ნატო არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი უკრაინაში დეესკალაციის პროცესს დაიწყებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება საპირისპიროს ამტკიცებს.
სამხედრო ალიანსი მოუწოდებს კრემლს, აირჩიოს დიპლომატიის გზა და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ძალის მობილიზება უკრაინის საზღვარზე.
ოთხშაბათს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მინისტრები შეთანხმდნენ ალიანსის წევრი ქვეყნების დაცვის გაძლიერებაზე. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი განმარტავს:
“მოსკოვმა ნათლად აჩვენა, რომ მზადაა გააპროტესტოს ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ემყარებოდა ჩვენს უსაფრთხოებასა და ამის გაკეთებას ახლა ძალის გამოყენებით ცდილობს”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ ეს არის რუსული ჯარებისა და მძიმე ტექნიკის ყველაზე დიდი მობილიზება ცივი ომის პერიოდის შემდეგ და, შესაბამისად, ამას უარყოფითი გავლენა ექნება პოლიტიკურ პროცესებზე.
„შედეგი ის არის, რომ ნატო შეშფოთებულია. მაგრამ ასევე ნატომ უნდა გადახედოს თავდაცვით ვალდებულებას როგორც აღმოსავლეთში, ისე შავ ზღვაში. ეს იქნება სტრუქტურული ფაქტორი ნატოსთვის. ეს ალიანსისთვის ჩვეულებრივი სიტუაცია აღარ არის. მეჩვენება, რომ რუსეთი ძალაუფლებით ცდილობს, დაიცავს თავისი უფლებები, მაგრამ ამით საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას. ისინი ჩქარობენ, რადგან, ვფიქრობ, გრძნობენ, რომ დრო მათ მხარეს არ არის, უკრაინასთან მიმართებაშიც კი. არ ვიცი, რას გადაწყვეტენ, გამოიყენებენ თუ არა ძალას. მაგრამ, რა თქმა უნდა, რაც დრო გავა, მეტად უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან”, – განაცხადა გერმანიის მარშალის ფონდის ვიცე-პრეზიდენტმა იან ლესერმა.
ევროკავშირის ლიდერები ხუთშაბათს აფრიკასთან დაგეგმილ სამიტზე შეიკრიბებიან, სადაც რუსეთ-უკრაინის კრიზისსაც განიხილავენ. თუმცა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ან ოფიციალური დასკვნები არ არის მოსალოდნელი.