გერმანიაში ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ მაუწყებლობის აკრძალვის საპასუხოდ, რუსეთმა ტელერადიოკომპანია „დოიჩე ველეს“ რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობა აუკრძალა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტელერადიოკომპანია „დოიჩე ველეს“ რუსული ბიუროს ყველა თანამშრომელს ჩამოერთმევა აკრედიტაცია, შეწყდება სატელიტური და სხვა მაუწყებლობა, ასევე ამოქმედდება ინიციატივა, რომ „დოიჩე ველე“ უცხოურ აგენტად აღიარონ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთში შესვლა აეკრძალება ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, რომლებიც ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ მაუწყებლობის შეჩერებას უჭერდნენ მხარს. რუსეთის საგარეო უწყების თქმით, ეს მიღებული ზომების მხოლოდ პირველი ნაწილია.
„დოიჩე ველეს“ გენერალურმა დირექტორმა პიტერ ლიმბურგმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება გაუგებარი და გადაჭარბებულია. მისივე თქმით, თუ მოსკოვში „დოიჩე ველეს“ ბიუროს დახურავენ, ეს მათ არ შეაჩერებს, პირიქით, უფრო მეტად გააშუქებენ რუსეთის ამბებს. „დოიჩე ველე“ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
რუსეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროც. მათი თქმით, „დოიჩე ველეს“ წინააღმდეგ მიღებული ზომები უსაფუძვლოა და ეს მხოლოდ გერმანია-რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვას გამოიწვევს.
1 თებერვალს გერმანიის მედიის მარეგულირებელმა უწყებამ თანამგზავრიდან, ინტერნეტ და მობილური პლატფორმებიდან გერმანიაში „რაშა თუდეის“ მაუწყებლობა შეაჩერა. მარეგულირების თქმით, „რაშა თუდეის“ არ აქვს ლიცენზია და მის მიღებაზე განაცხადი არც შეუტანია.
გასული წლის სექტემბერში „რაშა თუდეის“ მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ იუთუბმა აღდგენის უფლების გარეშე ტელეკომპანიის ორი არხი წაშალა. გუგლში აღნიშნეს, რომ ამის მიზეზი არხის მიერ ატვირთული ვიდეოს შინაარსი იყო. გუგლის ინფორმაციით, იუთუბზე ისინი კორონავირუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას აქვეყნებდნენ, რაც არღვევდა იუთუბის რეგულაციებს. საპასუხოდ, „როსკომნადზორი“ იუთუბს რუსეთში დაბლოკვით დაემუქრა და განაცხადა, რომ ეს ქმედება ცენზურის მცდელობაა.
ეს მუქარა რუსულიმარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლებმა 2021 წლის დეკემბერში გაიმეორეს, როდესაც „რაშა თუდეის“ კიდევ ერთი არხი ამოქმედებიდან რამდენიმე საათში აიკრძალა. ამასთან დაკავშირებით გუგლში განმარტეს, რომ თუ მფლობელს წაეშლება ერთ-ერთი არხი, იგი ვეღარ შექმნის იუთუბზე კიდევ ერთ არხს და ვერ აარიდებს თავს კომპანიის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას.