მთავარისაქართველოკლიმატის ცვლილება კავკასიონის მყინვარებს საფრთხეს უქმნის

კლიმატის ცვლილება კავკასიონის მყინვარებს საფრთხეს უქმნის

ბოლო 20 წელიწადში, კავკასიონმა 320 კვადრატული კილომეტრი ყინული დაკარგა, მცირე ზომის მყინვარების ნაწილი კი უკვე გაქრა.

ამ ცვლილებებს არამხოლოდ მეცნიერები ზომავენ, არამედ ხედავენ მთამსვლელებიც, რომლებიც მთებში ხშირად დადიან.

“მყინვარის დნობა ჩემს სიცოცხლეშიც შემიმჩნევია, მაგალითად, გერგეთის მყინვარი, რომელიც სულ სხვა ზომისა და მოცულობის იყო, ახლა იმდენად გასაწყლებულია, გული მოგიკვდება. დაუჯერებელია, ეს თუ ასე გაგრძელდა, ძალიან სავალალო შედეგამდე მივალთ. იწევს სეზონებიც, აქამდე თუ წლის რომელიმე დროს დადიოდი, ახლა უკვე რთულია იმ დროს, გაზრდილია ხიფათი, საზვავო უსაფრთხოებასა და ქვათა ცვენაზე მეტი ყურადღებაა მისაქცევი”, — ამბობს მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი.

კლიმატის ცვლილება სახელდება იტალიაში, მარმოლადას მთაზე მომხდარი ტრაგედიის მიზეზად. 3 ივლისს იქ მყინვარი ჩამოიშალა, რასაც 11 ადამიანი ემსხვერპლა. ამ შემთხვევას წინ უძღოდა უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურა.

გლაციოლოგ ლევან ტიელიძის თქმით, რომელიც არაერთი კვლევის ავტორია, კავკასიის მყინვარები ზომაში ყოველმხრივ მცირდება.

ზოგიერთმა მათგანმა უკან 4 კილომეტრითაც კი დაიხია.

იზრდება მყინვარული ტბების რაოდენობაც, რაც პრობლემებს ქმნის.

“მყინვარები გარემოს მნიშვნელოვანი კომპონენტი და შემადგენელი ნაწილია. გარდა იმისა, რომ ისინი მტკნარი წყლის მარაგს წარმოადგენენ, მათი არსებობა მნიშვნელოვანია მდინარის ჩამონადენის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ტურიზმის თვალსაზრისითაც, ასევე, სტიქიების შემთხვევაში, როგორიცაა მყინვარული ტბები, რომელთა წარმოქმნაც საკმაოდ გახშირდა. ამის ნათელი მაგალითია რამდენიმე წლის წინ ჭუბერის თემში მომხდარი სტიქია. მყინვარების დნობის შედეგად ირღვევა ფერდობების სტაბილურობაც და წარმოიქმნება მყინვარული ზვავები, რაც საქართველოშიც არაერთხელ მოხდა ბოლო წლებში”, — აცხადებს გლაციოლოგი ლევან ტიელიძე.

კლიმატის ცვლილების შედეგებზე ხშირად მხოლოდ მეცნიერები თუ საუბრობენ, მაგრამ იტალიაში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შეაშფოთა.

მეცნიერების თქმით, ამ პრობლემის მოგვარებაზე კაცობრიობამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს აქტიური მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კლიმატის ცვლილების სავალალო შედეგებს მომავალი თაობები მოიმკიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend