უკრაინის დედაქალაქში მეხანძრეები ოკუპანტების მიერ სარაკეტო დაბომბვის შედეგად გაჩენილ ხანძარს ებრძვიან. კიევში დღეს, 23 მარტს ხანძარი ერთდროულად 5 სხვადასხვა ადგილას გაჩნდა.
კიევი ოკუპანტების საარტილერიო ცეცხლის სამიზნეც არის, რუსული არმია ცდილობს დედაქალაქის ჩრდილოეთში გარეუბნების დაკავებას.
აგრესორი სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ბოლო 24 საათის განმავლობაში 97 უკრაინულ სამხედრო ობიექტზე მიიტანეს შეტევა.
მათ შორის 8 უკრაინულ ანტისაჰაერო სისტემაზე კიევის ჩრდილოეთ მისადგომებთან, 10 სამხედრო სამეთაურო პუნქტზე და 8 საარტილერიო ბატარეაზე.
რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო ორგანომ კი მიიღო ახალი კანონი, რომლის თანახმადაც, უკრაინაში ეგრეთ წოდებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე სამხედროებს ვეტერანის სტატუსი მიენიჭათ.
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, რომ უკრაინაში რუსული ინტერვენციის ფონზე აუცილებელია ნატომ ახალი სტრატეგიული ხედვა შეიმუშავოს.
“უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოსკოვის მხრიდან უპრეცენდენტო აგრესიის ფონზე, მთელი ევროპისათვის შექმნილია უსაფრთხოების გამოწვევები. აუცილებელია, ნატოს მიერ ახალი სტრატეგიული ხედვის შემუშავება. ნატოს მომავალი სამიტი ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, მისი სახელმწიფო უკრაინაში მიმდინარე ომში არ ჩაერთვება.
“ომის დაწყებიდანვე ჩვენ უკრაინას ანტისატანკო და ანტისაჰაერო იარაღით ვამარაგებთ, ევროკავშირი კი დამატებით ერთი მილიარდი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას მიაწვდის კიევს“, განაცხადა – ოლაფ შოლცმა.
უკრაინელი ლტოლვილები აგრძელებენ პოლონეთში თავის შეფარებას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საერთო ჯამში ამ ეტპაზე 4 მილიონამდე უკრაინელი ლტოლვილია, მათგან 2 მილიონზე მეტი კი პოლონეთში იმყოფება.