მთავარიევროპაბელგიაკოსმოსური რბოლა - ბრიუსელი კოსმოსში პოზიციების განმტკიცებაზე მუშაობს

კოსმოსური რბოლა – ბრიუსელი კოსმოსში პოზიციების განმტკიცებაზე მუშაობს

მსოფლიოს ზესახელმწიფოებისთვის კოსმოსი ახალ ეკონომიკურ და სტრატეგიულ ბრძოლის ველადაა ქცეული. სწორედ ეს იყო განხილვის მთავარი თემა ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც კოსმოსს ეძღვნებოდა.

ევროკავშირს სურს, რომ ამ მიმართულებით შეინარჩუნოს და განიმტკიცოს პოზიციები. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ზოგიერთი სტრატეგიული კონკურენტი ცდილობს, რომ სხვებს კოსმოსზე წვდომა შეუზღუდოს.

ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა მაგალითად, რუსეთის მიერ ნოემბერში საკუთარი თანამგზავრის ჩამოსაგდებად გაშვებული საცდელი რაკეტა, რის შედეგადაც ორბიტა ნამსხვრევებით მნიშვნელოვნად დაბინძურდა.

ამ აქტს ნატომ და ვაშინგტონმა უპასუხისმგებლო უწოდა. ევროკომისიისთვის კი ეს ფაქტი ნიშანია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოსმოსის უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

„კოსმოსი ის სფეროა, სადაც დაძაბულობა იმატებს. ეს სტრატეგიული სივრცეა, რომელიც აუცილებლად უნდა დავიცვათ. ცოტა ხნის წინ ვნახეთ, რა მოხდა, როდესაც ორბიტაზე ნამსხვრევები მიმოიფანტა. ეს ჩვენს თანამგზავრულ სისტემებს საფრთხეს უქმნის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის თანამგზავრები, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრებისთვისაა მნიშვნელოვანი, საუბარი მაქვს გალილეოზე და კოპერნიკზე”, — აცხადებს ევროკომისარი შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონი.

ყოველწლიურად კოსმოსში მრავალ თანამგზავრს უშვებენ. 2021 წელს ჩინეთი კვირაში საშუალოდ ერთ თანამგზავრს გზავნიდა. შესაბამისად, კოსმოსური ტრანსპორტის მოწესრიგება მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან შეჯახებების რისკი ყოველთვის არსებობს. ნამსხვრევები კი სხვა თანამგზავრებს დიდ საფრთხეს უქმნის.

კოსმოსური სისტემების დაკარგვას ჩვენს ყოველდღიურობაზე დიდი გავლენა ექნება. მაგალითად, სმარტფონები და მობილური აპლიკაციები ფუნქციონირებისთვის ყოველდღიურად მრავალ თანამგზავრს იყენებენ.

„წარმოიდგინეთ, ერთი დღით რომ თანამგზავრები გაითიშოს. ეს კატასტროფა იქნება. ამინდის პროგნოზი გაფუჭდება, კარგი, ეს დიდი პრობლემა არაა, წვიმასა და მზეში გადავრჩებით, მაგრამ ამას ეკონომიკაზე დიდი გავლენა ექნება. ამინდის პროგნოზის დახმარებით ევროპის ეკონომიკა დამატებით 61 მილიარდ ევროს გამოიმუშავებს. ნავიგაცია? თუ სანავიგაციო თანამგზავრებს გავთიშავთ, ძალიან გაგვიჭირდება. ტელეკომუნიკაცია? საფონდო ბირჟები? დღეს ყველაფერი თანამგზავრებზეა დამოკიდებული“, — აცხადებს ევროპული კოსმოსური სააგენტოს დირექტორი ჯოზეფ აშბაქერი.

ამ რისკების საპასუხოდ და ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის, ევროკომისია კოსმოსური მიმოსვლის რეგულირების გეგმას მომდევნო თვეში წარადგენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend