ისლანდიის დედაქალაქში ევროპული კინოს 35-ე დაჯილდოება გაიმართა. გამარჯვებულის გამოვლენა რთული აღმოჩნდა, თუმცა ერთ-ერთმა ფილმმა დანარჩენებზე დიდი მოწონება დაიმსახურა.
ეს ფილმი „სევდის სამკუთხედია“. შვედი რეჟისორის, რუბენ ოსტლუნდის ნამუშევარი, რომელმაც გაიმარჯვა სამ ნომინაციაში – საუკეთესო სცენარისთვის, საუკეთესო რეჟისორისთვის და საუკეთესო მსახიობისთვის.
ფილმი ე.წ. პრივილეგირებული ჯგუფის ნამდვილ და საშინელ სახეს გვაჩვენებს. მოქმედება ძვირადღირებულ კრუიზზე ხდება.
ორი ფოტომოდელი მოდის სამყაროს გაცნობას ცდილობს და მდიდრულ იახტაზე აღმოჩნდებიან, სადაც ე.წ. მაღალი წრის საზოგადოებაა შეკრებილი. მათ შორის არიან მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები, რუსი ოლიგარქი და ბრიტანელი იარაღით მოვაჭრე.
რეჟისორი გვიყვება მდიდრებზე, ვისთვისაც ყველაფერი ნებადართულია და ასევე გვაჩვენებს 250 მილიონი დოლარის ღირებულების გემის მომსახურე პერსონალსაც, რომლებსაც უარის თქმა აუკრძალეს და უბრძანეს, რომ მდიდრების ნებისმიერი მოთხოვნა უნდა შესრულდეს.
გემზე წვეულება გაიმართება, თუმცა მალევე ქარიშხალი იწყება და ვახშმის დროს მგზავრებს ზღვის მძიმე ავადმყოფობა ემართებათ. შედეგად კრუიზი კატასტროფას განიცდის. ფოტომოდელები მილიარდერების ჯგუფთან და გემის ერთ-ერთ დამლაგებელთან ერთად უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდებიან და მოულოდნელად იერარქია თავდაყირა დგება, რადგან დამლაგებელი ერთადერთია ვინც თევზაობა იცის.
„ერთ-ერთმა ჩემს ლექტორს უნივერსიტეტში სწავლის დროს ჰკითხეს შეუძლია თუ არა ფილმს სამყაროს შეცვლა. მან კი უპასუხა, რომ ყველა ფილმი ცვლის სამყაროს. და სხვა ყველაფერი მხოლოდ კონკურენციაა იმისათვის, რომ ფილმმა სხვებზე მეტი ყურადღება მიიღოს. და ეს დაჯილდოებაც ყურადღების მიპყრობის ერთ-ერთი გზაა. გზა იმისა, რომ, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს ფილმი. ასე რომ თუ ისეთი რამ გაქვთ რისი თქმაც გსურთ, ეს ჯილდო ბრძოლად ღირს“, – ამბობს რუბენ ოსტლუნდი, რეჟისორი.
რეიკიავიკმა ევროპელ კინემატოგრაფებს დაჯილდოების ულამაზესი გარემო შესთავაზა. ცერემონია მრავალფეროვანი იყო. ფილმი კი „სევდის სამკუთხედი“ რომელმაც თითქმის ყველა ჯილდო მოიგო, ევროპული წარმოების შესანიშნავი მაგალითია. ფილმმა გააერთიანა შვედეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, თურქეთი, დანია და დიდი ბრიტანეთი.