დონეცკში პრორუსულმა სეპარატისტებმა ე.წ. სახალხო რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს მეშვეობით თავიანთი ძალის ჩვენება სცადეს.
სასამართლო პროცესზე სამ ჯარისკაცს – აიდენ ასლინს, შონ პინერის და ბრაჰიმ საადუნს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ორი ბრიტანელი და ერთი მაროკოელი ჯარისკაცი უკრაინის ჯარის წევრები იყვნენ.
„იმედი მქონდა, რომ სასჯელი ბევრად უფრო სამართლიანი იქნებოდა. მე გამოძიებას დავეხმარე და დონეცკის სახალხო რესპუბლიკას ჩავბარდი. მინდოდა, რომ სხვაგვარად ყოფილიყო. მოვა დრო და ღმერთი განსჯის ჩემს ცხოვრებას”, – ამბობს ბრალდებული ბრიტანელი ჯარისკაცი აიდენ ასლინი.
სხვადასხვა წყაროს მიხედვით, სასამართლო პროცესი პროპაგანდის ნაწილი იყო. სასამართლოზე ბრალდებულებს თარჯიმანთან შეზღუდული წვდომა ჰქონდათ.
„ეს სასამართლო პროცესი თაღლითური წარმოდგენა იყო. ჩვენ მას არ უნდა ვენდოთ. რუსმა სამხედროებმა დაატყვევეს ჯარისკაცები მარიუპოლში. მათ უნდა მოექცნენ საერთაშორისო სამართლისა და ჟენევის კონვენციის შესაბამისად, რაც, რა თქმა უნდა, გამორიცხავს საჩვენებელ სასამართლო პროცესებსა და სიკვდილით დასჯას“, – განაცხადა ბრიტანელმა პარლამენტარმა რობერტ ჯენრიკმა.
განაჩენი, რომლის გასაჩივრებასაც ბრალდებულების ადვოკატები აპირებენ, დამატებით ზეწოლას ახდენს უკრაინის მოკავშირე დასავლურ ქვეყნებზე. განაჩენი ასევე ერთგვარი ნიშანია იმ უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც, ამ სამი ბრალდებულის მსგავსად, სეპარატისტულ ჯარებს სამართლიანი სასამართლოს იმედით ნებდებიან.