საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო. საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განხილვას მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო. სასამართლო პროცესზე საქმის მოსამართლეს წარედგინა კლინიკა „ვივამედის“ ცნობა, რომლის მიხედვითაც ექიმი მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ მოსამართლემ სხდომის გადადების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივით მიიღო. ადვოკატები ამბობენ, რომ სასამართლო პროცესის გადადება ბრალდებული მესამე პრეზიდენტის უფლებებს არღვევს.
“მე მინდა კარგად გავაანალიზოთ კონტექსტი, როცა ბოლო რამდენიმე თვეა სასამართლო მიხეილ სააკაშვილს უვარდება პალატაში და ავადმყოფ ადამიანს სთხოვს, რომ პროცესში მონაწილეობა მიიღოს. დღევანდელ სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი პენიტენციური სამსახურის არც გადაწყვეტილება და არც ოქმი, ერთადერთი დოკუმენტი იყო ცნობა სამკურნალო დაწესებულებიდან, რომელიც ამბობდა რომ ექიმებს არ მიაჩნდათ მიზანშეწონილად პრეზიდენტის ტრანსპორტირება, თუმცა ჩვენ გვახსოვს არაერთი შემთხვევა, როცა ამგვარი ცნობის პირობებშიც იყო მცდელობა სხდომის ჩატარებისა და უფრო მეტიც, იყო პალატაში შევარდნისა და პროცესის საავადმყოფოში ჩატარების მცდელობა. ამიტომ დღევანდელი გადაწყვეტილება რა თქმა უნდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდების მხარეს განმარტებები არ გაუკეთებია. პროკურორმა დარბაზი კომენტარის გარეშე დატოვა.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მივიდნენ მისი ოჯახის წევრები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები. მესამე პრეზიდენტის დედამ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, რომ ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დასასწრებად მზად იყო.
“მე ძალიან ვღელავ, დღეს დილით ვნახე ჩემი შვილი და ჩვეულებრივად ცუდად, სუსტად იყო, უკეთდებოდა გადასხმა, მაგრამ განწყობილი იყო მოსასვლელად, აპირებდა თითქოს მოსვლას, შემდეგ აქ ბევრი ხალხი დამხვდა, ეს ადამიანებიც მოვიდნენ დარწმუნებულნი, რომ შედგებოდა სხდომა, დაიწყო სხდომა და მოსამართლემ შეგვატყობინა რომ გადაიდო გაურკვეველი ვადით, მაგრამ მიზეზი ვერ გავიგე. ვღელავ, ვფიქრობ ახლა, იქნებ უფრო ცუდად ხომ არ გახდა ისე, რომ მისი ტრანსპორტირება შეუძლებელი გახდა”, — წუხს მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია.
დღესვე, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ სახალხო დამცველმა პირადად მოინახულა. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული.
„ვნახე მიხეილ სააკაშვილი, პირადად ვესაუბრე, ასევე შევხვდი მის მკურნალ ექიმს და ადვოკატს. პირველ რიგში ვიტყვი, რომ მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით 10 წუთი ვესაუბრე იმიტომ, რომ უფრო დიდხანს მას, ვხვდები, რომ უჭირს და არ შეუძლია საუბარი. მახსოვს როგორი იყო ის შარშან იანვარში გორის ჰოსპიტალში და ვიზუალურად განსხვავება არის ძალიან თვალშისაცემი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის, ჩემი აზრით, ნამდვილად, მკვეთრად გაუარესებული იმ პერიოდიდან მოყოლებული. წონა მკვეთრად დაკარგა და პრაქტიკულად სულ წევს”, — ამბობს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
ჯერ არ არის ცნობილი როდის გაიმართება მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს ამის შესახებ დაცვის მხარისთვის ინფორმაცია ჯერ არ მიუწოდებია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ კვლავ კლინიკა „ვივამედში“ რჩება.