რუსული პროპაგანდა აგრძელებს უკრაინისა და დასავლეთის დისკრედიტაციის მიზნით დეზინფორმაციის გავრცელებას. ერთ-ერთი მიზანია, შეიქმნას მოკავშირეებს შორის დაპირსპირების არსებობის შთაბეჭდილება
„მითების დეტექტორმა” სოციალურ ქსელში „ალტინფოს” მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია გადაამოწმა.
გავრცელებულ პოსტზე მითითებულია, რომ სატირულ ჟურნალ “შარლი ებდოს” 16 ნოემბრის ნომრის გარეკანზე გამოქვეყნდა კარიკატურა, რომელის თემა პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნას ეხება.
გაყალბებულ გარეკანზე გვხვდება წარწერა “ვოლინის ხოცვა-ჟლეტა 2.0”, რითაც რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნა პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დროს ვოლინის ტრაგედიასთან არის დაკავშირებული.
ვოლინის მოვლენებს პოლონეთი გენოციდად აღიარებს და აცხადებს, რომ უკრაინელმა ნაციონალისტებმა 1943-1945 წლებში 100 000 პოლონელი დახოცეს.
“შარლი ებდოს” ოფიციალურ ტვიტერ და ფეისბუქ გვერდებზე, ასევე ვებსაიტზე მსგავს გარეკანს, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტის თემას ეხება, არ ვხვდებით.
16 ნოემბრის გარეკანის კარიკატურა ჟურნალში სულ სხვაგვარად გამოიყურება და უკრაინის თემას არ ეხება.
კიდევ ერთი დეზინფორმაცია ასევე შეეხება პოლონეთს. „ფაქტ-მეტრის” მკვლევრებმა შეამოწმეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თითქოს პოლონეთი წყვეტს უკრაინელი ლტოლვილების დახმარებას და მათთვის უფასო საცხოვრებელი სახლის უზრუნველყოფას.
სტატიაში მოყვანილია უკრაინელ ლტოლვილთა საკითხებში პოლონეთის მთავრობრის წარმომადგენელი პაველ შეფერნაკერის ციტატები, სადაც ის უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებულ რამდენიმე სამთავრობო ინიციატივაზე საუბრობს.
პოლონური კანონმდებლობის მიხედვით, ლტოლვილები, რომლებიც 9 თვეზე მეტ ხანს რჩებიან ქვეყანაში, ვალდებულები არიან, ბინადრობის უფლების გაგრძელების მოთხოვნით შესაბამის უწყებებს მიმართონ.
თუმცა პოლონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინელ ლტოლვილებს ეს ვადები ავტომატურად გაუხანგრძლივდეთ და ამ პროცედურების გავლა არ მოუწიოთ.
ამასთან, რაც შეეხება უფასო საცხოვრებლის პროგრამის გაუქმებას, პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ომის დაწყების შემდეგ 500 ათასამდე უკრაინელი ლტოლვილი უკვე დასაქმებულია პოლონეთში და მათ საკუთარი ხარჯების გაღება უნდა დაიწყონ.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო დაფარავს იმ ლტოლვილების 3 თვის ხარჯების 50%-ს, რომლებიც სპეციალურ ლტოლვილთა ბანაკებში იმყოფებიან , თუმცა სამი თვის შემდეგ ლტოლვილებმა თავად უნდა დაიწყონ საკუთარი თავის უზრუნველყოფა.
აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა, არ შეეხებათ პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს და მთავრობა დამატებით ასევე იმსჯელებს სხვა მოწყვლადი ჯგუფების გამოვლენაზე.