაზრდილი.
კვლევის ავტორები ამ ფაქტს, მარტში უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს უკავშირებენ.
ევროკავშირში გაწევრების მომხრე გამოკითხული მოქალაქეები, მთავარ დადებით მიზეზად – ეკონომიკური მდგომარეობისა თუ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, დასაქმების უკეთეს შესაძლებლობებსა და რუსეთზე ნაკლებად დამოკიდებულებას, ასახელებენ.
ხოლო, რაც შეეხება მათ ვინც ევროკავშირში გაწევრებას ეწინააღმდეგება, ისინი შიშობენ, რომ ევროკავშირი საქართველოს ტრადიციებს დააკარგვინებს. ასევე მათი აზრით, ევროკავშირში გაწევრება ხელს შეუშლის რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.
ანგარიშის მიხედვით დადგინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული გზავნილებისადმი მოწყვლადია. მაგალითად, გამოკითხულთა 31% ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასავლეთის მიერ იყო პროვოცირებული. 35%-ის აზრით დასავლეთი საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს.
რა გზებით იღებენ ინფორმაციას საქართველოს მოქალაქეები?
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხულთა 77% კვირაში ერთხელ მაინც უყურებს ტელევიზიას, 75% კი კვირაში ერთხელ მაინც იყენებს სოციალურ მედიას. ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ მოსახლეობის 25% არცერთ ტელევიზიას არ ენდობა, ხოლო რუსულ და გაცხადებულად პრო-რუსულ ტელევიზიებს ყველაზე ნაკლები უყურებს და ენდობა.
კვლევის მიხედვით, 10-დან 4 გამოკითხულის აზრით, მათ დეზინფორმაციის იდენტიფიცრება შეუძლიათ, თუმცა ამავდროულად, გამოკითხულთა 63% ამბობს, რომ არაფერს მოიმოქმედებდა თუ ყალბ ინფორმაციას გადააწყდებოდა.
ვის ენდობა ყველაზე მეტად მოსახლეობა?
ამ კითხვაზე პასუხები კი ასე გადანაწილდა – 49% ყველაზე მეტად ენდობა საკუთარ ოჯახი, 29% კი პატრიარქს.
ანანო ღუდუშაური