სხვადასხვა მარცვლეულით დატვირთული გემები სტამბოლის მახლობლად მიცურავდნენ. რუსეთმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვისგან თავი შეიკავა.
როგორც ცნობილია, შაბათს სევასტოპოლის პორტზე თავდასხმის შემდეგ მოსკოვმა დატოვა გაეროს მიერ მხარდაჭერილი შეთანხმება, რომელიც მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტს ითვალისწინებს.
თუმცა მიუხედავად ამისა, უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული გემების გასვლას ხელი არ შეუშალა. რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა, რომ მან თავდასხმებისთვის საექსპორტო დერეფანი გამოიყენა. გაერო ამ ბრალდებას არ ეთანხმება.
”ყველასთვის ნათელი რომ იყოს მინდა განვმარტო, რომ არასდროს გამოგვიყენებია სამხედრო ხომალდი ან თვითმფრინავი, რომელიმე მხარის ინიციატივის მხარდასაჭერად. ფაქტობრივად, მათ, მხარეების მიერ შეთანხმებული პროცედურების მიხედვით, ეკრძალებათ სატვირთო გემებთან ათ საზღვაო მილზე უფრო ახლოს მიახლოება“, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტსმა.
მოსკოვს გარანტიები სურს, რომ უკრაინა მარცვლეულის საექსპორტო დერეფანს სამხედრო მიზნებისთვის არ გამოიყენებს.
„რუსულ მხარეს არ შეუძლია, შავი ზღვის ინიციატივაში მონაწილე სამოქალაქო გემების უსაფრთხოების გარანტია უზრუნველყოს. ჩვენ არ გვინდა, რომ კიევმა, დასავლეთის მხარდაჭერით, ისევ მოაწყოს ტერორისტული აქტები. ამიტომ, იძულებული ვართ, 29 ოქტომბერს, გაურკვეველი ვადით შევაჩეროთ ამ ინიციატივის განხორციელება“, – განაცხადა რუსეთის ელჩმა გაეროში ვასილი ნებენზიამ.
თურქეთი, რომელიც ამ შეთანხმების მთავარი შუამავალია გაეროსთან ერთად, დაჟინებით მოითხოვს ყველა მხარესთან მოლაპარაკების გაგრძელებას, რათა მარცვლეული ჩავიდეს დანიშნულების ადგილამდე. უკრაინა აცხადებს, რომ მოსკოვი “ცრუ საბაბს” იყენებს შეთანხმების შესაჩერებლად.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლაპარაკებები გამართა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიუ გუტერეშთან. როგორც მან ტვიტერზე განაცხადა, უკრაინა კვლავ შეთანხმების ერთგული და სასურსათო უსაფრთხოების გარანტია. მისი თქმით, ბირთვულ შანტაჟზე მსოფლიოს უნდა ჰქონდეს მკაცრი რეაქცია.
ბოლო სამ თვეში შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფარგლებში მსოფლიო ბაზარზე რუსეთიდან და უკრაინიდან თითქმის 10 მილიონი ტონა მარცვლეული და საკვები პროდუქტების გატანა მოხერხდა, რამაც ცოტათი მაინც შეამსუბუქა ის კრიზისი, რომელმაც ღარიბი ქვეყნები დააზარალა.