„კიდევ კარგი, მართლა მთავარსარდალი არ არის სალომე ზურაბიშვილი… ფორმალური მთავარსარდალია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
„ქართულ ოცნებაში“ საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკას ხელისუფლების მიმართ, კრიტიკითვე უპასუხეს. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის ბრიფინგი მიმართული იყო კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ და ის რადიკალური ოპოზიციის „მესიჯბოქსით“ საუბრობს. მეტიც, პარტიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ადეკვატურობას იყო მოკლებული.
„როდესაც სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის შესახებ, გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე აცხადებს, რომ შარშან, ივლისში, საქართველო იყო პირველ ადგილზე, ახლა კი არის ბოლო ადგილზე უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით, ამ განცხადებას მხოლოდ უმძიმესი შეფასება შეიძლება, მიეცეს. პრეზიდენტის ეს ე.წ. შეფასება რომ ტყუილია, ამასაც კი არ აქვს, ამ შემთხვევაში, რაიმე არსებითი მნიშვნელობა. როდესაც სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე აცხადებს, რომ „არგუმენტები არ დაგვრჩა, კანდიდატის მიღების მხოლოდ მცირე შანსი რჩება“, ეს არის რადიკალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაგრძელება. რატომ აკეთებს ამას სალომე ზურაბიშვილი და რატომ ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციის „მესიჯბოქსში“, ამის განსჯას საზოგადოებას მივანდობთ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის ევროპულ მომავალსა და პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ერთ დროს ასოცირებული ტრიოს მოწინავე ქვეყანა, ხელისუფლების მიერ არასწორი პოლიტიკური ნაბიჯებისა და გადაწყვეტილებების გამო, ახლა ბოლო ადგილზე გადავიდა.
ამ კონტექსტში კი მან იმ შეკითხვებზე ისაუბრა, რომლებიც დასავლელ პარტნიორებს საქართველოს მიმართ აქვთ. მათ შორის, სანქციებთან მიერთების, უკრაინის მხარდაჭერის, ნიკა გვარამიას უდროო დაკავებისა და შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებაზე.
„სალომე ზურაბიშვილის მთავარი სურვილი, ალბათ, იყო კრიტიკისგან ბიძინა ივანიშვილის დაცვა, მისი რეპუტაციის გამოსწორება და ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, როგორი მცდარი იყო ყველა ის მოწოდება და როგორ ცდებოდა ყველა ის ადამიანი, ვინც რამე მნიშვნელობას ანიჭებდა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ყოველთვის იყო პირადად ანგარიშვალდებული ივანიშვილთან“, – თქვა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი კანდელაკმა.
სახალხო დამცველი, ერთი მხრივ, ეთანხმება პრეზიდენტს ხელისუფლების კრიტიკის ნაწილში. თუმცა, მეორე მხრივ, მიიჩნევს, რომ მაშინ, როცა პრეზიდენტს პრეტენზიები აქვს მთავრობასთან, შეეძლო, თავად უფრო ეფექტიანად ემოქმედა.
„მეც მაქვს პრეზიდენტთან შეკითხვები. თუ ის მიიჩნევდა, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები და კანონები, რისი მიღებაც, მისი აზრით, გაუმართლებელი იყო, მასაც შეეძლო ემოქმედა და ან ვეტო დაედო ამ კანონებისთვის, ან პრეზიდენტს შეწყალების უფლების გამოყენებაც შეუძლია“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.
მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, ევროკომისია საქართველოს შესახებ დასკვნას ევროპულ საბჭოს ორ დღეში წარუდგენს.
სხვადასხვა წყარო ბრიუსელიდან ავრცელებს ცნობებს, რომ ევროკავშირში საქართველოზე მეტი მხარდაჭერა უკრაინასა და მოლდოვას აქვთ.
იქამდე კი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოს ლიდერს წერილით მიმართავს, რომ მათ გაითვალისწინონ საქართველოს ბრძოლა ევროპული მომავლისთვის და არ დატოვონ ქვეყანა ევროპული გზის მიღმა.
ანა ალელიშვილი