19 აპრილის შეთანხმებიდან წელიწადზე მეტია გასული. მაშინ ამ დოკუმენტის უმთავრესი მიზანი პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვა იყო. ამ პრობლემის მოგვარებაზე პოლიტიკური მხარეები შეთანხმდნენ და ეს ხელმოწერებითაც განამტკიცეს, თუმცა ამ შეთანხმებამ ჯერჯერობით ვერ განმუხტა პოლარიზაცია.
მმართველი გუნდი ამ შეთანხმებიდან მალევე გავიდა. მანამდე იყო შვედი დიპლომატის, კრისტიან დანიელსონის ძალისხმევაც. ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დავალებით პოლარიზაციის განმუხტვის პროცესში მედიატორის როლს ასრულებდა, თუმცა საქართველოში ამ პრობლემის მოგვარება არ ყოფილა მარტივი.
ევროკომისიის 12 რეკომენდაციას შორის, რომელთა შესრულებაც ევრობლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად არის აუცილებელი – პირველი სწორედ პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევაა, თანაც 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების დაცვით.
პოლიტიკის მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ წლის ბოლომდე ამ პრობლემის მოგვარება არ იქნება მარტივი, რადგან რეალურად პოლარიზაცია საქართველოში დღეს და გუშინ არ დაწყებულა.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ პოლარიზაცია მუდმივი პრობლემაა ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან. მისი თქმით, იცვლებოდნენ მთავრობები და ახალი ხელისუფლება მუდმივად ორიენტირებული იყო ძველი რეჟიმის გასამართლებაზე.
„ჩვენი პოლარიზაცია სხვათა შორის არის ძალიან უცნაური, რადგან ეს არ გახლავთ რაღაც ევროპული ტიპის პოლარიზაცია, რომელიც დასავლეთში ხშირად დგას და ეფუძნება იდეოლოგიურ განსხვავებებს. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენში პოლარიზაცია ძირითადად ეფუძნება პერსონალიებს და ეს პერსონალიები ქმნიან გარკვეულწილად ამ პოლარიზებას. ბუნებრივია, ჩვენ ასეთ პირობებში ვერასოდეს შევძლებთ რეალური დემოკრატიის განხორციელებას და თუ გადავხედავთ ბოლო 30 წლის დინამიკას საქართველოში სწორედ ეს პრობლემა იყო, როცა ერთი რეჟიმი ჩარეცხავდა მეორეს და შემდეგ ხდებოდა მისი ვენდეტის წესით გასამართლება. მთლიანობაში ეს ხელს უშლის მდგრადი პოლიტიკური კულტურის და სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც პარტიები ერთმანეთს შეცვლიან და სადაც იქნება მულტიპარტიული სისტემა“, – აცხადებს კორნელი კაკაჩია.
ექსპერტებს ასევე მიაჩნიათ, რომ პოლარიზაციის დასაძლევად აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა, ამას ევროკომისიაც ითხოვს.
12-დან ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ჩართვაა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ანუ, არამხოლოდ პოლარიზაციის დაძლევის საქმეში… სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ამ მხრივ მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა წლის ბოლომდე ეს პრობლემა მაინც დაძლევადია.
„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა უნდა იყოს შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებული და არა სიმბოლური.
„ბუნებრივია მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის ჩართვა რეფორმების დაგეგმვის ეტაპზე და არა მაშინ, როცა რაღაც უკვე დაგეგმილია და შეხვედრები ტარდება იმისთვის, რომ მოვნიშნოთ, რომ თითქოს ეს დიალოგი შედგა. მნიშვნელოვანია, რომ ადრეულ ეტაპზე დიალოგი და ეს ჩატეხილი ხიდი აღდგეს. ეს არ უნდა იყოს ის პრაქტიკა, რომელიც არსებობდა, იმისთვის, რომ ვიღაცის თვალში გამოვჩენილიყავით და ვიღაცას ენახა რომ ეს დიალოგი არსებობს“- აცხადებს ვანო ჩხიკვაძე.
ბევრი ექსპერტი სკეპტიკურად უყურებს წლის ბოლომდე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების შესაძლებლობას, მათ შორის პოლარიზაციის დასრულების ალბათობასაც. თუმცა, პოლიტიკის მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ პოლარიზაციის დიდწილად განმუხტვა მაინც შესაძლებელია, რადგან საქართველოში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი ერთსულოვანია.
სოფო მაქაცარია