საკლასო ოთახებში გაკვეთილები მიმდინარეობს და სკოლის დერეფნებში სიმშვიდეა. თუმცა, კვლავ რჩებიან ისეთი მოსწავლეები, რომლებიც გაკვეთილებს ონლაინ ესწრებიან. მათ, ვინც გაკვეთილებს სახლიდან დიდი ხნის განმავლობაში ესწრებოდა, ამის სხვადასხვა მიზეზი ჰქონდათ.
„ბავშვს გაუჭირდა იმასთან შეგუება, რომ ამდგარიყო დილით ადრე, მომზადებულიყო გაკვეთილისთვის, ემეცადინა სათანადოდ. გაუცხოვდა ბავშვებთანაც. თითქოს ის კონტაქტი, რაც მანამდე იყო ბავშვებში, გაწყდა. ბევრი პედაგოგი პარალელურად იმისა, რომ კლასში ატარებდა გაკვეთილებს, ონლაინ გაკვეთილებიც ჰქონდათ და მობილიზებულობა, რაც პედაგოგს უნდა ჰქონდეს, კლასის ხელში ასაყვანად აკლდა“, – თქვა მშობელმა, ნანუკა თევზაძემ.
დისტანციური სწავლების შემდეგ, მოსწავლეების ქცევით ცვლილებებზე მასწავლებლებიც საუბრობენ.
„იმ მოსწავლეებში, რომლებიც სკოლაში გვიან დაბრუნდნენ, შეიმჩნევა გაფანტულობაც, უფრო მეტად, მოსმენის მხრივაც, უყურადღებობა გაკვეთილზე. ასე ვთქვათ, დაგვიანებული მოსწავლეები, თავდაპირველად უფრო დამკვირვებლის როლში იყვნენ, ცალსახად გამოყოფილები იყვნენ ბავშვების იმ სოციალურ ჯგუფს, რომლებიც უკვე აქ სწავლობდნენ ერთად და სკოლაში დადიოდნენ და ნელ-ნელა მოხდა მათი ინტეგრაცია“, – აღნიშნა მასწავლებელმა, თინათინ ამბიძემ.
ელენე გოგოხია ერთ-ერთია, რომელიც დისტანციური სწავლების ხანგრძლივი პროცესის შემდეგ საკლასო ოთახს ცოტა ხსნის წინ დაუბრუნა. ამბობს, რომ სკოლაში დაბრუნება თავიდან ადვილი არ იყო, თუმცა მაინც სკოლაში ურჩევნია.
„შესვენებებზე ბიჭები უფრო მეტად თამაშობდნენ, გოგოები დაყოფილები ვიყავით. მიყვარს სკოლაში წასვლა, იმიტომ, რომ გაკვეთილზე უფრო მეტად აქტიური ვარ და უკეთ ვიგებ, როცა ხსნიან. მიუხედავად იმისა, რომ დილით ადრე ადგომას მაძალებენ და მიჭირს. ბავშვებიც სკოლაში მეტად მეგობრდებიან და უფრო მეტად კომუნიკაბელურები ხდებიან“, – თქვა მოსწავლემ, ელენე გოგოხიამ.
მოსწავლეების ქცევით ცვლილებაზე ფსიქოლოგებიც საუბრობენ და ამ ცვლილებებს სხვადასხვა მიზეზით ხსნიან.
„სკოლა არ არის მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღების ადგილი, ეს არის, ჩვეულებრივად, ადგილი, სადაც ბავშვმა უნდა მოახდინოს სოციალიზაცია, გაიცნოს ბავშვები. ზოგმა ფიზიკა, ქიმია დაიწყო და ონლაინ გაუჭირდა, რომ კარგად ესწავლა, თან ყველას არ ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. აბსოლუტურად უცხოა მათთვის ეს საგნები, დროც უფრო მეტია სკოლაში, ვიდრე – დისტანციურზე და ესეც თავისთავად ფაქტორია. მოზარდებს აქვთ ხოლმე კიდევ ემოციური სირთულეები, აი, თუნდაც ის, რომ ფიზიკური აქტივობა იყო ნაკლები, ზოგმა მოიმატა წონაში და ეს გარდატეხის ასაკში ბავშვისთვის არის დიდი გამოწვევა. პანდემიის პერიოდში, ზოგადად, ყველასთან მსუბუქი დეპრესიის ნიშნები თითქმის ყველას გაგვიჩნდა, რუტინის რღვევა ყველაზე ნეგატიურად მოქმედებს“, – აღნიშნა კლინიკურმა ფსიქოლოგმა, თინათინ ქართველიშვილმა.
სკოლაში დაბრუნებულებმა სირთულეები მეტ-ნაკლებად დაძლიეს. პანდემია ჯერ არ დასრულებულა, მშობლებისთვის კი ახლა ერთი რამ არის ყველაზე მნიშვნელოვანი…
„ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ ჩავიკეტოთ ისევ და ისევ არ მოგვიწიოს ონლაინცხოვრება“, – თქვა მშობელმა, ნანუკა თევზაძემ.
ანა ალელიშვილი