მექსიკაში თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონი ამოქმედდა. ქვეყანაში მოწევა უკვე აკრძალულია ნებისმიერ საჯარო სივრცეში, მათ შორის სასტუმროებში, პარკებსა და სანაპიროებზე. თამბაქოს მოწევის უფლება ადამიანს მხოლოდ საცხოვრებელ სახლში აქვს. ეს გადაწყვეტილება მექსიკის იმ ძირითადი კანონის ნაწილია, რომელიც თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს. კანონის ძალაში შესვლიდან მალევე, 48 საათში, ადგილობრივების აზრი ორად გაიყო.
მეხიკოში მცხოვრები პედროსთვის თამბაქოს აკრძალვის გადაწყვეტილება სწორიცაა და, ამავე დროს, არასამართლიანიც. კარგია იმ მხრივ, რომ მოწევა მავნებელია და საზოგადოება ამას ვერ ხვდება, თუმცა მიაჩნია, რომ ადამიანს თავისუფალი არჩევანი უნდა ჰქონდეს. როდესაც საქმე მის ჯანმრთელობას ეხება, თავად როგორც სურს, ისე უნდა მოიქცეს.
დანიელა, რომელიც ერთ-ერთ ბარში მიმტანად მუშაობს, შიშობს, რომ ხალხი აღარ შემოვა მათ დაწესებულებაში დასალევად, რადგან დღესდღეობით თითქმის ყველა მწეველია. მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება ბიზნესზეც.
საზოგადოებას აინტერესებს, როგორ აღასრულებს მთავრობა კანონს. მექსიკა ამ გადაწყვეტილებით უერთდება ირლანდიას, საბერძნეთს, მალტას, ესპანეთსა და უნგრეთს, სადაც ასევე აკრძალულია თამბაქოს მოწევა როგორც საჯარო, ისე სამუშაო სივრცეებში.