მთავარიმსოფლიოშეხვედრა დავოსში „მსოფლიო ეკონომიკური ომის“ ფონზე

შეხვედრა დავოსში „მსოფლიო ეკონომიკური ომის“ ფონზე

შვეიცარიის ალპურ სოფელში, დავოსში    2700-ზე მეტი დელეგატია შეკრებილი.  დღეს  ეს არის კიდევ ერთი პლატფორმა,  სადაც ლაპარაკობენ უკრაინაზე.  სადაც უსმენენ უკრაინას და სადაც უკრაინის სათქმელს ამბობენ. დღეს  მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინელი ხალხის სათქმელი პირველმა ლედიმ ჩაიტანა.  მან  ისევ მიმართა მსოფლიოს.  იმ მსოფლიოს, რომელიც მისი თქმით  დღეს არ არის ერთიანი.

ოლენა ზელენსკა, უკრაინის პირველი ლედი: „არის რაღაცები რაც გყოფთ. ყველა  თქვენგანი არ იყენებს თავის გავლენას. ხანდახან კი იყენებთ ისე, რომ უფრო მეტად იყოფით… რა არის ის მსოფლიო, სადაც ტანკებს შეუძლიათ ბირთვულ ელექტროსადგურებზე შესვლა? რა დაემართება ინფლაციას, როცა სახელმწიფო საზღვრების კოლაფსი მოხდება და ქვეყნის ერთიანობა დაირღვევა? რა ეღირება ცხოვრება მაშინ, როცა მილიონობით… არა მილიონობით კი არა,  ათეულობით მილიონი ადამიანი იძულებული იქნება გაიქცეს და გახდეს ლტოლვილი. კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება, თუკი აგრესორი არ დამარცხდება…“

და მას ისევ მეგობრებმა უპასუხეს. იმ მეგობრებმა, რომლებიც 2023 წელს უკრაინას 18 მილიარდ ამერიკულ დოლარს მხოლოდ საავადმყოფოებისა და სკოლებისთვის, ხელფასებისა და პენსიების გასაზრდელად ჰპირდებიან. უპასუხეს, რომ ევროპა მუდამ იდგება უკრაინის გვერდით.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე თქვა: „უკრაინამ მსოფლიო გააოცა. თებერვლის იმ საბედისწერო დილას ბევრს ეგონა, რომ კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა. მაგრამ მათ არ გაითვალისწინეს უკრაინელი ერის სულიერი და ფიზიკური ძალა. ოლენა, შენ და შენმა ძვირფასმა ხალხმა არამხოლოდ წინააღმდეგობა გაუწიეთ დამპყრობელს, არამედ მისი უკუგდებაც შეძელით.  არც მშვიდობიან მოსახლეობაზე დაუნდობელმა თავდასხმებმა და არც სიცივემ მოახდინა გავლენა თქვენს სულისკვეთებაზე. გასული წლიდან მოყოლებული თქვენმა სახელმწიფომ მთელი მსოფლიო შეძრა და შთააგონა მთელი ევროპა. და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ევროპა მუდამ თქვენს გვერდით იქნება“.

წლევანდელი შეხვედრა  დავოსში იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ყველაფერი ხომ ეკონომიკაზეა გადაჯაჭვული, მსოფლიო მშვიდობაც კი… დღეს ევროპის კონტინენტზე ომია და 21-ე საუკუნეში ომი არ ნიშნავს მხოლოდ სამხედრო კამპანიას, ის ჰიბრიდულია.

რუსეთის უკრაინაში შეჭრას უპრეცედენტო ეკონომიკური სანქციები მოჰყვა. დღეს მსოფლიოში ეკონომიკური ომია. სწორედ ამიტომ არის ეს შეხვედრა უფრო  მნიშვნელოვანი დღეს, ვიდრე   ოდესმე ყოფილა, თუნდაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს.  აქ დღეს ზოგი ინვესტიციებს ითხოვს, ზოგი კი იარაღს. ასე  გადაატრიალა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მსოფლიო და მათ შორის დავოსის ფორუმის ფორმატიც.

დავოსში მყოფი კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო  ამბობს:

„მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო დასავლეთს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გვიწევს. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ ეს პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. ჩვენ ვიხდით საფასურს ჩვენი  მოქალაქეების სიცოცხლეებით,  ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი სწრაფი დახმარება თავდაცვითი შეიარაღებით“.

მსოფლიო ეკონომიკური ომის ფონზე  შვეიცარიის ალპურ სოფელში არიან 52 სახელმწიფოს ლიდერი, წამყვანი ბიზნესები, ფინანსური და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ჰუმანიტარული მისიები, სამოქალაქო სექტორი და ა.შ. დავოსი დღეს ბევრისთვის არის კიდევ ერთი  თვითგამორკვევა. გარკვევა იმისა, თუ რომელ მხარეს დგანან, რა არის მათი კონტრიბუცია და როგორი შეიძლება იყოს თანამშრომლობა დაყოფილ მსოფლიოში.

დღეს ევროპა აცნობიერებს, რომ რუსულ ბუნებრივ რესურსებზე  დამოკიდებულება დიდი შეცდომა იყო. ამიტომ, დავოსში დღეს ისაუბრეს ევროპის მწვანე მომავალზე და იმ მწვანე გეგმებზე, რომლებიც ევროკავშირმა 2050 წლისთვის დასახა.

დღეს დავოსში ითქვა, რომ რუსული ბუნებრივი რესურსებისგან გათავისუფლება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ევროპა დამოკიდებული უნდა გახდეს ჩინურ რესურსებზე, რომლებიც ელექტრო ბატარეების წარმოებისთვის არის აუცილებელი.

ევროპა რესურსების მიღების გზების დივერსიფიცირებას ახდენს და როგორც ჩანს ერთ-ერთი გეგმა საქართველოზეც გადის.

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, 19 იანვარს ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე სწორედ სამხრეთ კავკასიის დერეფნის მნიშვნელობაზე ილაპარაკებენ.

მანამდე კი, შვეიცარიაში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს მართავს. ის უკვე შეხვდა შვედური გადამზიდავი კომპანიის, „სტენა ლაინის“ აღმასრულებელ დირექტორს, კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს, ასევე ერთ-ერთ უმსხვილეს ჰიპერმარკეტების ქსელს. მიზანი ინვესტიციების მოზიდვა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაცნობაა.

თუმცა, ფაქტია, რომ დღეს გლობალური გამოწვევა მხოლოდ ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომი არ არის. გლობალური ეკონომიკა ხომ ცოცხალი ორგანიზმია და მასზე აისახება ყველაფერი. მათ შორის ის ომიც, რომელიც ადამიანს გარემოსთან გაუჩაღებია. კლიმატი, ომი, პანდემიები, პოლიტიკური კრიზისები და ის ყველაფერი, რაც მსოფლიოს ელის და გამოიარა.

„ჩვენი თაობა მიუახლოვდა გარდამტეხ წერტილს,  როდესაც შეეჩეხა ისეთ პრობლემებს, როგორიც არის კლიმატის ცვლილება, ბუნებრივი რესურსების გამოყენება, შესაძლო ბირთვული ინციდენტები და ომები, ექსტრემალური სიტუაციები, ვირუსები…  ყოველი მათგანი მსოფლიო მოსახლეობის ნაწილს განადგურების საფრთხეა“, – განაცხადა კლაუს შვაბმა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა  და აღმასრულებელმა  თავმჯდომარემ.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში 20 იანვრამდე გაგრძელდება.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend