თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. აღნიშნულით არევაძემ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„დასრულდა განხილვა, შეგახსენებეთ, რომ ჩვენ, დაახლოებით, 15 სხდომა ჩავატარეთ და დავკითხეთ 24 მოწმე. კარგად ცნობილია საქმის მასალები, შუამდგომლობის ფორმაც, მოწინააღმდეგე მხარის პოზიციაც, შესაბამისად მოგახსენებთ გადაწყვეტილებას, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან განჩინების აღსრულების გადავადების შესახებ, არ დაკმაოფილდეს. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში“, – განაცხადა მოსამართლემ.
მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ყოფილი პრეზიდენტის ახლობლებისა და მხარდამჭერების უკმაყოფილება მოჰყვა.
დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს, რის შემდეგაც, მოსამართლემ გადაწყვ ეტილება გამოაცხადა.
სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობას პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ და როგორც იურისტმა ნიკა აბრამიშვილმა განაცხადა, შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
აბრამიშვილის თქმით, სასამართლოში წარდგენილი დასკვნა სარწმუნო ინფორმაციას არ იძლეოდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ავადმყოფობის სიმძიმესთან დაკავშირებით და ის ვერ დაედებოდა საფუძვლად სასჯელის მოხდის გადავადების საკითხს.
თავის მხრივ, დღეს ადვოკატები მოსამართლეს მათი შუამდგომლობის დაკმაყოფილებისკენ და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებდნენ. შალვა ხაჭაპურიძემ მოსამართლეს შეახსენა, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა მოსამართლის ხელში იყო.
ადვოკატების განმარტებით, მოსამართლეს საკუთარი გადაწყვეტილებით შეეძლო ისტორიული როლი ეთამაშა და საფუძველი დიდ შერიგებისთვის ჩაეყარა.
არც სხდომას და არც გადაწყვეტილების გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიხილ სააკაშვილი დისტანციურადაც არ დასწრებია.