მთავარისაქართველო„ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადება და გამოხმაურებები

„ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადება და გამოხმაურებები

ირაკლი კობახიძემ ტელეარხი CNN, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში დაანაშაულა

ამერიკული ტელეკომპანია CNN, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციის ნაწილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა.

მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ CNN-ის წამყვანის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენისათვის დასმული კითხვა, ყალბი ინფორმაციის ტირაჟირებას ისახავდა მიზნად.

კითხვა კი ასეთია – „ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველო სავარაუდოდ რუსეთთან სანქციების გვერდის ავლით თანამშრომლობს და ამ პრობლემას ხომ არ გადაჭრიდა ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტი“?

ირაკლი კობახიძემ Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას თან დაურთო გრაფიკული ინფორმაციაც.

პირველ გრაფიკაში ნაჩვენებია 2022 წელს საქართველოს ექსპორტის ზრდის მონაცემები, სადაც ქვეყნების ჩამონათვალში რუსეთი ბოლო ადგილს იკავებს.

მეორე გრაფიკაში ხაზგასმულია, რომ 2022 წელს ქართული საქონლის წილი რუსეთის იმპორტში მხოლოდ 0,3%-ს შეადგენს.

მესამე გრაფიკა კი დასათაურებულია შემდეგი ტექსტით – „სანამ სხვები პუტინის სალაროებს ავსებენ – ევროკავშირსა და რუსეთს შორის 2022 წელს სანქციების მიუხედავად ვაჭრობა გაიზარდა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამ, წერტილი დაუსვა ყველა სახის დეზინფორმაციას საქართველო-რუსეთის შესაძლო ფარულ კავშირებთან დაკავშირებით.

„ირაკლი კობახიძემ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს წერტილი დაუსვა – თუ ციფრების გასაჯაროების შემდეგ ვინმე გაბედავს და იკადრებს ჰიბრიდული ომის გაგრძელებას, ამით მხოლოდ საკუთარი თავის ლუსტრაციას მოახდენს. ცხადია, ჩვენ ეს სიმართლე ისედაც ვიცოდით, ჩვენი საზოგადოება ყველაფრის საქმის კურსში იყო, მაგრამ იმისათვის, რომ არ დარჩენილიყო სივრცე სპეკულაციებისთვის და მანიპულაციისთვის, ფაქტებით და კონკრეტული ციფრებით გაქარწყლდა ასეთი პროვოკაციული განცხადებები თუ პოზიციები. რადიკალური ოპოზიცია უკვე დიდი ხანია ებრძვის არა “ქართულ ოცნებას”, არამედ ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას, ასევე, გვახსოვს საეჭვო რეპუტაციის მქონე ჟურნალისტები, მათ შორის, რუსული წარმოშობის, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გამოდიოდნენ ოკუპანტი ქვეყნის მხარდამჭერად. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა ძალები არიან ხოლმე ჰიბრიდულ ომში საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ვნახეთ არაერთი ასეთი აქტორი, ვისაც საეჭვო რეპუტაცია ჰქონდა”, – განაცხადა დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.

ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. მათი თქმით, „ქართული ოცნება“  დასავლურ ინსტიტუტებზე შეტევას აგრძელებს და ეს განცხადებაც ამის მორიგი მცდელობაა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილს მიაჩნია, რომ ხელისუფლება საზოგადოებას ანიშნებს, რომ “ქართული ოცნება” ევროკავშირის რეკომენდაციების სათანადოდ შესრულებას არ აპირებს და მოსახლეობას ნელ-ნელა რუსულ რელსებზე გადასვლისთვის ამზადებს.

„თურმე CNN და დასავლეთი არიან “გლობალური ომის ძალები” და ლავროვი და გავრილოვი ყოფილა კეთილისმყოფელი – კობახიძეს „გამორჩა” და გამოაქვეყნოს ტრანზიტთან დაკავშირებული სტატისტიკაც. კობახიძე აგრძელებს ანტიდასავლურ მავნებლურ პათოსს, რომ თავის ღალატი გაამართლოს. როცა CNN-ზე საუბრობს და მოიაზრებს “გლობალური ომის ძალის” შემადგენელ ნაწილად, როგორც დაამკვიდრეს ეს ტერმინი. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისთვის კი არ ემზადებიან, საქართველოს ამზადებენ რუსეთ-ბელარუსის კავშირში გასაწევრიანებლად“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.

ამერიკულ გავლენიან ტელეკომპანია CNN-ზე გასული გადაცემის შემდეგ,  თავისივე გამოხმაურება მმართველი პარტიის თავმჯდომარემ  შეაფასა, როგორც „მყისიერი რეაგირება“.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend