ცხრამუხის დედათა მონასტერში ჩადენილი გაუპატიურება და ყაჩაღობა სოციალური ქსელში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა.
განსაკუთრებით ბევრი კრიტიკული კომენტარი დაიწერა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლის ანდრია ჯაღმაიძის პოსტთან დაკავშირებით, რომელმაც მომხდარში ნაწილობრივ მედია დაადანაშაულა.
ჯაღმაიძის განცხადებით, ქვეყანაში მასმედიის ნაწილის მხრიდან მიმდინარეობს ანტიეკლესიური კამპანია, რასაც მოსახლეობის ნაწილზე ურაყოფითი გავლენა აქვს.
„რა ხდება ამ ყველაფრის შემყურე ავაზაკის გონებაში, რომელსაც ხალხის არ რცხვენია? თუ ხედავს, რომ დასაშვებია ეკლესიის გამუდმებული დადანაშაულება ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკის გატარებაში, თუ ხედავს, რომ დასაშვებია, სვეტიცხოვლის ეზოში სვეტიცხოვლობა დღეს სასულიერო პირებს „ბანდიტები“ უწოდოს (,,ტვ პირველი”) ჟურნალისტმა, თუ დასაშვებია მსახურებების ჩაშლა (,,მთავარი არხის” ჟურნალისტის მიერ მარტვილის ტაძარში) და პატრიარქის ქვეყნის მტრად გამოცხადება, რაღა რჩება იქიდან, რისი დაშვებაც შესაძლებელია იმ ავაზაკი ადამიანის გონებაში, რომელსაც ღმერთის არ ეშინია?! – ის, რაც მოხდა დღეს ხაშურის დედათა მონასტერში”, – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.
კომენტარს გამოეხმაურა მედიის ადვოკატირების კოალიცია. კოალიციაში მიიჩნევენ, რომ მომხდარ დანაშაულთან საპატრიარქოს წარმომადგენლის მიერ მედიის დადანაშაულება, ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ახალისებს და მათზე თავდასხმის რისკებს ზრდის.
“საგანგაშოა, რომ Საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მომხდენი პირები და ორგანიზაციები, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქო, თავისი მტრული დამოკიდებულებით და განცხადებებით ხელს უწყობენ მედიის მიმართ კიდევ უფრო აგრესიული გარემოს შექმნას”, – აღნიშნავენ კოალიციაში.
საპატრიარქოს წარმომადგენლის განცხადებას ეხმაურება პარტია “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის” ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე.
“იქნებ ეს ტრაგედია იმის ბრალია რომ მედიამ კი არა, თქვენ, საპატრიარქომ, მოახდინეთ ქრისტიანობის სრული პროფანაცია და ქრისტეს ეკლესია აქციეთ ძალადობის მთავარ მქადაგებელ, ‘გამპრავებელ’ და დამორგანიზებელ ინსტიტუტად?“ , – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებას აქვეყნებს ფეისბუკგვერდზე საქართველოს სახალხო დამცველიც ნინო ლომჯარია.
“თერჯოლის ტრაგედიიდან ძალიან მალე უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული მოხდა ცხრამუხის მონასტერში, მთელი ქვეყანა შეძრულია, მაგრამ ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონტრეტული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია. ხვალ შეიძლება ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე, რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს, იძალადოს, რაც გვინახავს უკვე არაერთგზის. არ შეიძლება, სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა. მინდა ვუსურვო ძალადობის მსხვერპლ ქალს სწრაფი გამოჯანმრთელება! იმედი მაქვს, ამ მძიმე დროს გარშემომყოფებისგან სათანადო ემოციურ მხარდაჭერას მიიღებს”, – აცხადებს ლომჯარია.
საქართველოს პროკურატორის ოფიციალური განცხადებით, 25 ნოემბერს ცხრამუხის მოანსტრის კელიაში მონაზონს ორი პირი დაესხა თავს და ძალადობის მუქარით მას ფული და ძვირფასეულობა მოსთხოვა.
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ორ დაკავებულ პირს მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე, რაც თხუთმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.