ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პირველი ლედი ჯილ ბაიდენი გახდა. პირველი ლედის როლი ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში დროის განმავლობაში იცვლებოდა. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ისინი აქტიურად ერთვებოდნენ მეუღლეების საქმიანობაში. მათი მნიშვნელობის ხაზგასასმელად ვაშინგტონში პორტრეტების ეროვნულმა გალერეამ გამოფენა მოაწყო.
ჯილ ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პირველი ლედია. იგი პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად საცხოვრებლად თეთრ სახლში გადავა. მელანიას კი შენობის დატოვება მოუწია.
ვაშინგტონში პორტრეტების ეროვნულ გალერეაში ამერიკის პრეზიდენტთა ცოლების პორტრეტების ონლაინგამოფენა მოეწყო. საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, ნახოს თუ რა გავლენა იქონიეს მათ პოლიტიკასა და სოციალურ ყოფაზე.
პირველი ლედის როლი კონსტიტუციაში გაწერილი არაა. სამართლებრივად მათ არანაირი პასუხისმგებლობა არ აკისრიათ. მათი ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში დროთა განმავლობაში ნელ-ნელა იზრდებოდა.
ამერიკის ყველაზე ცნობილი პირველი ლედი, სავარაუდოდ, ჟაკლინ კენედია. იგი იყო პირველი, რომლის ცხოვრებითაც საერთაშორისო მედია აქტიურად დაინტერესდა.
მას შემდეგ პირველ ლედის მეტ ყურადღებას უთმობდნენ. საზოგადოება მათ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის წარმომადგენლებად აღიქვამდა. იმის შემდეგ, რაც ბეტი ფორდმა საჯაროდ ისაუბრა, რომ მკერდის კიბოთი იყო დაავადებული, მილიონობით ქალმა საკუთარი სხეული შეამოწმა. როზალინ კარტერი პოლიტიკურად აქტიური იყო. იგი ხშირად ესწრებოდა მთავრობის შეხვედრებს და თავისი ქმრის უახლოეს მრჩევლადაც ითვლებოდა. ნენსი რეიგანი კი აქტიურად იყო ჩართული ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში.
წარსულში საზოგადოებას უფრო მეტად მოსწონდა ისეთი პირველი ლედი, რომელიც დიასახლისი და დედაც იყო და დიდად არ ერთვებოდა პოლიტიკაში. ბარბარა და ლორა ბუშები უფრო პოპულარულები იყვნენ, ვიდრე პოლიტიკური ამბიციების მქონე ჰილარი კლინტონი.
მიშელ ობამა ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი აფროამერიკელი პირველი ლედი. იგი დღესაც ძალიან პოპულარულია. ამერიკელთა გამოკითხვებით, იგი უკვე მესამე წელია, რაც ქვეყნის ყველაზე პატივსაცემი ქალია.
ამერიკას ჯერ კიდევ არ ჰყოლია პირველი ჯენტლმენი. პირველი ლედის პორტრეტების გამოფენის ნახვა ინტერნეტის საშუალებით არის შესაძლებელი.