მთავარისაქართველო5 ივლისის საქმე - "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო" შინაგან საქმეთა სამინისტროს უჩივის

5 ივლისის საქმე – “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო” შინაგან საქმეთა სამინისტროს უჩივის

2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებების დასაცავად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

18 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ სარჩელი მიმართულია  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ.

სარჩელის მოტივი შემდეგია – 2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების აგრესიისა და თავდასხმისგან პოლიციელებმა არ დაიცვეს ჟურნალისტების ჯანმრთელობა და ვერ უზრუნველყვეს მათი პროფესიული საქმიანობის შესრულებისათვის სათანადო პირობები.

“საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, სწორედ, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დაიცვას მოქალაქეების, მათ შორის მედიის წარმომადგენლები, ხოლო მისი შეუსრულებლობისათვის სათანადოდ აგოს პასუხი. ზუსტად ამიტომ, სახელმწიფოს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა აღნიშნული ფუნქციის შეუსრულებლობის გამო, მათ შორის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა სახელმწიფომ და კონკრეტულმა უწყებებმა კონსტიტუციითა და კანონით გაწერილი ვალდებულებები შეასრულონ. ამ შემთხვევაში მათ ეს არ გააკეთეს და ჩვენ მზად ვართ, ყველა ინსტანციის სასამართლოში ვიჩივლოთ, განვიხილოთ ეს საქმე და წავიდეთ სტრასბურგშიც თუ ამის საჭიროება იქნება”,- ამბობს ეკა გიგაური.

400 გვერდიან საქმეს თან ერთვის ვიდეო მტკიცებულებებიც, რომელთა ხანგრძლივობა ექვს საათს აჭარბებს. ოთხი მედიაკომპანიის ხელმძღვანლის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული წლის 5 ივლისს ვერ უზრუნველყო კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება, ამიტომ პასუხისმგებლობა უწყებას ახლა უკვე სასამართლოს გზით უნდა დაეკისროს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ აღვიდგინოთ პირვანდელი მდგომარეობა, რაც იყო 5-6 ივლისამდე, მაგრამ მთავარი ისაა, რომ იყოს ე.წ. პრევენციული სასჯელი მთავრობისთვის, რომ მან იცოდეს, რომ გამორიცხულია რეაგირების გარეშე ასეთი სადამსჯელო ღონისძიებების გატარება. ხაზგასმით მოვუწოდებ ყველას, რომ გაუფრთხილდეს თავის ყველა სიტყვას, რომელიც მედიისკენ იქნება მიმართული. რადგან ნებისმიერ დროს, არასწორად ნათქვამი ან მოწოდებული ფრაზა, შესაძლოა ჟურნალისტებზე ძალადობისათვის განმაპირობებელი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ნათქვამი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ მიმართული საჩივრის გარდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ახლო მომავალში კიდევ ერთ სარჩელს შეიტანს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამჯერად ორგანიზაცია მედიაკომპანიებისთვის მიყენებული მატერიალურ-ტექნიკური ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.

ძალადობრივი ჯგუფების მიერ, მედიის წარმომადგენლების დარბევიდან 10 თვე გავიდა. მას შემდეგ, რამდენიმე პიროვნება დააკავეს.

თუმცა, არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულება არასათანადოდ აღსრულდა. აღნიშნული საქმე ადამიანის უფლებების დაცვის არაერთ ანგარიშშია კრიტიკულად შეტანილი.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend