მხოლოდ 2020 წელს 16 ადამიანი იმის გამო დაიღუპა, რომ ადამიანებს ახალგორიდან ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მისაღებად თბილისში გადმოსვლის საშუალება არ მიეცათ – ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. დოკუმენტში საუბარია ახალგორში მცხოვრებ გელა გარიევზე, რომელიც ე.წ. საზღვრის გადმოკვეთის რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ ცხინვალის ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ამავე პუნქტში ვკითხულობთ, რომ 2020 წელს ონისე გათენაშვილი იყო ბოლო, ვისაც ასევე სათანადო მკურნალობის მიღების საშუალება არ მიეცა, რის გამოც ის გარდაიცვალა.
დოკუმენტში რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, საუბარია წამებით მოკლულ არჩილ ტატუნაშვილზე, გიგი ოთხოზორიაზე, დავით ბაშარულზე, ირაკლი კვარაცხელიაზე. დაუსჯელობის სინდრომმა კი კიდევ ერთი ადამიანის გარდაცვალებამდე მიგვიყვანა. ინალ ჯიბაევი 2020 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. იზოლატორში წამების მსხვერპლი გახდა. იმისათვის, რომ ქართველი მოსახლეობის მიმართ ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობას არ შეეწყოს ხელი, სასიცოცხლოდ მნშვნელოვანია ყველა დამნაშავის გამოვლენა და დასჯა – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში საუბარია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვაზეც. განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შეზღუდვა ათასობით ბავშვს ართმევს განათლების მიღების უფლებას, რადგან მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც რუსულ ენაზე საუბრობენ. საოკუპაციო ხაზის ხანგრძლივად ჩაკეტვის გამო ბავშვები მოკლებული არიან შესაძლებლობას ქართულ სკოლებში იარონ მეზობელ სოფლებში. ენობრივი დისკრიმინაცია მათი უფლებების, იდენტურობისა და ღირსების კიდევ ერთი შელახვაა – წერია ანგარიშში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, რუსეთის ფედერაციას მოუწოდონ უარი თქვას საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე. შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ამ ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევა. შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმება და გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიებზე უკანონოდ განლაგებული ჯარები.