საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი 2022-ზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ილიას ზუროსის გუნდმა “თბილისი არენაზე” თურქეთის ნაკრები 88:83 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებს სანდრო მამუკელაშვილმა ულიდერა, “მილოუკი ბაქსის” კალათბურთელმა 20 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. გიორგი შერმადინის ანგარიშზე 15 ქულა და 7 მოხსნაა, 15 ქულა აიღო რატი ანდრონიკაშვილმაც, თად მაკფადენმა კი 17 ქულა მოიპოვა.
საქართველომ მატჩი მეორე ოვერტაიმში მოიგო. მასპინძლებს 1 მოგება და 2 მარცხი აქვთ, წინ კიდევ 2 თამაშია.
“სიტყვებს ვერ ვპოულობ, როგორ მივულოცო ჩემს კალათბურთელებს. დღეს ისინი საამაყოები იყვნენ ჩვენთვის, ყველასათვის, მთელი ქვეყნისთვის და ერისთვის. მათ პირველიდან ბოლო წამამდე იბრძოლეს. ჩვენ 50 წუთი კალათბურთი ვითამაშეთ! წამყვანი კალათბურთელებლი გვაკლია, თქვენ ეს იცით. გვაკლია გოგა, გვაკლია თოკოც. ზოგიერთმა თამაში ვერ დაასრულა (იცინის – რედ). ჩვენთვის ამ თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო! ასევე ვულოცავ ჩემს სამწვრთნელო შტაბს – მათ ამ დღეებში საოცარი სამუშაო გასწიეს.
გარდა ამისა, ასევე ვერ ვპოულობ სიტყვებს, როგორ გამოვხატო ჩემი სიყვარული ამ ხალხის მიმართ. გულშემატკივრებს ვგულისხმობ. საოცარი ატმოსფერო იყო, დაუჯერებელი გარემო. მათ ეს თამაში მოგვაგებინეს! მათ მგვცეს ძალა, რომ უფრო და უფრო მაგრად გვებრძოლა. და ჩვენ მოვიგეთ ეს მატჩი შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ძალიან მაგარი კალათბურთელები და ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს
აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ საქმე ჯერ ბოლომდე არ მიგვიყვანია. ეს მოგება უფრო თავდაჯერებისთვისაა კარგი. იმისათვის, რომ ჯგუფიდან გავიდეთ, კიდევ გვჭირდება გამარჯვება ბოლო თამაშში მონტენეგროსთან და პლუს გამარჯვება ბულგარეთთან, მანამდე. 3 მოგებით ჯგუფიდან გავალთ. თუ არა და გვჭირდება 2 მოგება და დამოკიდებული ვიქნებით სხვა შედეგებზეც. კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, ზეიმის უფლება ჯერ არ გვაქვს. არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა მოხდა დღეს. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა იქნება მომდევნო დღეებში. კიდევ ერთხელ: ვულოცავ გულშემატკივრებს და თურქეთის ნაკრებს მომდევნო მატჩებში წარმატებას ვუსურვებ,”- განაცხადა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა.
6 სექტემბერს საქართველო ბულგარეთს დაუპირისპირდება, 7 სექტემბერს კი მონტენეგროს შეხვდება.