მთავარისაქართველო„ყველანი ერთად ვიცხოვრებდით“

„ყველანი ერთად ვიცხოვრებდით“

რა ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვმუშაობთ, ან მეგობრებთან ერთად ვერთობით, ან სულაც საათებს ვატარებთ კომპიუტერთან თუ სმარტფონებთან – რას აკეთებენ ამ დროს ჩვენი ბებიები და ბაბუები, როგორ გრძნობენ თავს ხანდაზმულები, როგორ ატარებენ თავისუფალ დროს, რომელიც უხვად აქვთ, რა აწუხებთ და რას განიცდიან, როგორ ერთობიან და საერთოდ, ახერხებენ თუ არა ამას – ამ საკითხზე გაეროს მოსახლეობის ფონდმა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯმა ერთობლივი კვლევა ჩაატარეს, შედეგებმა კი რთული რეალობა აჩვენა. ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყანაში – საქართველოში, სერბეთში, აზერბაიჯანში, ალბათნეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და კოსოვოში ხანდაზმულები გამოკითხეს, რომელთა თითქმის 80-მა პროცენტმა თქვა, რომ მარტოობის განცდა აქვს, 20 პროცენტი კი მწვავედ განიცდის მარტოობას – როგორც აღმოჩნდა, ამას ბევრი მიზეზი აქვს.

თუკი მეუღლეს, შვილებს, შვილიშვილებს, მეგობრებს არ სცალიათ, 70 წლის ნოდარ ღონიკაშვილი აქ მოდის, სკვერში. ზოგჯერ თურმე არც ისე მარტივია მოძებნოს თანამოაზრე, ან ვინმეს გაუზიაროს დღის მნიშვნელოვანი ამბები. ვინმეს, ვინც მისთვის მოიცლის…

„მაგალითად, რაღაც ინფორმაცია დამიგროვდა, ამის გაზიარება საჭიროა. ადამიანი, რაც მეტ ინფორმაციას აგროვებს, მით უფრო უნდა, რომ ეს სხვასაც გაუზიაროს. ზოგჯერ სულ არ უნდა ჩემს შვილიშვილს ეს ინფორმაციები. ენაცვალოს ჩემი თავი, რა თქმა უნდა, ჩემთან სულ აქვს კავშირი, რაღაცას შემეკითხება, მაგრამ მაინც ჩემი აზრი სხვა არის, იმის სხვა. ამიტომ სჯობს, ცოტა ისე ვიყოთ… მარტოობის გრძნობა ასეთ დროს არის. რა თქმა უნდა, ყველას საქმე აქვს, ყველა დაკავებულია“, – გვიყვება ნოდარ ღონიკაშვილი.

თბილისში ხანდაზმულთათვის დღის ცენტრი არსებობს, რომელსაც 40-მდე ბენეფიციარის მომსახურების რესურსი აქვს. ცენტრი თანამშრომელთა კოვიდინფიცირების გამო დროებით დაიკეტა. აქ 30-მდე მოხუცისთვის ყოველდღიურად რაღაცას გეგმავენ, იმისთვის, რომ მათ თავი მარტოდ არ იგრძნონ და შეახსენონ, როგორი მნიშვნელოვანია მათი სიცოცხლე. აქ ბატონი ნოდარიც დადის.

„არ არის მიღებული ჩვენთან, რომ ხანდაზმულმა რაღაც გააკეთოს. რაღაც ისწავლოს თავის ასაკში. უბრალოდ ერიდებათ, სცხვენიათ და ამბობენ – რაღა დროს ჩემი მუშაობაა, რაღა დროს ჩემი სწავლაა. რაღა დროს ჩემი სახლიდან გამოსვლა და ლამაზად ჩაცმაა. ჩავიცვამ შავებს და ვიქნები. ჩვენთან როდესაც მოდიან და ვეუბნებით, რომ მაგალითად უნდა იბრძოლონ, გააკეთო რაღაც, იმისთვის რომ  უფრო ჯანმრთელები იყვნენ – რისთვის? რატომ? ვის ვჭრიდები? რა მიზანი აქვა ჩემს ცხოვრებას? – ეს ძალიან ხშირი კითხვაა“, – ამბობს, „საქართველოს კარიტასის“ სოციალური დაცვის პროგრამის მენეჯერი ინგა ჩხეიძე.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ 2021 წელს ექვს ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში ჩატარებული კვლევისას გამოკითხული ხანდაზმულების თითქმის 20-მა პროცენტმა თქვა, რომ მწვავედ განიცდიან მარტოობას. კვლევის მიხედვით, პანდემიით გამოწვეულმა იზოლაციამ ვითარება კიდევ უფრო გაართულა. მკვლევრების აზრით, გამოსავალი აქ სახლემწიფოს მიერ ეროვნული პოლიტიკის შემუშავება უნდა იყოს, რომელიც ორიენტირებული იქნება ხანდაზმული მოქალააქეების უფლებების, ჯანმრთელობისა და ღირსების დაცვაზე.

„როდესაც ქვეყანაში მრავლდება სოციალურად დაუცველთა ჯგუფი, ღრმავდება სიღარიბე, იზრდება უმუშევრობის დონე, საბოლოო ჯამში უარესდება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ყველაფერი ეს, რასაკვირველია, გავლენას ახდენს, საზოგადოების ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებზე. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში მდგომაროება უფრო დრამატულია იმის გამო, რომ ხანდაზმულთა სოციალური დაცვის პროგრამები აღმოსავლეთ ევროპაში უფრო განვითარებულია, ვიდრე პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში. ამიტომ არის ეს განსხვავება. ეს არის პოლიტიკის დონეზე განსხვავება, ხანდაზმულებთან ურთიერთობის თვალსაზრისით“, – ამბობს იაგო კაჭკაშვილი, საქართველოს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი.

ნოდარ ღონიკაშვილს კი ბევრი ოცნება აქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი – დიდი სახლი და ბევრი სტუმარია.

„სახლის აშენება მინდა, მაგრამ აღარც ასაკი მაქვს და აღარც შესაძლებლობა. დიდ სახლს ავაშენებდი და ყველანი ერთად ვიცხოვრებდით…“ – ნოდარ ღონიკაშვილი.

ნანუკა მეშველაშვილი

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend