მეხუთე წელია შრომის ინსპექცია ქვეყნის მასშტაბით 123 ინსპექტორით, ობიექტების მონიტორინგს ახორციელებს და ამოწმებს თუ რამდენადაა დაცული დასაქმებულების შრომითი უფლებები და უსაფრთხოება. უწყება ყველაზე საშიშ დარგად, სამშენებლო სექტორს მიიჩნევს. თუმცა, მათივე წარმოებული სტატისტიკით ჩანს, რომ 2018 წელთან შედარებით, გასულ წელს სამშენებლო სექტორში ფატალური შემთხვევები 41%-ით შემცირდა. ხუთლწლიან სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, ჩანს რომ ზოგადად მცირდება სამუშაო სივრცეებში გარდაცვლილთა რაოდენობა. თუმცა, იზრდება სხვადასხვა ფიზიკური დაზიანების შემთხვევები.
შრომის ინსპექტორი ბექა ფერაძე აცხადებს, რომ გამკაცრებული საკანონმდებლო რეგულაციებისა და შრომის ინსპექტორების მონიტორინგის შედეგად, სტატისტიკა უმჯობესდება.
“2018 წლიდან დღემდე, რასაც ჩვენი მონიტორინგი აჩვენებს, მნიშვნელოვნად არის შემცირებული სამუშაო ობიექტზე გარდაცვლილთა რაოდენობა. მაგალითად, სამშენებლო სექტორში 5 წლის განმავლობაში, 41%-ით ნაკლები სიკვდილიანობაა. შრომის უსაფრთხოების კანონის ამოქმედებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოგვცა ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ კერძო სექტორი ჩართულია ამ ცვლილებების ამოქმედებაში. დასაქმებული ჰყავთ უსაფრთხოების სპეციალისტები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ საფრთხეების კონტროლს. ასევე, გასულ წელთან შედარებით 52%-ით არის გაზრდილი, რეინსპექტირების შედეგად გამოსწორებული შემთხვევების რაოდენობა“, – აცხადებს ბექა ფერაძე.
შრომის ინსპექციას, ისევე როგორც ბევრ სხვა სახელმწიფო უწყებას, მონიტორინგს უწევენ არასამთავრობო ორგანიზაციები. “ღია საზოგადოების ფონდის” სოციალური სამართლიანობის პროგრამის მენეჯერი ანანო ცინცაბეძე ამბობს, რომ ინსპექციის საქმიანობა ცალსახად დადებითად აისახება შრომის უსაფრთხოებაზე. თუმცა მიიჩნევს, რომ უწყება ბევრი გამოწვევის წინაშეა, რადგან შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების მხრივ, ქვეყანაში ბევრი პრობლემაა.
„რასაც ვხედავთ, გარდაცვალების სტატისტიკა ნამდვილად შემცირებულია. თუმცა, ამავე დროს გაიზარდა დაშავების შემთხვევები. ეს ალბათ ინსპექციის მიერ მონიტორინგის ზრდის შედეგია. რაც უფრო იმატებს ინსპექტორთა მიერ ობიექტების შემოწმებები, მით მეტი დარღვევა ვლინდება. მეორე მხრივ, ის რომ ასეთი მაჩვენებელი გვაქვს, ამბობს იმას, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე პრობლემები გვაქვს შრომის უსაფრთხოების მხრივ. შრომის ინსპექცია შედარებით სუსტია აქტიური მონიტორინგის მხრივ. დიდი დრო გადის ხოლმე ერთი შემოწმებიდან მეორემდე, მაშინ როცა ამა თუ იმ შემოწმებულ ობიექტზე ხარვეზი ან დარღვევა გამოვლინდება. ზოგჯერ ინსპექცია ამას იმით ხსნის, რომ ბიზნესს პრობლემის აღმოფხვრისთვის გონივრული ვადა ეძლევა, თუმცა, ჩვენი დაკვირვებით ეს ვადა ზოგჯერ არალოგიკურია. დროული რეინსპექტირება არის მნიშვნელოვანი ეფექტური მონიტორინგისთვის“, – აცხადებს ანანო ცინცაბაძე.
სიახლეა შრომითი უფლებების მხრივ. რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა ახალი საკანონმდებლო დადგენილება, რომლის თანახმად, ისეთ სამუშაო სივრცეებში, სადაც დასაქმებულებს ფიზიკურად უწევდათ მძიმე ტვირთების გადატანა, მაგალითად როგორიცაა ქსელური სუპერმარკეტები, სასაწყობე მეურნეობები და ა.შ. შემოდის ახალი რეგულაცია.
ახალი ტექნიკური რეგლამენტით, დამსაქმებელი ვალდებულია თანამშრომლები მძიმე შრომისგან დაიცვას და ტვირთების გადასატანად, მექანიკური და ელექტრონული ხელსაწყოები გამოიყენონ.
შრომის ინსპექციაში აცხადებენ, რომ მათი მიზანია დაეხმარონ ბიზნესს გააუმჯობესონ სამუშაო გარემო. სამოქალაქო სექტორში კი ამბობენ, რომ კანონმდებლობა ჯერ ისევ რბილია და დაბალი ჯარიმებისა თუ სხვადასხვა უმნიშვნელო სანქციების ფონზე, დამსაქმებლები ნაკლებად არიან მოტივირებულნი, რომ დასაქმებულთა უსაფრთხოება და სამუშაო უფლებები სათანადოდ დაიცვან.
ალეკო გვეტაძე