ჩრდილოეთ საბერძნეთში, ალექსანდრუპოლისში, ბუნებრივ აირზე მომუშვე ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. ელექტროსადგურს თხევად ბუნებრივ აირს მიაწოდებს მცურავი ტერმინალი, რომლის მშენებლობაც პარალელურად მიმდინარეობს.
საბერძნეთისთვის ეს დიდი ნაბიჯია ელექტროენერგიის ექსპორტის პოტენციალის გასაზრდელად, ევროპისთვის კი – კონტინენტისთვის ენერგოდამოუკიდებლობის მხარდაჭერის კიდევ ერთი საშუალებაა.
საბერძნეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მშენებარე ელექტროსადგური კიდევ უფრო გააძლიერებს ევროპის ენერგოდამოუკიდებლობას, რადგან ისინი გამოიყენებენ თხევად ბუნებრივ აირს, რომელსაც, გაზსადენის ნაცვლად, გემებით მიიღებენ.
მშენებლობის დაწყების ცერემონიას ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი როსენ ჰრისტოვიც დაესწრო. ბულგარეთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელშიც ამ სადგურზე გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდება.
ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი მიესალმება ამ პროექტის მშენებლობის დაწყებას, რადგან ის უზრუნველყოფს უფრო მეტ სტაბილურობას რეგიონში და გააძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას არა მხოლოდ საბერძნეთისთვის, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვისაც, სადაც ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.
საბერძნეთი ასევე მუშაობს, დროულად აშენდეს ბალკანეთის ქვეყნებში ექსპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
საბერძნეთის ელექტროგადამცემი ოპერატორის პრეზიდენტი მანუსოს მანუსაკისი აღნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ, მიაწოდონ ელექტროენერგია არა მხოლოდ ბულგარეთს, არამედ ჩრდილოეთ მაკედონიას, კოსოვოსა და სერბეთს. მისი თქმით, ბერძნული მხარე ელექტროენერგიის თვალსაზრისით მჭიდრო კავშირების დამყარებაზე მუშაობს.
სუფთა ენერგიის საჭიროების შესაბამისად, ალექსანდრუპოლისის ახალი ელექტროსადგური ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის წყალბადის გამოყენებასაც შეძლებს. ახალი ქარხნის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება.