სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებული უკრაინული ქალაქიდან ბუჩა. ამ კადრებზე ქალაქში არსებული მძიმე მდგომარეობაა ასახული. ქალაქის მერიის განცხადებით, ბუჩა სავსეა მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრებით.
უკრაინული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ ქალაქ ბუჩას ერთ ქუჩაზე 2 აპრილს სულ მცირე 20 ცხედარი აღმოაჩინეს. ქალაქის მერის, ანატოლი ფედორუკის, განცხადებით 280 ადამიანი მასობრივ სასაფლაოზე დაკრძალეს.
ტერიტორიის დატოვებამდე რუსმა სამხედროებმა ირპინსა და ბუჩაში ნაღმები დატოვეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 2 აპრილს უკრაინულმა ძალებმა ირპინში 643 ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვეს და გააუვნებელყვეს.