2021 წლის 5 ივლისს, მედიის წარმომადგენლების დარბევის საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, 16 იანვრის სხდომაზე მოსამართლე მაია თეთრაულმა გამოაცხადა.
ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულ 6 პირს პატიმრობის ვადა 5-დან 4 წლამდე შეუმცირდათ. სააპელაციო სასამართლოსგან პროკურატურა 5 პირის მიმართ, საქალაქო სასამართლოს სასჯელის ძალაში დატოვებას, ერთი პირის მიმართ კი ბრალის დამძიმებას ითხოვდა.
სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებების მიუხედავად, სიძულვილის გამოხმატველი ჯგუფების წარმომადგენლებს სასჯელი გამკაცრების ნაცვლად შეუმცირა.
იმის მიუხედავად, რომ მოსამართლემ ექვსივე მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირა, გადაწყვეტილება მათი პატიმრობაში დატოვების შესახებ მიუღებელი აღმოჩნდა ძალადობაში ბრალდებულთა ახლობლებისა და მხარდამჭერებისთვის. ისინი კვლავ აგრესიულად მიმართავდნენ ჟურნალისტებს და მედიის სხვა წარმომადგენლებს და სხდომათა დარბაზი ხმაურითა და შეურაცხყომფელი შეძახილებით დატოვეს. ამ ფონზე კი არც შენობაში და არც სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია არ იმყოფებოდა. მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოებას მხოლოდ სასამართლოს რამდენიმე მანდატური იცავდა.
ბრალდების მხარე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. პროკურორმა თამარ იაკობიძემ სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოსამართლე მაია თეთრაულის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას პროკურატურა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. მას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულთა წინააღმდეგ პროკურატურას მყარი ფაქტები ჰქონდა, მათ შორის ვიდეო კამერების ჩანაწერები.
„პროკურატურა კატეგორიულად არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ განაჩენს, ვინაიდან, როგორც მოვისმინეთ, სააპელაციო სასამართლომ 225-ე მუხლის ნაწილში, რაც გულისხმობს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, მსჯავრდებულები გაამართლა. თუმცა დამნაშავედ ცნო ბრალად წარდგენილ სხვა ქმედებაში. ამასთან, შეუმსუბუქა დანიშნული სასჯელი და განუსაზღვრა ოთხ-ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების მხარე აღნიშნულ განაჩენს კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საქართველოს პროკურატურამ ყველა შესაძლო მტკიცებულება წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როდესაც ხდებოდა მტკიცებულების გამოკვლევა. რას დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო, როდესაც აღნიშნულ ნაწილში გაამართლა მსჯავრდებულები, ამ ეტაპზე არ მაქვს პასუხი, ვინაიდან სასამართლოს დასაბუთებული განაჩენი ჩაბარებული არ არის. როდესაც განაჩენს ჩავიბარებთ, თითოეულ მსჯელობას დასაბუთებულს წარვადგენთ უზენაეს სასამართლოში“, – განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.
საბოლოო ჯამში მოსამართლემ მსჯავრდებულები სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს, გაამართლა, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დამნაშავედ ცნო და ექვსივე პირს 4-4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
დაკავებული პირებიდან ბრალს ამ დრომდე არც ერთი აღიარებს.
2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით 27 პირი დააკავეს. დაზარალებულად 56 პირია ცნობილი, მათ შორის 47 ჟურნალისტია. მსჯავრდებულების მინიმალური სასჯელი 1 წელია, მაქსიმალური კი 5. სავარაუდოდ საქმის განხილვა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს.
ალეკო გვეტაძე