რუსული არმია ნელ-ნელ იკავებს ტერიტორიებს აღმოსავლეთ დონბასში. სამხედრო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსული ძალები ამჟამად ყურადღებას ამახვილებენ დონეცკის პროვინციის ქალაქების ბახმუტისა და სივერსკის აღებაზე.
ხალხი მუდმივად ბომბების ქვეშ ცხოვრობს ქალაქ სოლედარისა და ბახმუტის უბნებში. იქ ყოფნა სახიფათოა, მაგრამ ისინი მაინც არ ტოვებენ საკუთარ სახლებს.
ბახმუტი იმდენად განადგურებულია, რომ იქაურებმა უკვე იმედიც დაკარგეს, რომ მშვიდობა ოდესმე იქნება.
დონბასში მდებარე ქალაქი სოლედარი ოკუპანტებს არ აუღიათ, თუმცა განუწყვეტლივ ბომბავენ. გზებზე ჭურვების ნამსხვრევები ყრია. სოლედარელები ბომბის თავშესაფრებთან იკრიბებიან ხოლმე, იმ სანატრელი შუალედების დროს, როცა დაბომბვის საფრთხე ნაკლებია.
ქალაქის ერთ-ერთი მცხოვრები ამბობს, რომ მისთვის ცხოვრება დასრულდა, რადგან ის, სადაც ახლა ცხოვრობს მისთვის ჯოჯოხეთია: „რა გითხრათ აბა? როგორ ვცხოვრობთ?…. როგორ უნდა ვცხოვრობდეთ როცა ჩვენს თავზე ისვრიან. ძილი შესაძლებელია? თან ბავშვებიც არიან… პატარა ბავშვები…“
კიდევ ერთი ქალაქი, რომელსაც რუსეთი ინტენსიურად ბომბავს ბახმუტია. ის ოკუპანტების მთავარი სამიზნეა. იქ ვითარება კიდევ უფრო ტრაგიკულია.
ბახმუტში პესიმიზმმა დაისადგურა. ომის დაწყების დღიდან იქ განუწყვეტლივ ისვრიან და უკვე ხალხმაც დაკარგა იმედი.
რუსეთი ნელ-ნელა იკავებს ტერიტორიებს აღმოსავლეთ დონბასში. რუსულმა არმიამ უკვე მოახდინა მდინარე დონეცის ჩრდილოეთ ნაწილის ოკუპაცია. ტერიტორია რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებითაა უკრაინული სანგრებიდან.