მთავარიგადაცემებიGlobal Japanიაპონური ტექნოლოგია ჯაკარტის გარდაქმნას უწყობს ხელს

იაპონური ტექნოლოგია ჯაკარტის გარდაქმნას უწყობს ხელს

ინდონეზიის დედაქალაქი ჯაკარტა ძალიან  დიდი ხნის განმავლობაში შედიოდა მსოფლიოს სამი ყველაზე ხერგილიანი ქალაქის რიცხვში. ახლა იაპონური ტექნოლოგიის წყალობით, ამ 30-მილიონიან მეგაქალაქში სულ სხვა გზით შეგიძლია იარო.

ჯაკარტელ მუჰამად იქბალს აღარ ადარდებს ყოველდღე სამსახურში სიარული. მან უარი თქვა თავის მოტოციკლსა და ქალაქის გზებზე….და ახლა „მასობრივი სწრაფი ტრანზიტის“ სისტემით [Mass Rapid Transit – იგივე MRT]  სარგებლობს.

“ MRT  ნამდვილად ძალიან ამცირებს მგზავრობის დროს და ოფისში ყოველთვის დროზე მივდივარ. გარდა ამისა, ოჯახში ახალი ტრადიცია შემოვიღე. ყოველ უქმეებზე ჩემი ცოლი და ბავშვები ამ მეტროთი  სასეირნოდ მიმყავს ქალაქის ტყეში, რომელიც ჯაკარტის ცენტრშია,“ – ამბობს 32 წლის მუჰამად იქბალი.

მეტროს პირველი ხაზი 2019 წელს გაიხსნა და თითქმის 16 კილომეტრზეა გადაჭიმული. იგი ჯაკარტის სამხრეთ ნაწილს ცენტრთან აკავშირებს. ამ მანძილის დაფარვას მანქანა 2 საათს ანდომებს, ახალი მეტრო კი – 18 წუთს. მეტროს მგზავრებს მოსწონთ, რომ მეტრო ზუსტია და სტრესს ამცირებს. ეს ყველაფერი იაპონური მიდგომის დამსახურებაა, რომელმაც მსუბუქი ენერგოეფექტური მატარებლები და იაპონური გამოცდილება მოიტანა, ასევე სესხიც.

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ინდონეზიის ოფისის უფროსი წარმომადგენელი ჰონზუ შიგეო   ამბობს, რომ “ჯაკარტაში მოსახლეობის რიცხვის მატებასთან ერთად ავტომობილების რიცხვიც გაიზარდა. ეს ხერგილებს იწვევს და ჰაერს აბინძურებს. ამ ვითარების გამოსწორების მიზნით, ინდონეზიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჯაკარტის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა იაპონური ტექნოლოგიისა და ცოდნის საშუალებით გაეუმჯობესებინა.“

ყოველ წელს მეტროთი უკვე მილიონობით კაცი მგზავრობს, პანდემიის პერიოდშიც. ხალხი ერთი ადგილიდან მეორემდე მისვლის ჩვევასაც იცვლის, სულ უფრო მეტი დადის ფეხით ან ველოსიპედით.

როგორც უნივერსიტეტის ანალიზი აჩვენებს,  გამონაბოლქვის მოცულობაც უკვე 18 პროცენტით შემცირდა.

სილვია ჰალიმი, MRT Jakarta-ის  მშენებლობის დირექტორი:

“ჩვენი მიდგომაა, რომ მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართ უფრო მეტად გაუჩნდეს ნდობა, რომელიც უსაფრთხო მგზავრობას უზრუნველყოფს. და რასაკვირველია, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ცხოვრების სტილი უნდა გახდეს.“

მეტრო პირველი ხაზით არ სრულდება.  მისი მეორე ხაზის  მშენებლობა უკვე მიმდინარეობს იაპონიის მხარდაჭერით. ის თითქმის 12 კილომეტრი იქნება.

სილვია ჰალიმი, MRT Jakarta-ის  მშენებლობის დირექტორი:

“როდესაც დასრულდება, ეს ხაზი ჯაკარტის უკიდურეს სამხრეთ ნაწილს ჩრდილოეთთან დააკავშირებს.“

დაისუკე ნენჯო – იაპონური საინჟინრო საკონსულტაციო კომპანიიდან – იმ გუნდის წევრია, რომელიც მეტროს ავითარებს.

ნენჯო დაისუკე, კომპანია Oriental Consultants Global-ის პროექტის მენეჯერი:

“არხის ახლოს ვერტიკალური გვირაბები უნდა გავიყვანოთ და ოთხფენიანი მიწისქვეშა სადგური ავაშენოთ. ასეთ პირობებში მუშაობა კი ძალიან რთულია. თანაც, სადგურის ტერიტორიასთან ნანგრევები აღმოვაჩინეთ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ძალიან რთული სამუშაო იქნება. მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ მშენებლობა დათქმულ დროში დავასრულოთ.“

უნიკალური იაპონური ტრანსპორტის  კონცეფცია და  გამოცდილება „ემ-არ-ტის“ საშუალებით შემოდის. ისინი ხელმძღვანელობენ მეტროს საოპერაციო და სარემონტო სამუშაოებს, ასევე ამზადებენ პერსონალს: მემანქანეებსა და სადგურის თანამშრომლებს.

სილვია ჰალიმი, MRT Jakarta-ის  მშენებლობის დირექტორი:

“ჩვენ გაგვიზიარეს ცოდნა მეტროსა და რკინიგზის სისტემის შესახებ, იქნება ეს დაგეგმვის, განვითარების, საინჟინრო თუ სამშენებლო ასპექტები. კონტრაქტორების ჩართულობითა და თანამშრომლობით, იაპონელი კონსულტანტებისა და ოპერატორების დახმარებით, ახალი სტანდარტები შევქმენით.“

მატარებლის მომსახურე პერსონალისთვის, მაგალითად ამელიასთვის, მეტროში მუშაობა დევიზით „შეცვალე ჯაკარტა“ საამაყოა.

ამელია კაიანი, MRT Jakarta-ის სადგურის გუნდის წევრი:

“ეს სასიამოვნო გამოცდილებაა ჩემთვის, როგორც მეტროს თანამშრომლისთვის, რომ საზოგადოებას ჯაკარტის მეტროს საშუალებით ვემსახურები.“

ავტორი: დამონ ემბლინგი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend