ეკონომიკური სიდუხჭირე, საქართველოს მთავრობის საქმიანობა, დემოკრატია საქართველოში – ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საქართველოს მოსახლეობის ნაწილი გამოკითხა.
NDI-ის კვლევის მიხედვით, ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ საქართველოში არ არის დემოკრატია. ასევე, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა ცუდად საქმიანობს. გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობამ, არ იცის, არ ჰყავს, ან არ დაასახელა ის პარტია, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. 24%-თვის კი ყველაზე ახლო მდგომი პარტია „ქართული ოცნებაა“, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 9%-თვის. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება და რომ არავინ, არც მმართველი და არც ოპოზიციური პარტიები არ მოქმედებენ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
NDI-ის კვლევის მიხედვით, ეკონომიკური სიდუხჭირე მოსახლეობისთვის კვლავ მათავარ გამოწვევად რჩება. გამოკითხულთა 49%-მა საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობა დაასახელა.
NDI-ის ახალ კვლევას უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკოსებიც. ოპოზიციის წარმომადგენელთა აზრით, კვლევამ დაადასტურა, რომ საქართველოში არც ერთი მიმართულებით არ არის პროგრესი.
„NDI-ის კვლევა კიდევ ერთი დასტურია, რომ ქვეყანაში არცერთი მიმართულებით არ არის არც პროგრესი, არც პლუსი, არც წინსვლა. ძალიან მძიმეა იმის წაკითხვა, რომ მოსახლეობის უმეტესობა არ ენდობა არც პარლამენტს, არც პოლიტიკურ პარტიებს, არც უმრავლესობას. სამწუხაროდ, ეს საკითხი ძალიან აქტუალურია – სამჯერ გაუარესდა ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა, რაც კატასტროფაა. ასევე, ამ ქვეყანაში ყოველი მეორე თვლის, რომ დემოკრატია არ არის. მძიმეა ეს მონაცემები და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, ეს ქვეყანა უკან მიდის ყველა მიმართულებით“, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.
„ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ მათთვის მთავარი კვლევა არის არჩევნები და მათივე განმარტებით, ისინი კვლავ აგრძელებენ ხალხისა და ქვეყნის საჭიროებებზე ფოკუსირებას.
„ჩვენთვის მთავარი კვლევა არის არჩევნები, მით უმეტეს, როდესაც ეს არჩევნები სულ რაღაც ორიოდე თვის წინ იყო ჩატარებული. ასე რომ, ჩვენ გვესმის როგორც ჩვენი მოსახლეობის წუხილები და ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს აქვს, ისე ვაცნობიერებთ იმ ლეგიტიმაციას, რომელიც გააჩნია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და რომელიც დადასტურდა ერთი წლის განმავლობაში ორი არჩევნების მეშვეობით, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს მოსახლეობაში გააჩნია ყველაზე მაღალი ნდობა სხვა პარტიებთან შედარებით“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.
ანა ალელიშვილი