მთავარიაზიატაივანისამხედრო წვრთნების დასრულების მიუხედავად, ჩინეთი აგრძელებს ტაივანზე სამხედრო ზეწოლას

სამხედრო წვრთნების დასრულების მიუხედავად, ჩინეთი აგრძელებს ტაივანზე სამხედრო ზეწოლას

სამხედრო წვრთნების დასრულების მიუხედავად, ჩინეთი აგრძელებს ტაივანზე სამხედრო ზეწოლას. ტაიბეიში აცხადებენ, რომ ჰონგ-კონგის გარშემო ჩინური სამხედრო თვითმფრინავები და ხომალდები განაგრძობენ პატრულირებას. ამავდროულად, ჩინეთი პროვოკაციად აფასებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ფილიპინების მიერ დაგეგმილ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს. გერმანია კი რეგიონის ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანულ მაკრონმაც გააკეთა.

ჩინეთი განაგრძობს ტაივანზე სამხედრო ზეწოლას, მიუხედავად იმისა, რომ მათ ფორმალურად უკვე დაასრულეს სამხედრო წვრთნები. ტაიბეიში აცხადებენ, რომ ბოლო  24 საათში ჩინურმა სამხედრო თვითმფრინავებმა 35 ფრენა ჩაატარეს, ხოლო ჰონგ-კონგის გარშემო რვა სამხედრო გემი პატრულირებს.

რეგიონულ დაძაბულობას კიდევ უფრო ამწვავებს შეერთებული შტატებისა და ფილიპინების მიერ დაგეგმილი ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები, რომლებსაც ჩინეთი პროვოკაციად აფასებს.

მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს გერმანია, რომელიც ჩინეთს ვითარების გამწვავებაში ადანაშაულებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ანდრეა სასი ამბობს, რომ შეშფოთებულები არიან ტაივანის გარეშემო მიმდინარე მოვლენების გამო. ისინი ელიან, რომ რეგიონის ყველა მხარე ხელს შეუწყობს სტაბილურობასა და მშვიდობას და ეს ეხება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასაც.

ამავდროულად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნიდერლანდებში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ არ შეუერთდება ტაივანის ვითარების ვერბალურ ესკალაციას.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი მხარს უჭერს ტაივანში არსებულ სტატუს კვოს, ერთიანი ჩინეთის პოლიტიკასა და გამოსავლის ძიებას, რომ  ვითარება მშვიდობიანად მოგვარდეს. ემანუელ მაკრონს მიაჩნია,  რომ ეს არის ევროპელების ის პოზიცია, რომელიც ზოგადად მოკავშირეს უნდა ჰქონდეს. თუმცა, ამავდროულად, სტრატეგიული ავტონომიის მნიშვნელობაზეც საუბრობს. მისი თქმით, მოკავშირეობა არ ნიშნავს ვასალობას.

ჩინეთი ამტკიცებს, რომ ტაივანი მისი ტერიტორიაა და იმედი აქვს,  რომ ერთ დღეს კუნძული მის დაქვემდებარებაში იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend