მთავარიევროპაუკრაინაომი პატარა ოთახიდან

ომი პატარა ოთახიდან

სააბაზანო ერთადერთი განათებული ადგილია ნატალია ვაინილოვიჩის სახლში. ერთადერთი ადგილი, სადაც ღამით შუქის ანთება შეიძლება, რადგან ყველა სხვა ოთახს ფანჯარა აქვს

36 წლის უკაინელმა ნატალია ვაინილოვიჩმა და მისმა მეგობარმა ვაჟმა, ერთად დასახლება 23 თებერვალს გადაწყვიტეს. ახალ ცხოვრებას იწყებდნენ. პირველად ისადილეს ერთად იმ სახლში, რომელიც ახლა უკვე ორივესი იყო. პირველად დაიძინეს და მომავალს იმედით სავსე თვალებით უყურებდნენ. მეორე დღეს კი… დილის 6-ის 10 წუთზე, წყვილმა სხვა რეალობაში გაიღვიძა.

სააბაზანო ერთადერთი განათებული ადგილია ნატალია სახლში. ერთადერთი ადგილი, სადაც ღამით შუქის ანთება შეიძლება, რადგან ყველა სხვა ოთახს ფანჯარა აქვს. მაშინ როცა განგაშის ხმა ისმის, სწორედ სააბაზანოს ოთხ კვადრატულ მეტრში ატარებენ დღეებს ნატალია და მისი მეგობარი ვაჟი. იქ სძინავთ, იქ ჭამენ და იქიდან მუშაობენ…

„მე გადავწყვიტე კიევში დარჩენა. არ წავედი არც სხვა ქალაქში და არც სხვა ქვეყანაში. იმიტომ, რომ აქ დავიბადე. ეს სახლი ჩემია, მანამდე ჩემი წინაპრების იყო. რატომ უნდა წავიდე სახლიდან, მაშინ როცა უცხო მოდის ჩემს ქვეყანაში? მინდა აქ ვიყო. მინდა გამოსადეგი ვიყო. ყველაზე ცოტა, მინდა ჩემი და სხვა ადამიანების ამბები შევაგროვო. ეს ჩემი მთავარი მიზანია”, – ამბობს ნატალია ვაინილოვიჩი.

როდესაც განგაშის სირენები წყდება, სააბაზანოდან გამოდიან და საკვებისა თუ წყლის მომარაგებას იწყებენ. ნატალია ამბობს, რომ ქალაქში სურსათის მხოლოდ რამდენიმე მაღაზიაა ღია და იქაც საკვების დეფიციტია.

„ზოგიერთი მაღაზია ღიაა. მხოლოდ ისინი, სადაც საკვები პროდუქტები იყიდება. ამ მაღაზიებთან ძალიან დიდი რიგებია, რადგან საკვები არ არის ბევრი. სუპერმარკეტებიდან საკვების დიდი ნაწილი უკრაინელ ჯარისკაცებს მისცეს. ასეც უნდა მოქცეულიყვნენ. თუმცა ამის გამო მაღაზიაში შეუძლებელია ბოსტნეულის შეძენა. ასევე ამოიწურა რძის ნაწარმი. მაღაზიაში ვერ ნახავთ კვერცხს. თუმცა ჩვენ სამოქალაქო პირები ვთანამშრომლობთ და ერთმანეთს ვეხმარებით. მაგალითად ჩემს კორპუსში, მეზობლები ერთმანეთს ვუნაწილებთ საკვებს. მათ ვისაც ავტომობილი ჰყავს შემოგვთავაზეს რომ ივლიან მაღაზიებში. ჩვენ ერთმანეთის ძალიან დიდ მხარში დგომას ვგრძნობთ“, – ამბობს ნატალია.

ნატალია საკუთარი თავის გარდა, ბებიასა და კატაზეც ზრუნავს, რომლებიც კეივის შემოგარენში ცხოვრობენ. და მაშინ როდესაც შედარებით უსაფრთხოა ნატალია მათთან მიდის. გზად პროდუქტებს ყიდულობს.

სახლში მხოლოდ კატა ხვდება. ბებია ალბათ მაღაზიაშიაო ამბობს ნატალია და პროდუქტების ამოლაგებას იწყებს. მალევე ამჩნევს რომ სახლში წყლის მარაგი თითქმის ამოწურულია. იცის რომ წყალს ვერც მაღაზიაში იყიდის თუმცა მაინც ქუჩაში ბრუნდება.

„ბიჭი დავინახე რომელსაც ხელში წყლით სავსე ბოთლი ეჭირა. ვკითხე სად აავსე წყალი-მეთქი და მიმასწავლა. მითხრა რომ ეს ადგილი ბევრმა არ იცის და რიგიც არ არისო. იღბლიანი დღეა“, – გვიყვება ნატალია.

ბოთლების წყლით ავსების შემდეგ ნატალია მაღაზიასთან ბებიას შეხვდა.

„დილის 11 საათზე ჩამოვედი მაღაზიასთან. ის პროდუქტები, რომლებიც დარჩენილი ჰქონდათ მალევე ვიყიდე. თუმცა პურიც მინდოდა. არადა არ ჰქონდათ. შემდეგ კი მითხრეს რომ დრო სჭირდებოდა მის გამოცხობას და შემეძლო დავლოდებოდი. მეც დაველოდე. ამიტომ მომიწია 4 საათი მაღაზიაში ყოფნა“, – უყვება ნატალიას ბებია.

ნატალია 82 წლის ბებიას პროდუქტების მე-8 სართულზე ატანაში დაეხმარა. და კიდევ ცოტა ხნით დარჩა მასთან.

„მეორე მსოფლიო ომის დროს დავიბადე. რატომ უნდა დავასრულო ცხოვრება ისევ ომის დროს. ისტორიამ ვერაფერი გვასწავლა?“ – ტირილით ეუბნება ნატალიას ბებია.

მერე კი ნატალია ვაინილოვიჩი სახლში დაბრუნდა, კომენდანტის საათის დაწყებამდე უნდა მიესწრო. კვლავ ჩაირთო სირენები. კვლავ შეაფარა თავი სააბაზანოს და ისევ დაბრუნდნენ ფიქრები:

„ვზივარ და ვფიქრობ, კარგი თუ ეს დაბომბვაა, მე რა შემიძლია გავაკეთო? არაფერი. შეიძლება ეს ჩემი ბოლო ღამეა. შეიძლება შემდეგი ბომბი ჩემს კორპუსს მოხვდეს. ცხოვრება ნორმალური აღარ არის. არ არის ნორმალური რომ აქ ვზივარ. სააბაზანოში. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ აქ ჩავწერდი ინტერვიუს.“

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend