საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიას 6 სექტემბრიდან იწყებს.
პირველივე კვირას „ქართული ოცნების“ დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს სპრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევაა.
საუბარია პარლამენტის მიერ ფარული მოსმენა-მიყურადების თაობაზე დაჩქარებული წესით მიღებულ კანონზე. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათ მიერ შემუშავებული კანონით არც ადამიანის უფლებები ირღვევა და ის არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას ეწინააღმდეგება.
„ყველა თანხმდება, რომ ე.წ. მოსმენების კანონს ნული სამართლებრივი პრობლემა აქვს. არავის აქვს შენიშვნა, რომ ამ კანონით რომელიმე უფლებრივი სტანდარტის დარღვევა ხდება. მაგალითად, არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას არ ეწინააღმდეგება. სამართლებრივი შენიშვნა არ არის და სამართლებრივი არგუმენტი არ არის. იგივე რიტორიკა დარჩა, რაც მანამდე გვესმოდა. პარლამენტმა კანონპროექტის განხილვას სამი თვე მოანდომა. პროცესში ჩართული იყო ყველა დაინტერესებული მხარე. არც ერთ ჯერზე სამართალებრივი დასკვნა არ იყო წარმოდგენილი. ვენეციის კომისიამ უნდა თქვას, ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება თუ არა რომელიმე საერთაშორისო პრაქტიკას ან ადამიანის უფლებებს. ვენეციის კომისიამ გვითხრა, რომ ეს არც ერთ სტანდარტს არ ეწინააღმდეგება”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ე.წ. მოსმენების კანონი სახელმწიფოს რეპრესიული ინსტიტუტის გაძლიერებაა. მათივე შეფასებით, ის ევროსაბჭოს რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.
„მოსმენების კანონი არის პირდაპირ რეპრესიული ინსტიტუტის გაძლიერება და, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება 12 პუქნტის შესრულებას. პრეზიდენტის ვეტოც ამით იყო განპირობებული და ჩვენი პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით იყო ამით განპირობებული. შესაბამისად, ძალიან ნიშანდობლვია ვეტოს დაძლევის „ქართული ოცნების“ პოზიცია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ისინი არ აპირებენ 12 პუნქტის შესრულებას და არ აპირებენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის ბრძოლას“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როცა, რომც ვერ გადალახოს ეს ვეტო, არსებითად ქვეყანაში არაფერი არ იცვლება. იმიტომ, რომ ეს რეჟიმი არ მართავს ქვეყანას კანონებითა და კონსტიტუციით. ეს კანონპროექტი ცუდი კანონპროექტია და ეს ყველამ იცის, იმიტომ, რომ უადვილებს ამ არალეგიტიმურ რეჟიმს უკანონოების ჩადენას, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ იმ ფაზაში ვართ უკვე, რომ ცალკეული მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ეს კანონპროექტი, აღარ ცვლის არსებითად. ცვლილება მხოლოდ შეუძლია რეჟიმის ჩამოცილებას ძალაუფლებიდან“, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურბაიშვილმა ე.წ. მოსმენების კანონს ვეტო 22 ივნისს დაადო. მან ეს გადაწყვეტილება არაერთხელ განმარტა. ის ამბობდა, რომ ეს იყო სამართლებრივზე მეტად პოლიტიკური ვეტო. სულ რამდენიმე დღის წინ კი პრეზიდენტის კრიტიკა კიდევ უფრო გამწვავდა.
„ჩვენ ვიცით, რომ ვცხოვრობთ ჯერ კიდევ ქვეყანაში, სადაც ყველანი, სადმე რომ შევდივართ და რამეს საუბარი რომ გვინდა, ვფიქრობთ იმაზე, ტელეფონი დავიტოვოთ, თუ გავიტანოთ, მერე ვძლევთ ამას და ვამბობთ – ჯანდაბა, იყოს ეს ტელეფონი და მოუსმინონ რასაც უნდათ. ეს არ არის ევროპული ცხოვრება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
ე.წ. მოსმენების კანონს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორებიც არაერთხელ გამოეხმაურნენ. მათ შორის, ვენეციის კომისიამ ფარული საგამოძიებო მოქმედების გარშემო მიღებულ კანონპროექტს ნაჩქარევად მიღებული უწოდა და ხელისუფლებას გადახედვისკენ მოუწოდა.
ანა ალელიშვილი